Материалы

სურბ ნშანის (წმ. ნიკოლოზის) ეკლესია

ԹԻՖԼԻՍԻ ՍԲ ՆՇԱՆ ՍԲ ՆԻԿՈՂԱՅՈՍ ԵԿԵՂԵՑԻ XXI ՐԴ ԴԱՐ

თბილისის სურბ ნშანის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, 21-ე საუკუნე

დაარსდა 1624 წელს. სურბ ნშანის ეკლესია ძალიან დაზიანდა რამდენჯერმე გაჩენილი ხანძრის გამო. დღესდღეობით ეკლესია დგას, თუმცა ავარიულ მდგომარეობაშია.

დაარსება და რესტავრაცია: თბილისის სურბ ნშანის ეკლესია ერთ-ერთი იმ სომხური კულტურულ ძეგლთაგანია, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ ტრადიციული სომხური არქიტექტურით, არამედ ქართული და აღმოსავლური კულტურის ელემენტებს შეიცავს. ამჟამად ეკლესიის მიკუთვნებულობის საკითხი ქართულ მართლმადიდებლურ და სომხურ სამოციქულო ეკლესიებს შორის პოლემიკის საგანს წარმოადგენს. სურბ ნშანის ეკლესია მდებარეობს ძველი თბილისის კალოს უბნის ცენტრში.

ეკლესიის სამშენებლო წარწერებმა და პირველწყაროებმა არასრულად მოაღწია ჩვენამდე, რაც ეკლესიის დაარსების კონკრეტული თარიღის განსაზღვრის საშუალებას არ იძლევა. ამგვარად, სომხური ხელნაწერების ანდერძ-მინაწერების თანახმად, ეკლესია დაარსდა 1624 წელს [1]. ეკლესიის ჩრდილოეთ ზღურბლზე შემონახული წარწერის მიხედვით კი, იგი დაარსდა 1703-1720 წლებში [2]. დავძენთ იმას, რომ 1720 წლის მდგომარეობით ეკლესიას ჯერ კიდევ არ ჰქონია გუმბათი. მიუხედავად ამისა, მან ფუნქციონირება დაიწყო [3]. გუმბათი კი 1780 წელს დაემატა [4].ԹԻՖԼԻՍԻ ՍԲ ՆՇԱՆ ՍԲ ՆԻԿՈՂԱՅՈՍ ԵԿԵՂԵՑԻ XIX ՐԴ ԴԱՐ

ეკლესიის დაარსებისა და მიკუთვნებულობის საკითხთან დაკავშირებით ქართველი მკვლევრები წინ წამოსწევენ მოსაზრებას, რომლის თანახმად, 1703 წელს სომხებმა აღნიშნული ეკლესია ადრე არსებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ადგილას დააარსეს. ეს შეხედულება მიმოქცევაში შემოიტანა ქართველმა მკვლევარმა პ. იოსელიანმა [5]. შემდგომში ბევრი ავტორი, მათ შორის სომეხიც [6], ეყრდნობა მის მოსაზრებას. აღვნიშნავთ, რომ პ. იოსელიანის მიერ გადმოცემული ცნობები პირველწყაროებით დასაბუთებული არ არის.

არსებითად შეიძლება იმის მტკიცება, რომ როგორც სომეხი, ისე ქართველი მკვლევრები თანამოაზრენი არიან 1703 წლამდე ეკლესიის არსებობის საკითხში. აზრთა სხვადასხვაობა არსებობს იმ საკითხის ირგვლივ, თავდაპირველად ვინ დააარსა ეკლესია – სომხებმა თუ ქართველებმა?

მართალია, სურბ ნშანის ეკლესიას მე-19 საუკუნეში უკვე ჰქონდა სრული არქიტექტურული სახე, თუმცა ამ პერიოდში ეკლესიას ჩაუტარდა მთელი რიგი განახლებითი სამუშაოები. კერძოდ, 1830 წ. იკონომოსის ავეტის პიროიანცის ინიციატივით მოიხატა ეკლესიის ინტერიერი. ნაგებობის სრული კეთილმოწყობა განხორციელდა 1837 წელს [7]. ეკლესიის სამლოცველო აიგო 1861 წელს. სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა 1880-1890-იან წლებში.

არქიტექტურა: სურბ ნშანის ეკლესიის არქიტექტურული სახე წარმოადგინეს როგორც უცხოელმა, ისე სომეხმა ავტორებმა. ისტორიულ ძეგლთა სპეციალისტის ს. კარაპეტიანის თანახმად, სურბ ნშანის ეკლესია მე-17-მე-18 საუკუნეებში სომხურ საეკლესიო ნაგებობაში გავრცელებული გუმბათიანი სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა.

