1geo

fb you od

სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, სომხეთის პირველი რესპუბლიკისა და მაისის საგმირო ბრძოლების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი, ენციკლიკა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სტატიები
დაწერილია Administrator-ის მიერ   
ორშაბათი, 12 თებერვალი 2018 09:26

A2ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მსახური გარეგინ მეორე, ღვთის წყალობით და ერის ნებით ეპისკოპოსთმთავარი და სრულიად სომეხთა კათოლიკოსი, პატრიარქი არარატის სამოციქულო მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინისა,

ქრისტიანული სიყვარულით ესალმება და ლოცავს

კილიკიის დიდი სახლის კათოლიკოსატს,

წმიდა იერუსალიმის და კონსტანტინეპოლის სომეხთა საპატრიარქოს,

არქიეპისკოპოსებს, ეპისკოპოსებს, არქიმანდრიტებს, მღვდლებს და დიაკვნებს, საეპარქიო ქტიტორთა კრებებს, საეპარქიო და სათვისტომოს საბჭოებს და მოსამსახურეებს და საყვარელ სრულიად მორწმუნე სომეხ ხალხს!

„და ესაა გამარჯვება, რომ ქვეყანასა ზედა გაიმარჯვებს ჩვენი რწმენა“.

მადლიერება და დიდება უფალს, რომ ჩვენი ერი სომხეთსა და არცახში აღდგენილი სახელმწიფოებრიობით და მსოფლიოში გაფანტული სომხური დიასპორის ეროვნული ცხოვრების მიღწევებით ხვდება სომხეთის პირველი რესპუბლიკის და მაისის ბრძოლების მე-100 წლისთავს. ამ მნიშვნელოვანი მოვლენების ერთსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, პატრიარქალური სიტყვით მივმართავთ ჩვენს საყვარელ ერს, სამოციქულო მცნებით „და ესაა გამარჯვება, რომ ქვეყანასა ზედა გაიმარჯვებს ჩვენი რწმენა“.

ერთი საუკუნის წინ ჩვენი ხალხი აღმოჩნდა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. ოსმალეთის თურქეთმა გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ქაოსური მდგომარეობა, განახორციელა თავისი გენოციდალური, სომხების განადგურების პროგრამა. დასავლეთ სომხეთი და თურქეთში სომხური დასახლებები გაანადგურეს და სომხებისგან დაცალეს, თურქეთის ჯარი შეიჭრა აღმოსავლეთ სომხეთშიც, რითაც საფრთხე შეექმნა ჩვენს არსებობას.

ამ საბედისწერო მომენტში უფლის იმედით, ჩვენმა ხალხმა სარდარაპატში, აპარანსა და ღარაქილისაში მტრის წინააღმდეგ ერთსულოვნად შექმნა ერთიანი ფრონტი. კონსოლიდაციის წამახალისებელი და მამოტივირებელი გახდა გევორგ მეხუთე სრულიად სომეხთა კათოლიკოსის მოწოდება, რომელმაც ხალხის გულში გააღვივა გამარჯვების სულისკვეთება და გადაკეტა პანიკისა და უკან დახევის გზა. ზურგს უკან ჩვენი სამშობლოს პატარა რელიქვია იყო, ქრისტიანული წმინდა ეჯმიაწინი - ჩვენი რწმენის აკვანი და იდენტობის დასაყრდენი. სომეხთა პატრიარქმა უარი თქვა წმიდა ეჯმიაწინის დატოვებაზე და გამამხნევებელი მოწოდებით მიმართა ხალხს: „ყოველთვის მჯეროდა ჩემი ხალხის სულისკვეთების. მე ვიცი მისი განვლილი გზა. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემმა ერმა ჯერ არ უთხრა თავისი უკანასკნელი სიტყვა ვერაგ მტერს. და ეგ სიტყვა უნდა იყოს ტრიუმფალური."

ერთ მთლიანობად, ერთ ნებად და ერთ სულად ქცეული ჩვენი ხალხი ფეხზე ადგა სამშობლოს, მისი სიცოცხლის, მისი სიწმინდეების გადასარჩენად, მშობლიურ მიწაზე თავისი თავისუფალი ცხოვრების უფლების დასაცავად. წმინდა ვარდანის და მისი მომხრეების და წმინდა ღევონდიანების მაგალითით, ავარაირის სული აალდა მაისის ბრძოლებში. გამარჯვება მიღწეულ იქნა სომხური მცირერიცხოვანი სამხედრო ქვედანაყოფების, სამხედრო მეთაურების სიმამაცის და პატრიოტიზმის და სასულიერო პირებისა და სახალხო შენაერთების წყალობით. თურქეთის ჯარის წინსვლა შეჩერდა, მათ უკან დაიხიეს.განადგურებას და ხოცვა-ჟლეტას გადარჩა აღმოსავლეთ სომხეთი, და ხუთ ნახევარი საუკუნის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, აღდგა სომხეთის სახელმწიფოებრიობა. გენოციდგადატანილმა ჩვენმა ხალხმა დაადასტურა თავისი აღორძინების ძალა, თავისი სულის სიცოცხლისუნარიანობა და რწმენის ძალა, გასაჭირს, ტკივილსა და ტანჯვაში გამარჯვების ქმნით. ღვთისადმი რწმენამ, პატრიოტიზმმა და ერთგულების გმირულმა სულისკვეთებამ გააერთიანა და დაიცვა ჩვენი ხალხი, რომ უმაღლესი ძალისხმევით, სომხური სახელმწიფოებრიობის მფარველობით სამშობლოსა და დიასპორაში ააღორძინა თავისი ცხოვრება და აღმავალი გზით დაიწყო სიარული.

