სომხური დასახლებები საქართველოში
პროფ. ა. გ. აბრაჰამიანი
სომეხმა მოსახლეობამ როდის დაიწყო მიგრაცია საქართველოსკენ, და როდის დაარსდა სომხური კოლონიები, ძნელია ამაზე გარკვეული პასუხის გაცემა. ფილოლოგ ა.სარუხანს მიაჩნია, რომ საქართველოში სომხური დასახლებები არსებობდა ჯერ კიდევ არტაშესიანების პერიოდში, ანუ II-I საუკუნეებში (ძვ.წ.) (ა.სარუხანიანი, საქართველო და სომხები, ვენა, 1939, გვ 17). ქართველოლოგ პროფ. ა.ხახანოვს მიაჩნია, რომ საქართველოსკენ სომეხთა მიგრაციის დასაწყისი შეიძლება ჩაითვალოს V საუკუნის პირველი ნახევარი ("ჟოურნალ Aსიატიქუე", 1898, II, გვ 337-344).
საქართველოში არტაშესიანთა პერიოდში სომეხთა მიგრაციის შესახებ ჩვენთვის არაფერია ცნობილი. საიდან აიღო ფილოლოგმა სარუხანმა ეს ცნობა, არ არის ცნობილი. ჩვენთვის უცნობია ასევე ფაქტები, რომ სომეხთა მიგრაცია საქართველოში V საუკუნეში დაიწყო, როგორც ამტკიცებს ა.ხახანოვი.
საქართველოში დაფუძნებული პირველი მცირე დასახლების შესახებ ჩვენი ინფორმაცია მიეკუთვნება VI საუკუნის ბოლოსა და VII საუკუნის დასაწყისს. X საუკუნის ისტორიკოსი უხტანესი, საუბრობს რა VII საუკუნის დასაწყისში სომხურ-ქართული ეკლესიების გაყოფის შესახებ, დასამოწმებლად მოჰყავს მთელი რიგი დოკუმენტური მასალა, რომელთა თანახმად ცურტავში არსებობდა პატარა სომხური კოლონია. უხტანესს მოჰყავს ვრთანეს ქერთოღის ერთი წერილი ცურტავის მამებისადმი: „ვრთანეს ქერთოღის წერილი ცურტავის სომხურენოვან ქვეყანას, მოვსეს ეპისკოპოსისადმი თხოვნით რწმენის დამყარებისათვის“ და ცურტავის სომხური სათვისტომოს საპასუხო წერილი: „ვრთანესის წერილის პასუხი ცურტავის სომხურენოვანი ქვეყნისა“ (ეპისკოპოსი უხტანესი, სომხეთის ისტორია, ვაღარშაპატი, 1871, ნაწილი II, გვ 32-33).
საერთოდ, VII საუკუნის დასაწყისამდე, სომეხ და ქართველ კლერიკალთა შორის სასულიერო საკითხების გარშემო გაჩენილ რელიგიურ სქოლასტიკურ და მავნე დავებამდე, სომხურ და ქართულ საზოგადოებებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობდა, როგორც თავის ერთ-ერთ წერილში აღნიშნავს კირიონ კათოლიკოსი: "სომხებს და ქართველებს ერთიანობა ჰქონდათ“ (უხტანესი, სომხეთის ისტორია, ნაწილი II, 89).
საქართველოში სომხური ერთ-ერთი უძველესი თემი იყო ქალაქ თბილისში. ზოგიერთი ქართველოლოგი მიიჩნევს, რომ თბილისის ტაფთაღ უბანში სურბ გევორგ სახელწოდებით კათოლიკური უძველესი ეკლესია აგებულია სომხურ 80 წელს, ანუ ჩვენი დღევანდელი წელთაღრიცხვის 631 წელს (ს. ავჩიანი, თბილისის მეიდანის სურბ გევორგ კათოლიკური უძველესი სურბ ასტვაწაწინ ან ციხის დიდი ეკლესია). მომდევნო საუკუნეებში ეს ტაძარი დაინგრა, და 1251 წელს ის კვლავ ააშენა ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვაჭარმა უმეკმა (იხ. „ეჯმიაწინი“, 1959 წ., N 2, გვ. 49). VII საუკუნეში თბილისში სომხური ეკლესიის არსებობა თავისთავად ადასტურებს მის გარშემო ერთიანი სათვისტომოს არსებობას.
სომხური მოსახლეობის პირველი მასობრივი მიგრაცია საქართველოსკენ, უძველესი ცნობების თანახმად, მოხდა 703 წელს. ისტორიკოსი ღევონდი, რომელიც აღწერს არაბების მიერ სომეხთა შევიწროებას, 703 წელს დაწყებულ აჯანყებას და ვანანდის სოფელ დრაშპეტთან მომხდარ ბრძოლას, სადაც სომხურ- ბიზანტიურმა არმიამ მარცხი განიცადა სახალიფოს ჯარისაგან, გვაცნობებს, რომ ამ ბრძოლის შემდეგ ტაიქის მთავარმა სმბატ ბაგრატუნიმ მიმართა ბიზანტიის სამეფო კარს და მისი თანხმობით (საქართველო იმ დროს წესით ბიზანტიის ბატონობის ქვეშ იმყოფებოდა), მისი ოჯახითა და მიმდევრებითურთ გადავიდა ქალაქ ფოთში. ეს შემოხიზნულები, ცნობების თანახმად, დიდი ხნით არ მკვიდრდებიან ამ ტერიტორიაზე და ბრუნდებიან სომხეთში.
სომეხი მოსახლეობის შემდეგი უმსხვილესი გადმოსახლება საქართველოში მოხდა 774 წელს. ამის შესახებ ცნობას კვლავ ისტორიკოსი ღევონდი გვაწვდის. იგი ყვება, რომ აღნიშნულ წელიწადს სომეხი პატრიოტები, არტავაზდ მამიკონიანის ხელმძღვანელობით, აჯანყდნენ არაბთა ხალიფათის წინააღმდეგ, შირაკის სოფელ კუმაირიში მოკლეს არაბი ხარკის ამკრეფელი და ვინაიდან ვერ შეძლეს არაბთა ორგანიზებულ და ძლიერი ძალების წინააღმდეგ ბრძოლა, გაიქცნენ და თავი შეაფარეს საქართველოს. სომეხი გადმოსახლებულები საქართველოში მიიღეს განსაკუთრებული თავაზიანობით, არტავაზდ მამიკონიანს მბრძანებლობისა და მართვის უფლებაც კი უბოძეს.