ეკლესიის ცენტრალური გუმბათი ეძღვნება წმ. ნიკოლოზს, გვერდითი ნაწილები კი - წმ. ანდრეასა და წმ. გიორგის [8], ხოლო მყარად შეკრული წყვილი სვეტი იცავს 12 წახნაგოვან ცილინდრულ ნაწილსა და თაღებს. საეკლესიო ნივთების საცავები ორსართულიანია. მეორე სართულზე შესასვლელი სამწირველოში გადის და მას უკავშირდება 17-საფეხურიანი კიბით. მთავარი სამშენებლო მასალა აგურია. გამოიყენება ქვაც. გადახურულია კრამიტით. ინტერიერი დაფარული იყო ფრესკებით. დასავლეთ ფასადის წვერზე დგას რვა სვეტზე აღმართული სამრეკლო, ხოლო ჩრდილოეთის შესასვლელის წინ ოთხსვეტიანი ზღურბლია [9].

მღვდლები: სურბ ნშანის ეკლესიაში სხვადასხვა დროს მსახურობდნენ დეკანოზი ჰოვანეს მკრტუმიანი [10], მღვდლები – გრიგორ ტერ-დავთიან იზმირიანცი [11], ადრეას ტერ-სტეფანიან ამბარტანიანცი [12], პეტროს ოჰანიან ტერ-კარაპეტიანცი [13], ესაია მეჰრაბიანცი [14], გრიგოლ შერმაზანიანცი [15].

სკოლა: მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში გაიხსნა სურბ ნშანის ეკლესიასთან არსებული ვაჟთა და ქალთა, ასევე სადიაკვნო სკოლები. ვაჟთა სკოლა გაიხსნა 1848 წელს [16], ქალთა კი – 1873 წელს [17]. ყველაზე ცნობილ ქალთა სკოლად ითვლება 1883 წელს დაარსებული სასწავლო დაწესებულება, რომელსაც 1884 წელს უკვე 200 აღსაზრდელი ჰყავდა. წმ. ნშანის ეკლესიის ქალთა სკოლა გამოირჩეოდა როგორც საერთო შემადგენლობითა და სტრუქტურით, ისე პედაგოგთა მომზადებით. სადიაკვნო სკოლა გაიხსნა 1876 წელს არქიეპისკოპოს გაბრიელ აივაზოვსკის (1876-1880) წინამძღვრობის პერიოდში. ამ დროს სკოლაში 40 დიაკვანი სწავლობდა.

სასაფლაო: სურბ ნშანის ეკლესიას ჰქონდა სასაფლაო, რომელსაც ეკავა ეკლესიის ჩრდილოეთ, ნაწილობრივ კი დასავლეთ მხარე. 1970-იან წლებში ჩრდილოეთით მდებარე საფლავის ქვების დიდი ნაწილი ასფალტით დაიფარა. დარჩა მცირე რაოდენობა მხოლოდ იმ საფლავის ქვებისა, რომელთა ასფალტით დაფარვა ვერ მოხერხდა მათი სიდიდის გამო. საფლავის ქვების გარდა სასაფლაოზე იყო ასევე საფლავზე აღმართული ძეგლები. მათგან შემორჩენილია ორი ძეგლი – ავეტიქ ფიროიანისა (1858 წ.) და ბარსეღ მეღვინიანცისა (1894 წ.). შემონახული საფლავის ქვებიდან ყველაზე ადრეული საფლავის ქვა 1743 წლისაა [18].

ეკონომიკური მდგომარეობა: სურბ ნშანის ეკლესიას ჰქონდა მოძრავი და უძრავი ქონება [19], ასევე აგურის ქარხანა, რომელიც ააგო და შეწირა მელიქ გეორგმა და მისმა ოჯახმა [20]. 1875 წ. ეკლესიის ქონებრივი დავთრის თანახმად, სურბ ნშანის ეკლესიას პატარა ბაღიც ჰქონდა [21].

ეკლესია საბჭოთა პერიოდში: 1928 წელს, თბილისის სხვა ეკლესიებთან ერთად სურბ ნშანის ეკლესიაც დალუქეს და დახურეს. 1930 წ. ეკლესია ეპარქიას დაუბრუნდა [22], თუმცა 1931 წლის 3 მაისს კვლავ დაიკეტა. საბჭოთა წლებში ეკლესიის შენობას სხვადასხვა მიზნით გამოიყენებდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ეკლესია მაკარონისა და ვერმიშელის საწყობი იყო, მოგვიანებით იგი ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნთსაცავად, შემდეგ კი კერვის საწარმოდ იქცა. 1980-იანი წლების დასაწყისში ეკლესია წიგნების საცავს წარმოადგენდა [23]. სურბ ნშანის ეკლესია ძალიან დაზიანდა რამდენჯერმე გაჩენილი ხანძრის გამო. პირველად ხანძარი 2002 წლის 20 ოქტომბრის ღამეს გაჩნდა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. მეორედ და მესამედ ხანძარი 2012 წლის 3 და 7 იანვარს გაჩნდა. დავამატებთ ასევე, რომ 2002 წლის ხანძრამდე ეკლესია, სხვადასხვა მიზნით გამოყენების გამო, მუდმივად დაკეტილი იყო. ხანძრის შემდეგ შეუდარებლად გაიზარდა ეკლესიის ავარიული მდგომარეობა. წყლის ჭავლისაგან წარმოიშვა ნალექი სამლოცველოს ცენტრალურ ნაწილსა და ჩრდილოეთ ზღურბლზე - საფლავის ქვების ზედაპირზე. თითქმის სრულად განადგურდა ეკლესიის ფრესკები.

