რქიმანდრიტი გარეგინ ჰოვსეფიანცი
1900-1901 (წინამძღვარობის წლები). არქიმანდრიტი გარეგინ ჰოვსეფიანცი (სსე, ტ. 6). კულტურის სომეხი მოღვაწე, პედაგოგი, არმენოლოგი, სომხეთის მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერ წევრი (1921), ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი (1897 წ. ლეიპციგი), მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილებისა და პეტერბურგის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902).
დაიბადა ყარაბახის მარტაკერტის რაიონის სოფელ მაღავუზში, 1867 წლის 17 დეკემბერს. სწავლობდა ეჯმიაწინის გევორგიან სემინარიაში და დაამთავრა 1890 წელს. უმაღლესი განათლება მიიღო ბერლინის, ჰალეს, ლეიპციგის უნივერსიტეტებში (1892-1896 წწ.) 1897 წელს ლექციებს კითხულობდა გევორგიან სემინარიაში, შემდეგ დაინიშნა ამავე სემინარიის ინსპექტორად 1905, 1906, 1915-1917 წწ. 1897 წელს ბერად აღიკვეცა, იმავე წელს მიიღო არქიმანდრიტის ხარისხი. 1900-1901 წწ. საქართველოში სომეხთა ეპარქიის ეპარქიალური ვიკარიუსია, მთავარეპისკოპოს სურენიანცის წინამძღვარობის პერიოდში. მსახურობდა ეჯმიაწინის წმინდა ჰრიფსიმე მონასტერში მღდელმონაზვნად. 1907-1908 და 1915-1917 წწ. დაინიშნა ჟურნალ "არარატის" რედაქტორად. 1917 წელს ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად. 1918 წ. მონაწილეობდა სარდარაპატის ბრძოლაში.
ერევნის უნივერსიტეტში ასწავლიდა ხელოვნების ისტორიასა და არქეოლოგიას. ალ.თამანიანთან ერთად მონაწილეობდა სომხეთის ძეგლთა დაცვის კომიტეტის შექმნაში. 1925 წელს მიიღო არქიეპისკოპოსობის პატივი. 1927-1933 წწ. იყო ყირიმის და ახალი ნახიჩევანის, 1938-1943 წწ. კი - ამერიკის შეერთებული შტატების სომეხთა ეპარქიების წინამღვარი. 1943 წელს აირჩიეს კილიკიის კათოლიკოსად. გარდაიცვალა 1952 წლის 21 ივნისს, ანტილიასში (ლიბანი).
გამოჩენილი კეთილისმყოფელისაგან დაგვრჩა უამრავი ღირებული სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც განსაკუთრებით ეხება არქეოლოგიას, სომხურ კულტურასა და ხელოვნებას. აქვს მრავალი გამოუქვეყნებელი ნაშრომი.