მომდევნო - 775 წელს, როდესაც სომეხ პატრიოტთა ძალები არშეჭში კვლავ შეეტაკა სომხეთში გამოგზავნილ ახალ არაბ სადამსჯელო სამხედრო ძალას და დამარცხდა, სომეხი მებრძოლი ჯარის ერთი ნაწილი კვლავ გადავიდა და თავი შეაფარა საქართველოს. სხვათა შორის, საქართველოში გადასულ სომეხ სამხედროებს შორის იყო აშოტ ბაგრატუნი, გონივრული და შორსმჭვრეტელი პიროვნება, რომელმაც შეძლო ტაო-კლარჯეთში დამოუკიდებელი სამთავროს შექმნა - დედაქალაქით არტანუშ. ამ აშოტისაგან იწყება ქართულ ბაგრატიონთა დინასტია, რომელიც მართავდა IX საუკუნის დასაწყისიდან XIX საუკუნემდე.
ერთ-ერთი არაბი ისტორიკოსი - ტაბარი, მნიშვნელოვან ცნობას გადმოგვცემს თბილისში არაბთა სახალიფოს სადამსჯელო სამხედრო ძალების წინააღმდეგ სომხების და ქართველების ერთობლივი ბრძოლის შესახებ. 851-853 წლებში, როგორც ცნობილია, საქართველოსა და სომხეთში იწყება დიდი აჯანყება სახალიფოს წინააღმდეგ. აჯანყებულები ანადგურებენ ამიერკავკასიაში არაბთა ყველა გარნიზონს, და მათ განდევნიან ქვეყნიდან. აჯანყების ჩასახშობად ამიერკავკასიაში გზავნიან არაბთა დიდ ჯარს - სისხლმოწყურებული ბუღას მეთაურობით. ბუღამ სისხლში ჩაახშო სომხური დაქსაქსული ძალები, 853 წელს დაიძრა საქართველოსკენ და ალყაში
მოაქცია ქალაქი თბილისი. ტაბარის ცნობიდან ჩანს, რომ თბილისის მცველთა შორის იყვნენ ასევე ხუთები: "ეს ქალაქი (ანუ, თბილისი), - წერს ის, ააშენა მეფე ანუშირვანმა, ისააკმა კი გაამაგრა, მის გარშემო თხრილები გაათხრევინა და ქალაქში ჩასვა ხუთები და გვარდიის ჯარები. ბუღამ მაცხოვრებლებს შენდობა მისცა იმ პირობით, რომ მათ იარაღი დაყარონ და წავიდნენ საითაც სურთ“ (არაბი ისტორიკოსები სომხეთის შესახებ, შეკრიბა და თარგმნა ბ. ხალათიანცმა, ვენა, 1919, გვ 100). როგორ ავხსნათ მამაცი ხუთების ყოფნა თბილისში 853 წელს. ეს ორგვარად შეიძლება აიხსნას, როგორც სცადა ამის გაკეთება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ვ.ნალბანდიანმა, ერთი ახსნა ისაა, რომ ტარონის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ხუთები, დევნის თავიდან ასაცილებლად, აქ ჩამოვიდნენ, ან - თბილისის ამირა საჰაკმა, გაიგო რა ხუთების გამბედაობის შესახებ, თვითონ მოიწვია ისინი - ქალაქის დაცვის სანდოობის მიზნით (ვ.ს. ნალბანდიანი: თბილისი სომხურ ისტორიულ ჟამთააღმწერლობაში, ერევანი, 1958, გვ. 63). ყველა შემთხვევაში, ზემომოყვანილი მოწმობა გვიჩვენებს, რომ სომეხი და ქართველი ხალხის მამაცი შვილები მტრის წინააღმდეგ იბრძოდნენ ერთობლივად და ერთად ღვრიდნენ სისხლს თბილისის დასაცავად.
სომხური მოსახლეობის მიგრაცია საქართველოსკენ მასობრივ ხასიათს იღებს განსაკუთრებით ბაგრატუნიანთა დინასტიის დაცემისა და დედაქალაქ ანის ბიზანტიელთა მიერ დაპყრობის შემდეგ. საქართველო ჯერ არ იყო უცხო ქვეყნის ბატონობის ქვეშ, მაშასადამე სომეხი მოსახლეობის ზოგიერთი ფენის წარმომადგენლები იქ პოულბდნენ თავშესაფარს. იზრდება სომხური გადმოსახლებულების დასახლებები კერძოდ დმანისში, შამშოლდენსა და თბილისში. სომხური პატრიოტი რაიონები ახლა განმათავისუფლებელ იმედებს აკავშირებენ ქართველ ბაგრატიონებთან - მათი მეშვეობით სომხეთის გათავისუფლების იმედი აქვთ. ჩნდება ახალი პოლიტიკური იდეოლოგია - სომხეთის გათავისუფლება ქართველ ბაგრატიონთა მეთაურობით (ა.ჰოვანისიანი , ეპიზოდები სომხური განმათავისუფლებელი აზრის ისტორიისა, პირველი წიგნი, ერევანი, 1957, გვ 141).
XII საუკუნის ისტორიკოსი მათევოს ურჰაეცის გადმოცემული ცნობებიდან ჩანს, რომ ქართველი მეფის - დავით აღმაშენებლის გარშემო იწყებს შეგროვებას სომხური გაფანტული სამხედრო ძალა, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს სელჯუკებისაგან ამიერკავკასიის გათავისუფლების საქმეში.
დავით აღმაშენებლის მომდევნო ქართველ მეფეთა მეფობის პერიოდში ქართულ ჯარში ჯერ კიდევ არსებობს სომხური სამხედრო შენაერთები, რომლებიც ქართველებთან ერთად იბრძოდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ. ამით შეიძლება აიხსნას ის განსაკუთრებული კეთილგანწყობა, რომელიც ჰქონდა ქართულ სამეფო კარს სომეხი ჩამოსახლებულების მიმართ. ურჰაეცი საუბრობს რა დავით აღმაშენებელზე, აღნიშნავს, რომ სომეხ ჩამოსახლებულთათვის ააშენებინა სპეციალური ქალაქი: "ამან, წერს მთხრობელი, მიიღო სომხები და უყვარდა ისინი, საქართველოში სომეხთათვის ქალაქი ააშენა, ქალაქს დაარქვა გორა (გორი) და დიდი სიხარულით ეპყრობოდა ყველა სომეხს“ (ურჰაეცი, გვ.356).