1991 წ. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ არა მხოლოდ ყოველწლიურად იზრდებოდა ეკლესიის მუდმივი რღვევა, არამედ შეჩერდა მისი აღქმა როგორც ისტორიული ძეგლისა, რადგან ყოველდღე ეკლესიის კედლების მიმდებარედ ერთი მეორის მიყოლებით ხელისუფლების მხრიდან ნებადართულ საცხოვრებელ სახლებს აღმართავდნენ. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მუდმივად აცხადებდა პრეტენზიას სურბ ნშანის ეკლესიაზე, ქართული ეკლესიის წარმომადგენლები, ასევე ქართული სსრ-ისა და დამოუკიდებლობა მოპოვებული საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები ხშირად ხელყოფდნენ მას. ნაგვით სავსე, ძაღლებისა და უსახლკაროთა თავშესაფრად ქცეულმა ეკლესიამ 2007 წელს ისტორიული ძეგლის სტატუსი მიიღო, ჩატარდა კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები, თუმცა ამით ყველაფერი დასრულდა. ეკლესია დღესდღეობით დგას, თუმცა ავარიულ და უნუგეშო მდგომარეობაში იმყოფება.

[1] [სომხური ხელნაწერების მე-17 საუკუნის ანდერძ-მოსახსენებლები, ტ. 2, ერევანი, 1978, გვ. 155

[2] П. М. Мурадян, Армянская Эпиграфика Грузии, Ереван, 1988, с. 69:

[3] პ. მურადიანი, იქვე, გვ. 73

[4] ს. კარაპეტიანი, თბილისის სურბ ნშანის წმ. ნიკოლოზის ეკლესია, ერევანი, 2012, გვ. 1

[5] П. Иосселиани, Описание древностей города Тифлиса, 1866, с. 258.

[6] [გიუტ აღანიანცი თბილისის სომხური ეკლესიების აშენების შესახებ აღწერილ ისტორიულ ცნობებში სურბ ნშანის ეკლესიის შესახებ წერს: „ტრადიციულად ამბობენ, რომ სურბ ნშანის ეკლესია ადრე იყო ქართული წმ. ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ეკლესია, რომელიც სომხებმა დაიკავეს და მის ადგილას იმავე სახელობის ეკლესია ააშენეს (ՀԱԱ [სეა], ֆ. 332, ց. 1, գ. 102, թ. 8)

[7] მატ. ა. ერიციანი არქივი, დავ. 148, დოკ. 179

[8] პ. მურადიანი, იქვე, გვ. 69

[9] ს. კარაპეტიანი, იქვე, გვ. 20-21

[10] [სეა], ֆ. 53, ց. 1, գ. 457, թ. 14:

[11] [სეა], ֆ. 53, [იქვე], թ. 14-ի շրջ.:

[12] Նույն տեղում: [იქვე]

[13] ՀԱԱ [სეა], ֆ. 56, ց. 1, գ. 2914, թ. 124-ի շրջ.:

[14] ՀԱԱ [სეა], ֆ. 53, ց. 1, գ. 491, թ. 216-ի շրջ.- 217:

[15] ՀԱԱ [სეა], ֆ. 53, ց. 1, գ. 491, նույն տեղում [იქვე]:

[16] Ս. Կարապետյան, նույն տեղում, էջ 25: [ს. კარაპეტიანი, იქვე, გვ. 25]

[17] «Մեղու Հայաստանի», 1873, N 9, 10 մարտի, էջ 3: [„მეღუ ჰაიასტანი“, 1873, N 9, 10 მარტი, გვ. 3]

[18] Նույն տեղում, էջ 27: [იქვე, გვ. 27]

[19] ՀԱԱ [სეა], ֆ. 56, ց. 6 , գ. 39, թ. 61:

[20] П. М. Мурадян, նույն տեղում, էջ 73: [პ. მურადიანი, იქვე, გვ. 73]

[21] ՀԱԱ [სეა], ֆ. 53, ց. 1, գ. 3864, թ. 63 շրջ.-64:

[22] ՀԱԱ [სეა], ֆ. 409, ց. 1, գ. 3254, թ. 39-ի շրջ.:

[23] Ս. Կարապետյան, նույն տեղում, էջ 17: [ს. კარაპეტიანი, იქვე, გვ. 17]

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են