დღეს, ძვირფასო სომეხო ხალხო, 100 წლისთავის იუბილეზე, ჩვენი მისწრაფებაა - დავრჩეთ ერთგულნი ჩვენი ეროვნული ოცნებებისა, ჩვენი მშობლიური სახელმწიფოებრიობის ძლიერად შენარჩუნებითა და სამშობლოთი კონსოლიდირებულნი. ეს მნიშვნელოვანი იუბილე ასევე ახალი მისწრაფებაა რწმენით აღსავსე სულით და ერთგული საქმიანობით ავაშენოთ, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა და ეროვნული ცხოვრება, გავაგრძელოთ თანმიმდევრული ძალისხმევა არცახის პრობლემის მოწესრიგების, ჩვენი არმიის გაძლიერებისთვის, რათა მშვიდობა უშფოთველი იყოს ჩვენი სამშობლოს საზღვრებზე. 100 წლის იუბილეს მოაქვს მოწოდება მთელი ერის ერთიანობის, სამშობლო-დიასპორა კავშირების ეფექტურად გამოყენების, ჩვენს ეკლესიაშიც ერთიანობის განმტკიცების.

საყვარელო მორწმუნე ხალხო ჩვენო, თითოეულმა ჩვენგანმა მსახურებაში, ჩვენი სიცოცხლის მანძილზე, ვიხელმძღვანელოთ რა ჩვენი ქრისტიანული რწმენის, ერისა და სამშობლოს მსახურებაში ყოფნის შეგნებით, უნდა შევძლოთ დანაკარგების გარეშე და გამარჯვებიდან გამარჯვებამდე სვლა. სახელმწიფოებრიობა ერის ორგანიზების საფუძველია, პროგრესის გზა, თავისი ღირებულებებით ცხოვრების, თავისი სულიერი პოტენციალის დემონსტრირების საყრდენი, თავისი მისწრაფებების განხორციელების და უფლებების დაცვის საყრდენი და ერის ხანგამძლეობის გარანტი. ნუ დავივიწყებთ ჩვენს გაღებულ მსხვერპლს და განცდილ ტანჯვას, ვიყოთ ერთმანეთის მხარდამჭერნი, ვაშენოთ კეთილდღეობით და სიხარულით აღსავსე ხვალინდელი დღე. გავიხსენოთ ჩვენი ეკლესიისა და სამშობლოსთვის თავგანწირული ჩვენი მამები და რწმენისა და სამშობლოს სიყვარულში ჩვენც აღვემატოთ ჩვენს თავს, რათა დღესაც ჩვენი ეროვნული და სამამულო ცხოვრების წინაშე წამოჭრილი სიძნელეებსა და პრობლემებზე ჩვენი გაცემული პასუხი იყოს ტრიუმფალური. ჩვენი ურყევი რწმენა და სამშობლოს სიყვარული გაგვიძღვეს, რათა რეალობად ვაქციოთ არარატის კალთებზე ერთიანი სამშობლოს, წმინდა ეკლესიის და ეროვნული აღორძინების ჩვენი ხედვა. „და ესაა გამარჯვება, რომ ქვეყანასა ზედა გაიმარჯვებს ჩვენი რწმენა“ .

მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინიდან - სრულიად სომეხთა სანუკვარი წმინდა აკვნიდან, ჩვენი პატრიარქალური მოწოდებით მივმართავთ ჩვენს საყვარელ ხალხს, ჩვენი ეკლესიის ეპარქიალურ, სათვისტომო ორგანოებს, ეროვნულ, სამეცნიერო, საგანმანათლებლო კულტურულ დაწესებულებებს, სხვადასხვა ღონისძიებებით აღვნიშნოთ საიუბილეო თარიღი, ვაქციოთ პატრიოტიზმის სულისკვეთების, სამოქალაქო ცნობიერების და ვალდებულების სიფხიზლის, ერის და ეკლესიის ერთიანობის ძალად და სიძლიერედ, რწმენის განახლების და სამშობლოს შენების და ერის აღმშენებლობის საქმეების წამახალისებლად.

ვლოცულობთ, რომ უფალმა ჩვენმა დაიცვას ჩვენი ხალხი სუფთა რწმენით და დალოცოს ჩვენი ერის ძალისხმევა, ჩვენი სანუკვარი სამშობლოს გაძლიერების, ჩვენი წმინდა ეკლესიის გაბრწყინების და ჩვენი კეთილდღეობით სავსე, ნათელი და ბედნიერი მომავლის სიყვარულით. დაე ღვთის წყალობით და მადლით ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა, მთელმა მსოფლიომ იცხოვროს მშვიდობაში და მარად. ამენ.

ლოცვა-კურთხევით,

გარეგინ მეორე,

სრულიად სომეხთა კათოლიკოსი

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 21 თებერვალი 2018 09:42