XII საუკუნის სამოცდაათიან წლებში იმდენმა სომეხმა მოიყარა თავი საქართველოში, რომ საჭირო გახდა სომხური ეკლესიის მიმდევარ მორწმუნეთა ეპარქიის დაარსება, ეპარქიის წინამძღვრისათვის ცენტრად აირჩიეს ქალაქი თბილისი. XII საუკუნეში სომეხთა ეპარქიის წინამძღვართაგან თბილისის სომხური ეპარქიის ქრონოლოგიაში ცნობები არის ეპისკოპოს ბარსეღის შესახებ, რომელმაც 1179 წელს მონაწილეობა მიიღო რომკლაშო მიწვეულ ეროვნულ საეკლესიო კრებაში. იგი იყო კარგი რეპუტაციის მქონე პიროვნება და საეკლესიო კრების მონაწილეთა შორის ხალხის წარგზავნილების სიაში მოიხსენიება მეშვიდე ადგილზე, „ქართული სატახტო ქალაქიდან - თბილისიდან“ (მ. ჩამჩიანი, „სომხეთის ისტორია“, ტ. 3, გვ. 132). სომხურ ჟამთააღმწერლობაში არის ცნობები თბილისის სომხური ეპარქიის სხვა ეპისკოპოსების შესახებაც (ანანია, ჰოვანესი და სხვები).
საქართველოს მეფის - გიორგი III-ის მეფობის დროს გრძელდება საქართველოში მცხოვრები სომხების მიმართ კეთილი ნების გამოვლინება. ურჰაეცის გადმოცემული ერთი ცნობიდან ჩანს, რომ მეფე გიორგი სომხების სურვილის შესასრულებლად 1162 წელს თავს ესხმის შაჰარმენებს და ათავისუფლებს ქალაქ ანის მათი ბატონობისაგან. შემდეგ, წერს ისტორიკოსი, მეფე გიორგი, 40000 დაჰეკან თანხას გამოყოფს ანიდან ტყვედ აყვანილი მოსახლეობის გამოსასყიდად (მ. ურჰაეცი, გვ. 427).
იმის წარმოსადგენად, თუ როგორი დამოკიდებულება იყო ქართულ სამეფო კარზე სომეხთა მიმართ, კერძოდ, ომში გამორჩეულ სომეხ ჯარისკაცების მიმართ, საკმარისია იმ უფლებების გახსენება, რომ ქართულმა სამეფო კარმა უბოძა ორ სომეხ მთავარს - ძმებს ზაქარესა და ივანეს. თამარ მეფის დროს პირველს ეკავა ამირსპასალარის მაღალი თანამდებობა, ივანეს კი - ათაბაგის.
ქართული სამეფო კარის ეს ორი სომეხი მაღალი თანამდებობის პირი ძალისხმევას არ იშურებდა აღმოსავლეთი სომხეთის სელჯუკებისგან გასათავისუფლებლად. ისტორიკოსების გადმოცემული ცნობების თანახმად, მათ შეძლეს უცხოური ბატონობისაგან გაეთავისუფლათ ანი, დვინი ვაღარშაპატი, კაღზვანი, ამბერდი, კარსი, გარნი და სხვა რეგიონები და ქალაქები.
სომეხი და ქართველი ისტორიკოსები განსაკუთრებული საქები სიტყვებით საუბრობენ ზაქარე და ივანე ძმების მოღვაწეობის შესახებ, როგორც გამოჩენილი და პოპულარული მოღვაწეების შესახებ. თამარ მეფის ისტორიკოსის - ბასილის თანახმად, ზაქარე და ივანე "... იყვნენ ბრძენი, მამაცი, ასევე გამოცდილი და ერთგული " (¦(Басили, историк царицы Тамары «Памятники эпохы Руставели», გვ. 48). თამარ მეფის მეფობის წლებში ქართულ-სომხური ერთობლივი არმიის მტერზე ერთ-ერთი გამორჩეული გამარჯვება იყო სულთან რუქნ ად-დინის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება, რომელიც მოხდა ბასენის ბრძოლის დროს. ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს მუშის ცნობილი "ჭარინტირი“ (გ. კ .ჰოვსეფიანი, ჰიშატაკარანქ ძერაგრაც, ტ. 1 ანტილიასი, 1951, გვ. 712). თანამედროვე მემატიანის ცნობებიდან ჩანს, რომ რუქნ ად-დინი უზარმაზარი არმიით თავს დაესხა ამიერკავკასიას. მის წინააღმდეგ გამოვიდა ქართულ- სომხური ჯარი, ზაქარესა და ივანეს ხელმძღვანელობით, ალყაში მოაქცია მტერი და დაამარცხა. ისინი დიდი სამხედრო ნადავლით და ტყვეებით დაბრუნდნენ. ამ გამარჯვებას უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა ამიერკავკასიისათვის. მტერი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ზედმეტია ამიერკავკასიის კვლავ დაპყრობის და იქ მათი ძალაუფლების დამყარების ძალისხმევა.
გარეშე მტრის წინააღმდეგ სომეხი და ქართველი ხალხის ერთობლივი ბრძოლის ყურადსაღები ფაქტია არდავილის სულთანთან მომხდარი ინციდენტი, რომლის მოკლე შინაარსი შემდეგია: 1207 წელს არდავინის სულთანი მალულად თავს ესხმის ქალაქ ანის, ანადგურებს და უზარმაზარი ნადავლითა და ტყვეებით ბრუნდება. როცა ამას იგებენ ივანე და ზაქარე, მაშინვე სომხურ-ქართველი ჯარით ილაშქრებენ არ-დავალზე, ანადგურებენ სულთანს და აბრუნებენ ნადავლსა და ტყვეებს.
აკადემიკოსი ნ.მარი, ქართველი ისტორიკოსის გადმოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ შემთხვევაზე შემდეგ დასკვნას აკეთებს: "ქართველი მემატიანის მოყვანილი მაგალითი არ არის იშვიათი შემთხვევა, რომელშიც გადმოიცემა სომხურ-ქართული ეროვნული ელემენტების სოლიდარობა, მათი ერთობლივი ბრძოლა, როგორც სომეხი და ქართველი ხალხის დიდების ნიშანი. თამარის მეფობის პერიოდში ზაქარე და ივანე არ იყვნენ ერთადერთი მთავრები, რომლებიც ბრწყინვალე ლაშქრობებით ცნობილნი იყვნენ ქართველი ხალხის ისტორიაში ... ძნელბედობის ჟამს იარაღით იცავდნენ მათ საერთო ინტერესებს. მათი ურთიერთგაგებით სომეხი და ქართველი ეს მოღვაწეები მხოლოდ კავკასიის საუკეთესო ტრადიციებს აგრძელებენ. თამარის მეფობამდე 150 წლის წინ სომეხი მხედართმთავარი ვაჰრამ პაჰლავუნის სამხედრო წარმატებების შესახებ ქართული ჯარი სიმღერებს მღეროდა როგორც ნახევრად ღმერთის წარმატებებზე“ (Н.Я.Марр, Ани, Л.-М., 1934, , გვერდი 40).
სომეხი მოსახლეობის გადმოსახლება საქართველოში პერიოდულად გრძელდება მონღოლთა მიერ სომხეთის დაპყრობის და მძიმე საგადასახადო რეჟიმის დაწესების შემდეგაც. საქართველოში შეკრებილი სომეხი მოსახლეობა კვლავ სამშობლოს განთავისუფლების იმედს აკავშირებს ქართველ ბაგრატიონებთან. სომხურ ჟამთაღწერაში ხშირად გვხვდება, რომ საქართველოს ამა თუ იმ მეფეს მოიხსენიებენ არა მხოლოდ ქართველთა მეფედ, არამედ სომხეთის მეფედაც, ასე მაგალითად, ავანში აღმოჩენილ ერთ წარწერაში საქართველოს მეფე დემეტრე (1270-1285 წწ.) ნახსენებია "ქართველთა და სომეხთა" მეფედ (კ. ღაფადარიანი, ავანის ორენოვანი კრიპტოგრაფიული წარწერა, ერევანი, 1945, გვ 20). 1323 წ. გლაძორში დაწერილ ერთ დღიურში საქართველოს მეფე გიორგი ასევე მოხსენიებულია "საქართველოსა და სომხეთის მეფედ" (სსწ, ხელნაწ. N 6289, გვ. 283 ა-ბ). 1417 წ. დაწერილი ერთი ხელნაწერის სამახსოვრო ჩანაწერი, აფიქსირებს რა მეფე გიორგის გარდაცვალებას, მწუხარებით აღნიშნავს, რომ ეს დანაკარგი ძალზედ სამწუხაროა ასევე სომეხი ხალხისთვის ((სსწ, ხელნაწ. N 8689 გვ. 17 ბ). თოვმა მეწოფეცი საქართველოში 1440 წლის შემოსევების დროს ჯჰან შაჰის სისასტიკის შესახებ საუბრისას, ასევე აღნიშნავს, რომ ქართველმა მთავრებმა ვერ შეძლეს სამშობლოს დაცვა. ამასთან დაკავშირებით მემატიანე აღწერს იმ მწუხარებას, რომელიც განიცადეს სომხებმა, საქართველოს აოხრების დანახვით (თოვმა მეწოფეცი, ისტორია ლენკ თემურისა, პარიზი, 1860, გვ 123).
საქართველოს სომხური კოლონია იძლეოდა არა მხოლოდ კარგ ჯარისკაცებს, არამედ სომხური დამწერლობის მნიშველოვან კერებს, სადაც ხდებოდა სომხური ხელნაწერების გადაწერა, მინიატურებით გაფორმება, იწერობოდა ორიგინალური ნამუშევრები, ხდებოდა თარგმანები, მათი ძალისხმევით დაკარგვას გადაურჩა სომხური ლიტერატურის უამრავი ნაშრომი. ასე მაგალითად, სომხეთის მატენადარანის საკუთრებაა გახუნებული ხელნაწერი, რომელიც თავის დროზე ნაპოვნი იქნა მუღანის თათარებთან „ტყვეობაში“. მძარცველებმა ხელნაწერი თბილისში ჩამოიტანეს გასაყიდად. ქალაქის სომხურ სათვისტომოში იყიდეს ხელნაწერი და აჩუქეს სურბ ქარასნიც ეკლესიას. სომეხმა ცნობილმა მემატიანემ - ვანაკანმა, ხელნაწერის ერთ სუფთა თეთრ გვერდზე აღწერა ხელნაწერის „ტყვეობის“ ამბავი და „გათავისუფლების“ ისტორია. თავისი მონაყოლის სანდოობის მიზნით დასძინა: „მე - ვანაკანმა, საკუთარი ხელით დავწერე ქალაქ თბილისში“ (გ. კ. ჰოვსეფიანი, ჰიშატაკარანქ, გვ. 903).
ზემოაღნიშნული ხელნაწერის ბედი ეწია ასევე ვარდან არეველცის ცნობილ ნაშრომს "სომხეთის ისტორია“. 1265 წელს მემატიანე ვარდანი, ჰულავუ ხანისაგან დაბრუნებისას, ავაზაკებს ჩაუვარდა ხელში და გაიძარცვა. მძარცველები მას ართმევენ ასევე"ისტორიის" ხელნაწერს, რომელიც შემდეგ თბილისში ჩამოაქვთ და ჰყიდიან ადგილობრივ სომხებს, რომლებიც ყიდულობენ „ისტორიას“ და უბრუნებენ ავტორს. ვარდანმა, როცა მიიღო ნამუშევარი, ეპილოგი დაურთო, აუცილებლად მიიჩნია ხელნაწერის ტყვეობის ისტორიის ჩაწერა (ვარდან დიდი, მსოფლიო ისტორია, მოსკოვი, 1861, გვ 231).
საქართველოს სომეხ ემიგრანთა მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება XV-XVII საუკუნეებში, როდესაც საქართველო დაქუცმაცდა პოლიტიკურ პატარა ერთეულებად და მოექცა სპარსეთ-თურქეთის სისხლიანი ბატონობის ქვეშ. საქართველოს სომხურმა მოსახლეობამ სრულად გაიზიარა ის მძიმე ტრაგედია, რომელიც განიცადა ქართველმა ხალხმა უცხოური დამპყრობლების ბატონობის დროს.
XV საუკუნეში საქართველოში მძვინვარებდა სხვადასხვა უბედურება - ხოცვა, ძარცვა, ტყვედ აყვანა, აუტანელი მძიმე გადასახადები, ბავშვების მონად წაყვანა და სხვა. იმ პერიოდის ისტორიკოსები გადმოგვცემენ, რომ აღმოსავლური ბაზრები სავსე იყო ამიერკავკასიიდან წაყვანილი ტყვეებით, რომლებიც გასაყიდად გაჰქონდათ ყველგან. სხვათა შორის, სომხები, როგორც ქართველი ხალხის მეგობრები და გაჭირვებაში მათი გულწრფელი მეგობრები, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენდნენ ქართველი ტყვეების მიმართ: ცდილობდნენ მათთვის გამოსასყიდი გადაეხადათ და გაეთავისუფლებინათ ისინი ტყვეობიდან. თოვმა მეწოფეცი ყვება, რომ 1416 წელს უზუნ ჰასანი, როცა საქართველოში შეიჭრა და დიდი რაოდენობით ტყვე აიყვანა, დაბრუნებისას სომხეთი გაიარა, სომხური მოსახლეობა სახსრებს არ ზოგავდა ქართველი ტყვეების გასათავისუფლებლად, სომეხი ქალები აძლევდნენ "სამკაულებს, მამაკაცები - საქონელს, ზოგი ბატკანს, ზოგი - ხბოს, აძლევდნენ და ყიდულობდნენ“ და როცა დამპყრობლები, რომლებსაც მიჰყავდათ ტყვეები, ხედავენ ტყვეების გათავისუფლების საქმეში სომეხთა გულმოდგინებას, ზრდიან ტყვეთა ფასს. "... და როცა დაინახეს მათი გულმოდგინება, ყოველი ტყვეს ფასი გაზარდეს 10000 დაჰეკანიდან 20000 დაჰეკანამდე ....“ (თოვმა მეწოფეცი, გვ. 78).
საქართველოდან წაყვანილ ტყვეებს შორის ბევრი იყო საქართველოში მცხოვრები სომეხიც. მაგალითად, საქართველოში ჯჰან შაჰის 1440 წლის ლაშქრობების დროს ადგილობრივ მცხოვრებ სომეხთაგან 12,000 ადამიანი დაიხოცა და ტყვედ იქნა აყვანილი. იმავე წელს დაწერილი ერთ-ერთი ხელნაწერის ჩანაწერში ვკითხულობთ: "1440 წელს ჯჰანშაჰ ა-მირზე საქართველოში შეიჭრა, მრავალი სახლი და ეკლესია გაანადგურა, და თორმეტი ათასზე მეტი სომეხი მოკლა და ტყვედ წაიყვანა“ (მღვდელი გ. აღაიანი, სომხეთის ისტორიის კრებული, ტ. X, გვ. 18).
არაქელ დავრიჟეცის ჩანაწერი გვიჩვენებს, რომ შაჰ აბასის მიერ საქართველოდან წაყვანილი ათობით ათასობით ადამიანთა შორის იყვნენ ასევე სომხები, რომლებიც ქართველებთან ერთად დაასახლეს ისპაჰანთან - ფაჰრაჰანის ჭაობებში (არაქელ დავრიჟეცი, სომხეთის ისტორია, გვ 132-133).
1795 წ. აღა-მაჰმად-ხანის საქართველოში შემოსევის დროს ქართველი ხალხის უბედურება გაიზიარეს სომხებმაც. თბილისსა და მის შემოგარენში უამრავი სომეხი იქნა მოკლული ან ტყვედ აყვანილი. ერთ-ერთი ცნობის თანახმად, ამ შემოსევის დროს იქნა მოკლული დიდი სომეხი პოეტი საიათნოვა (იხ. საიათნოვა, გამოც. აკად. წევრ კორესპონდ. მ.ჰასრათიანის, ერევანი, 1963, გვ XXXVI).
უნდა აღინიშნოს, რომ სომხები და ქართველები, ერთი ბედის ეს ორი ერი, მონურად არ დამორჩილებია სპარსეთ-თურქეთის შევიწროებას. ისინი ყოველთვის გმირულად იბრძოდნენ განთავისუფლებისათვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ორი ხალხების განმათავისუფლებელი გეგმები, მათი მისწრაფებები ყოველთვის იმავე გზით მიდიოდა. ცნობილია, რომ 1679 წელს, როდესაც ჰაკობ ჯუღაეცი მიემგზავრა ევროპაში ქრისტიანი ქვეყნების დახმარების სათხოვნელად, გამგზავრებამდე ის წავიდა საქართველოში, მოლაპარაკებები გამართა ქართულ განმათავისუფლებელ რაიონებთან, თავისი გეგმები შეათანხმა მათთან, შემდეგ გაემგზავრა კოსტანტინოპოლში - ევროპაში გადასასავლელად. თუმცა, როგორც ცნობილია, ეგ მოლაპარაკება დასრულდა წარუმატებლად (ლეო, სომხეთის ისტორია, ერევანი, 1946, გვ 347): მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში, როცა ისრაელ ორი მოსკოვში იმყოფება და მოლაპარაკებებს მართავს მეფის კართან, სომხეთის განთავისუფლების საკითხი განიხილება საქართველოსთან, რა გზით შეუძლია რუსულ ჯარს საქართველოში და სომხეთში შესვლა? რა საბრძოლო ძალა შეუძლიათ გამოყონ ადგილობრივებმა და ა.შ.(Г.А. Эзов, Сношения Петра Великого с армянским народом, გვ. 75 და სხვა გვერდები). ცნობილია, რომ 1722 წელს სიუნიქელების თხოვნით, ვახტანგ VI-მ და მისმა ვაჟმა შაჰნავაზმა, სიუნიქის განმათავისუფლებელი მოძრაობის ორგანიზებისათვის მცხეთადან იქ გაგზავნეს დავით-ბეკი, მისი თანამებრძოლებით, რომელთა გმირობა სომეხი ხალხის ისტორიაში ოქროს ასოებით აისახა. 1722 წელს, როდესაც პეტრე დიდმა დაიწყო სპარსეთის ცნობილი ლაშქრობა და დერბენდამდე მიაღწია, წინასწარ მიღწეული შეთანხმების თანახმად, სომხეთის და საქართველოს ჯარები უნდა შეხვედრილიყვნენ შამახიში. იმ დროის ერთ-ერთი ისტორიკოსი ესაი ჰასან ჯალალიანი აღწერს იმ სიხარულსა და ენთუზიაზმს, რომლითაც შთაგონებულნი იყვნენ პეტრეს დასახვედრად გამართული სომხური და ქართული სამხედრო შენაერთები (Г.А. Эзов, Сношения Петра Великого с армянским народом, გვ.336). და რაოდენ დიდი იყო მათი იმედგაცრუება, როდესაც გაირკვა, რომ პეტრე დიდი დერბენტიდან უკან დაბრუნდა (Г.А. Эзов, Сношения Петра Великого с армянским народом, გვ.337).
ამის შედეგად ვახტანგმა დაკარგა ტახტი, და აღმოსავლეთი სომხეთი სასტიკად და აღუწერლად აოხრდა ჯერ თურქების, შემდეგ სპარსელების მიერ და საბოლოოდ, XVIII საუკუნეში ჰოვსეფ ემინს, საქართველოში ჩამოსვლით მხოლოდ ერთი ოცნება ჰქონდა - საქართველოში ჩამოეყალიბებინა სომხებისა და ქართველების ერთი დიდი და კარგად შეიარაღებული არმია და მისი მეშვეობით გაეთავისუფლებინა თავისი სამშობლო (А.З.Иоаннисян,Иосиф Эмин,Ереван,1945,ნაშრონმი). სომხეთის და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევა გათავისუფლებისათვის გაგრძელდა ერეკლეს დროს. სომხური განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელია შაჰამირ სულთანუმ შაჰამირიანი, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა მეფე ერეკლესთან, ყოველგვარად ცდილობდა დაერწმუნებინა ის ეკისრა აღმოსავლეთი სომხეთის გათავისუფლების საპატიო მისია. 1787 წლის 15 ოქტომბერს ერეკლესთვის მიწერილ წერილში შაჰამირიანი მას ურჩევს არა მარტო გაათავისუფლოს სომხეთი, არამედ სპარსეთის ხელისუფლების დაქსაქსული მდგომარეობა გამოიყენოს, დაამხოს ის და ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს. შაჰამირიანს მიაჩნია, რომ ერეკლეს ამისთვის აქვს ყველა სამართლებრივი საფუძველი (სსწ, ხელნაწერი 2949, ფ. 277 ბ). შაჰამირიანის აზრით, გაბატონების შემდეგ მართვა ადვილი იქნება, მხოლოდ თუ ხალხს თავისუფლება მიეცემა და რელიგიურ შემწყნარებლობას გამოიჩენენ. რაც შეეხება დასავლეთ სომხეთს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თუ ერეკლე გააუქმებს ბატონყმობას და ქვეყანაში წესრიგი დამყარდება (სსწ, ხელნაწერი 2949, ფურც. 278), დასავლელი სომხები ნებაყოფლობით მოვლენ და შემოვლენ მის მფარველობაში.
საქართველოში რომელ ადგილებში იყო სომხური დასახლებები? დაახლოებით რამდენი სომეხი ცხოვრობდა იქ? ამის შესახებ, სამწუხაროდ, პირველწყაროები მწირია და გარკვეულ ცნობებს არ იძლევა. გარდა ამისა, შუა საუკუნეებში, სხვადასხვა დროს, იცვლებოდა როგორც მოსახლეობის რაოდენობა, ისე საცხოვრებელი ადგილები.
საქართველოში ყველაზე უმსხვილესი თემი თბილისში იყო. XIII საუკუნის მოგზაური მარკო პოლო, თავის „მოგზაურობაში“ თბილისის აღწერისას, შემდეგ საინტერესო ინფორმაციას გადმოგვცემს მისი მოსახლეობის შესახებ: „ამ ქვეყანაში (ანუ საქართველოში - ა.ა) ერთი მშვენიერი ქალაქი არის - თბილისი, რომელიც გარშემორტყმულია მრავალი გარეუბნებნით და საფორტიფიკაციო ციხე-სიმაგრეებით. მოსახლეობა ქრისტიანული სარწმუნოებისაა, სომხები და ქართველები, არის რამდენიმე სარაკონისელი და მცირე რაოდენობით ებრაელი" (Путишествие Марко Поло, перевод И. Минаева, СПБ, 1873, გვერდი 30). ამ ცნობაში სომხები, როგორც ხედავთ, მოიხსენიებიან როგორც ქალაქის ერთ-ერთი ძირითადი მაცხოვრებლები.
სომხეთის მატენადარანის ერთ-ერთი ხელნაწერის სამახსოვროში მწერალი სთხოვს მკითხველს ახსოვდეს რვა მღვდელი, რომელთაც სახელებით ჩამოთვლის, მაგრამ შეიძლება, რა თქმა უნდა, თბილისში ასევე ყოფილიყვნენ სხვა მღვდლებიც, რომლებიც არ არიან ნახსენები მის მიერ. ეს ჩანაწერები გარკვეულ შესაძლებლობას გვაძლევს სომხური თემის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ გამოთვლები ჩავატაროთ. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ თითოეული მღვდელი ვალდებული იყო ემოძღვრა 150-200 კომლი, მაშინ რვა მღვდელი უნდა ყოფილიყო 1400-დან 1600 კომლის მოძღვარი, თუ ყოველ კომლში საშუალოდ, ჩავთვლით 5 სულს, მაშინ თბილისში იმ პერიოდში იყო 7000-8000 სომეხი.
XVIII საუკუნეში ტურენფორის ცნობით, თბილისის მოსახლეობა შეადგენდა 20,000 ადამიანს, რომელთაგან 12 ათასი სომეხი იყო É (М.Полиетков и Г. Натадзе, Старый Тифлис в известиях современников, თბილისი, 1929, გვ. 30).
სომეხი მოსახლეობის ერთი დიდი სეგმენტი ცხოვრობდა ქალაქ გორში. XVII საუკუნეში სომეხი მოსახლეობის რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ეჯმიაწინმა საჭიროდ მიიჩნია საქართველოში ახალი ეპარქიის შექმნა - ეპარქიალური წინამძღვარის ცენტრით დაბა უფლისციხეში. კათოლიკოს ჰაკობს 1660 მიმართვა აქვს დაწერილი ამ ეპარქიის სომხური თემისთვის: "უფლისციხის წმინდა ნიშნის ნეტარ ეპარქიისა და თემის სომეხ მღვდლებს, დივლათორებს, მამასახლისებს და ხალხს ზოგადად ..." (მღვდელი გ.აღაიანი,( „ტარაზ“ 1919 წ., N 1-12, გვ. 44)). სომხური მოსახლეობის ერთი საკმაოდ დიდი ნაწილი იყო ფოთში. ჯერ XV საუკუნის ერთი ევროპელი ვაჭარი ამბროსიუს კონტარინი ამბობს, რომ 1473-1477 წლის მოგზაურობის დროს საქართველოს ქალაქ ფოთთან დაინახა და ახსოვს ცხრა სომხური სოფელი (ჰ. ჰაკობიანი, სამოგზაურო ჩანაწერები, ერევანი, 1932, გვ. 244). სომეხი მოსახლეობის ერთი დიდი სეგმენტი ცხოვრობდა შამშოლდეშიც. აკადემიკოს ა.ჰოვანისიანის გამოყენებული ერთი წყაროდან ჩანს, რომ შამშოლდეში XV საუკუნეში იყო 20 ათასამდე სომეხი მოსახლეობა (ა. ჰოვანისისანი, ეპიზოდები სომხური განმათავისუფლებელი აზრის ისტორიისა, II წიგნი, გვ. 327) . კათოლიკოსი სიმეონი 1763-1767 წწ. დაწერილ მიმართვებში მოიხსენიებს თბილისს, გორს, კახეთს, ქისეყს და თელავს, როგორც სომხურ კოლონიებს (მღვდელი გ.აღაიანი,( „ტარაზ“ 1919 წ., გვ.164)). მისი შედგენილი ერთი სტატისტიკური ჩამონათვალიდან ჩანს, რომ საქართველოში სომხები ცხოვრობდნენ თბილისში, გორში, სურამში, კრცხულაში, ახალგორში, საირისთაში, ანანოთში, დუშეთში, აინუს ხეობაში, საარსათიანისში, კახეთში, თელავში და ქისეღში.
საქართველოში სომხური დასახლებების შესახებ საუბრისას უნდა აღინიშნოს ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ჰქონდათ მათ სომხურ-ქართულ კულტურათა ურთიერთქმედების სფეროში. საქართველოში დიდი ხანი მცხოვრებმა სომეხმა მემატიანემ ან სომეხმა ოსტატმა ადგილობრივებს გადასცა ის საუკეთესო, რაც მან ჩამოიატანა თავის სამშობლოდან - სომხეთიდან და, პირიქით, ადგილობრივებისაგან აიღო და თავის სამშობლოს გადასცა ის ყველაფერი, რაც მოეწონა მას, რაც მას თავის გულთან ახლოს მიაჩნდა.
სომხურ-ქართული კულტურული კონტაქტების პირველ ეტაპად მიიჩნევა V-VIII საუკუნეები, საკონტაქტო ასპარეზი - ქვემო ქართლი და პალესტინის სომხურ-ქართული კოლონიები. უნდა აღინიშნოს, რომ უცხოეთში მცხოვრები ორი ერის წარმომადგენლები, როგორც იმავე სარწმუნოებისა და ახლო მეზობლები, ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრებით კულტურის სფეროში მნიშვნელოვნად ზემოქმედებდნენ ერთმანეთზე. ამ პერიოდში სომხურ-ქართული მწერლობის ურთიერთგავლენა შესამჩნევია ძირითადად რელიგიური და კანონიკური ლიტერატურის სფეროში. სომხურ- ქართულ კულტურათა დაახლოების პერიოდი იყო მწერლობის მეორე ეტაპი ანუ, როგორც ამბობენ, ტაო-კლარჯეთის პერიოდი, ანუ, როცა ტაო და კლარჯეთი გადადის საქართველოს ბატონობის ქვეშ, და შექმნილ ხელსაყრელ პოლიტიკურ სიტუაციაში აღდგენილიქნა ოდესღაც გახუნებული იშხანის, შატბერდის, მიჯნაძორისა და სხვა მნიშვნელოვანი ცენტრები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ სომხურ-ქართულ ლიტერატურათა მაღალი ხარისხის ნაწარმოებებით განვითარების მიმართულებით. ამ პერიოდში სომხურიდან ქართულზე ითარგმნა სომეხ ისტორიკოსთა ნაშრომებიდან ზოგიერთი თავი და ნაწყვეტი - აგათანგეღოსიდან, მოვსეს ხორენაციდან, ფავსტოს ბიუზანდისა და სხვა ავტორების ნაწარმოებებიდან. ქართულიდან სომხურზე ითარგმნა ეპიფანე კიპრელის, გრიგორ ნიუსელის ნაშრომები, ასევე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები, რომლებიც თავმოყრილია ცალკე კრებულში (ლ. მელიქსეთ-ბეკი, სომხურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიიდან, „ეჯმიაწინი“, 1957 წ., N 7-8, გვ.39).
ქართული ლიტერატურის განვითარებაში განსაკუთრებით დიდი იყო XI საუკუნის ერთი დიდი ქველმოქმედის - გრიგორ ბაკურიანის როლი. ეს უკანასკნელი იყო ტაიქის მთავართაგან, იყო ქალაქ ანის ამირსპასალარი, მოგვიანებით მსახურობდა ბიზანტიის სამეფო კარზე, გამოირჩეოდა როგორც კარგი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, მამული მიიღო ბულგარეთის ქალაქ ბუჩკოვოში და მის მამულში დააფუძნა ქართველ და სომეხ მღვდელმსახურთაგან შემდგარი კონგრეგაცია. XI-XIII საუკუნეებში აქ აყვავდა ქართული კულტურის ერთი მშვენიერი კერა, რომელმაც მოგვცა მეცნიერების ისეთი გამოჩენილი წარმომადგენელი, როგორიცაა ცნობილი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი (Н.Я.Марр, Аркаун, СПБ, 1905, გვ 19-21).
სომხურ-ქართულ კულტურათა დაახლოების საუკეთესო პერიოდი იყო XI-XIII საუკუნეები, როდესაც საქართველოში შეიქმნა ერთიანი საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო, და როდესაც ქართული ფეოდალური კულტურა იყო თავის განვითარების უმაღლეს ხანაში. ამ პერიოდში განსაკუთრებით შესამჩნევია სომხეთში მოქმედი პღნძაჰანქის (ამჟამად ახტალას) ლიტერატურული კერის როლი. აქ ქართულიდან სომხურზე ითარგმნა ბევრი ისტორიული და ფილოსოფიური ღირებული ნაშრომი. XII-XIII სს. ქართულიდან სომხურზე შესრულებულ თარგმანებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია „ქართლის ცხოვრებას“, რომელიც ამიერკავკასიის ხალხთა ისტორიის ღირებული პირველწყაროთაგანია. ის შეიცავს უამრავ ცნობას როგორც ქართველი, ასევე მისი მეზობელი ერების ისტორიის შესახებ. "ქართლის ცხოვრება", როგორც ცნობილია, შედგება რამდენიმე ქართული ისტორიული ნაშრომისაგან, რომელთაგან უძველესი ნაწილის ავტორია XI საუკუნის ისტორიკოსი ლეონტი მროველი. "ქართლის ცხოვრების" უძველესი ხელნაწერი არის სომხეთის მატენადარანში. ის გადაწერილია XIII საუკუნის მე-2 ნახევარში. გამოქვეყნებულია ორჯერ (1884 წელს ვენეციაში, ა. ვ.თირიანის რედაქტირებით, მეორედ გამოცემულია პროფესორი ი.აბულაძის მიერ, 1953).
სახელმწიფოებრიობის გაძლიერების პერიოდში საქართველოში იყვნენ სომეხი პოეტები და მწერლები, რომლებმაც მათი მოკრძალებული წვლილი შეიტანეს ქართულ ლიტერატურაში. ასეთ ავტორთაგანია, მაგალითად, სარგის თმოგველი, რომელიც ცნობილია "დირალ გევ" ლექსით (სარგის თმოგვეცი), მას კარგი რეპუტაცია ჰქონდა როგორც "მცოდნე ფილოსოფოსსა და ორატორს“. ბიბლიოგრაფიული ცნობების თანახმად, ის ქართულ სამეფო კარზე მოქმედი ზაქარიანების ნათესავი იყო.
საქართველოს მიწაზე მოგვიანებით მოქმედი, ეთნიკურად სომეხი ქართველი მწერალთაგანია ფეშანდ ფაშვი-ბერდვაძე, რომელიც ქართული ლიტერატურის ისტორიაში მიიჩნევა პირველ ავტორად, რომელმაც პოემათა სიუჟეტი აირჩია უშუალოდ ქართული სინამდვილიდან და ამით დასაბამი მისცა რეალიზმს.
XVII საუკუნეში საქართველოში მოქმედი, დიდი დამსახურების მქონე ავტორთაგანია ბეკთაბეკი, საქართველოს მეფე გიორგის მდივანი, რომელმაც გადაიწერა მთელი რიგი ქართული ხელნაწერი. მისი გადაწერილია გენიალური პოეტის - შოთა რუსთაველის, უძველესი და საუკეთესო ხელნაწერები, რომლებიც შესრულებულია 1680 წელს. ჩვენამდე მოღწეულ ყველა ხელნაწერთაგან ეს ხელნაწერი საუკეთესოდ მიიჩნევა.
ქართულ ისტორიოგრაფიასა და ენათმეცნიერებაში XVII საუკუნეში მოქმედ ავტორებს შორის გამორჩეული სომეხთაგანია ფარსადან გორგიჯანიძე. იგი ავტორია რამდენიმე ისტორიული და ფილოლოგიური ნაშრომებისა. მის კალამს ეკუთვნის "საქართველოს ისტორიისადმი" მიძღვნილი ერთი ვრცელი ნაშრომი. მან სპარსულიდან ქართულზე თარგმნა მაჰმადიანური კოდექსი, სათაურით „ჯაჰმი აბასი“. და ბოლოს, გორგიჯანიძემ შეადგინა ქართულ-არაბულ-სპარსული ვრცელი ლექსიკონი.
XVIII საუკუნის ქართულ ლიტერატურაში ცნობილი პირია სულხან-საბა ორბელიანი, რომელმაც მის შედგენილ "ლექსიკონში", სხვა წყაროების პარალელურად, გამოიყენა 1666 წელს ამსტერდამში გამოქვეყნებული სომხური ბიბლიის დანართში მოთავსებული ლექსიკონი და ერემიას ლექსიკონი.
სომეხთა და ქართველთა ურთიერთობები ფართო ხასიათს იღებს XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში. ვახტანგ VI-ისა და კათოლიკოს ანტონის დროს საქართველოში დიდი სამუშაო სრულდება სომხური ლიტერატურის გამოჩენილი ნაწარმოებების თარგმნის მიმართულებით. ამ მიზნით მოწვეულიქნა რიგი გამოცდილი მწერალი და ენათმეცნიერი, რომლებიც სამეფო კარისა და კათოლიკოსის უშუალო კონტროლით იწყებენ სათარჯიმნო ვრცელ სამუშაოებს. სომეხ მთარგმნელებს შორის განსაკუთრებული დამსახურება ჰქონდათ ზაქარია მატინიანს (მადინაშვილს), გამოცდილ ფილოსოფოს ფილიპოს ღაითმაზაშვილს, პეტროსს, სამველს და სხვებს. მთარგმნელთა ამ ჯგუფის ძალისხმევით სომხურიდან ქართულზე ითარგმნა არისტოტელეს „სტოროგუთიუნ“, კიურეღ ალექსანდრაცის „განძები“, ეფესოსის კრების ამბავი, ასურულ-რომაულად წოდებული სამართალი, მხითარ გოშის „დატასტანაგირქ“ და ა.შ. (ი. აბულაძე, ახალი ძეგლები ქართველთა და სომეხთა ლიტერატურული ურთიერთობების შესახებ წარსულში, "ბანბერ მატენადარანი“, 1956 წ., N 3, გვ 101-114).
სომხურიდან ქართულზე ითარგმნება სახელმძღვანელოები - მხითარ სეპასტაცის „მჭერმეტყველება“, „გრამატიკა“, „ლოგიკა“, ნაწყვეტები „ჰაიკაზიან ლექსიკონიდან“, ჩამჩიანის „სომხეთის ისტორიიდან“, ინჭიჭიანის „გეოგრაფიიდან“ და ა.შ. ვახტანგ VI-ს სამეფო კართან კავშირი ჰქონდა ნაღაშ ჰოვნათანს, ვინც თბილისში გამოიგონა ცნობილი "საქართველოს გოზალები“. და ბოლოს, საქართველოში ცხოვრობდა და შემოქმედებდა ამიერკავკასიის გენიალური პოეტი საიათნოვა, ვინც მღეროდა სომხურად, ქართულად და აზერბაიჯანულად. ის მისი გენიალური ნაწარმოებებით ფაქტობრივად განასახიერებდა ამიერკავკასიის სამი ერების მჭიდრო და უწყვეტ მეგობრობას. საიათნოვას შემდეგ ქართულ მიწაზე შემოქმედი შემდეგი მწერალი იყო ჩამჩი მელქონი, რომელიც მღეროდა როგორც სომხურად, ისე ქართულად.
აღინიშნა მხოლოდ რამოდენიმე სახელი, დაკავშირებული უპირატესად საქართველოს სომხურ დასახლებებთან, იმის საჩვენებლად, რომ საქართველოს სტუმართმოყვარე ცის ქვეშ თავშეფარებული სომხები უმოქმედონი და პასიურები კი არ იყვნენ, არამედ აქტიურად მონაწილეობდენ არა მარტო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ, არამედ კულტურულ ცხოვრებაში და მათი მოკრძალებული წვლილი შეჰქონდათ ამ სფეროში (გათვალისწინებულია ქართველოლოგ პარუირ მურადიანის დაკვირვებები).
"სომხები მდინარეა, რომლის წყლები რწყავენ არა მხოლოდ მის მშობლიურ მიწასა და ველს, არამედ ძლიერ ტალღებს ავრცელებენ საერთო ცივილიზაციის ოკეანისკენ" (ნ.ადონცი. არტავან არშაკუნი, ისტორიული კვლევები, გვ. 319).