თბილისის ნორაშენის წმ. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
ნორაშენის წმ. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია 21-ე საუკუნე
დაარსდა 1467 წ., ზოგიერთ წყაროში მოიხსენიება 1507 წელს. ეკლესია ამჟამადაც დგას, თუმცა უნუგეშო მდგომარეობაში იმყოფება.
დაარსება და რესტავრაცია: ნორაშენის წმ. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ძველი თბილისის ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი და მნიშვნელოვანი ძეგლია. იგი მდებარეობს თბილისში, მეიდანის მოედნის ახლოს, ახლანდელი კოტე აფხაზის ქუჩის (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) № 41-ში, ქართული საკათედრო ტაძრის, წმინდა სიონისა და ბერძნული ჯვარის მამის მახლობლად.
რაც შეეხება ნორაშენის სახელწოდებას, ეკლესია მთელ თავის ისტორიულ მატიანეში მოიხსენიება წმ. ღვთისმშობლის ეკლესიად და არასდროს არ ყოფილა მოხსენიებული „ხარების წმ. ღვთისმშობლის“ სახელით, როგორც ამას მცდარად აღნიშნავს პ. მურადიანი[1]. სავარაუდოდ, ეს მოსაზრება ზოგიერთ ქართველ სასულიერო პირს აძლევს იმის საფუძველს, რომ ნაგებობას ქართული ხარების ეკლესია უწოდოს. იგი ქართული ეკლესიის კურთხევის წესით აკურთხეს 1995 წლის 15 თებერვალს.
ეკლესიის დაარსების შესახებ ჩვენამდე მოღწეული წარწერის თანახმად, იგი აიგო 1507 წელს [2]. ნორაშენის წმ. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სხვადასხვა დროს განახლებულა როგორც თბილისის სომეხი მოსახლეობის ძალისხმევით, ისე მთელი რიგი ქველმოქმედი მეცენატების წყალობით. კერძოდ კი, ეკლესია განახლდა 1650, 1795, 1808, 1830-1835, 1857, 1897 წლებში და განახლებითი სამუშაოები უეჭველად შემდგომშიც იქნებოდა.
1650 წელს ეკლესია საფუძვლიანად განახლებულა ჯუღაელი შეძლებული პირის ხოჯა ნაზარის მეშვეობით [3]. ნორაშენის ეკლესია განსაკუთრებით დაზიანდა და განადგურდა 1795 წ. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს. აოხრება იმდენად დიდი ყოფილა, რომ ნორაშენის ეკლესიის თემს ჰოვსეფ ხატინის მეშვეობით (იგი ცნობილი ელჩის რაფაელ დინბეკეანცის მამა იყო) მადრასის სომხობისათვის მიუმართავს და ეკლესიის განახლების მიზნით ფულის შეგროვება უთხოვია. შემონახულია ასევე ჰოვსეფის მიერ გაცემული ვალის წერილი, რომლის თანახმად მას ეს თანხა ნორაშენის ეკლესიის დეკანოზ არაქელ შმავონიანისათვის უნდა გადაეცა. [4]
ნორაშენის წმ. ღვთისმშობლის ეკლესიის შემდეგი რესტავრაცია განხორციელდა 1830-1835 წლებში, რომლის დროსაც დაიხარჯა დაახლ. 11, 563 მანეთი [5]. ამ განახლების შემდეგ 1837 წელს, ეკლესია აღწერა ეგნატე იოსელიანმა, იგი მას მეოთხე სომხურ ეკლესიად მოიხსენიებს[6]. 1899 წ. ინტერიერის რესტავრაციამ სულ 1154 მანეთი შეადგინა [7].
თბილისის სხვა სომხური ეკლესიების მსგავსად, არც ნორაშენი დარჩენილა თბილისში მოგზაურთა ყურადღების მიღმა. 1673 წ. ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი ნორაშენის წმ. ღვთისმშობლის ეკლესიას ასახელებს მოქმედი სომხური ეკლესიების რიგში და აღნიშნავს: „ნორაშენი ან ახალი შენობა“ [8]. 1817 წ. თბილისს ეწვია იტალიელი ა. ნეგრი, ხოლო 1824-30 წწ. მისი თანამემამულე - მ. მედიჩი, რომლებიც მოიხსენიებენ ქალაქის სომხურ ეკლესიებს და მათ შორის ნორაშენის წმ. ღვთისმშობლის ეკლესიასაც ასახელებენ [9]. ამგვარად, უცხოელი მოგზაურებიც გარკვევით აღნიშნავენ ნორაშენის სომხურობას.
არქიტექტურა: ნორაშენის წმ. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია არქიტექტურულად გუმბათიანი ბაზილიკის ნაგებობის ტიპს განეკუთვნება. ორი წყვილი მტკიცე ცილინდრული საყრდენი (1,55 მ დიამეტრით) სამლოცველოს (სიგანისა და სიგრძის შეფარდება - 1:1,2) სამ თაღოვან ნავად ჰყოფს. შენობის გუმბათი აღმოსავლეთის საყრდენ ბოძებსა და მთავარი საკურთხევლის კუთხეებს ეყრდნობა. საეკლესიო ნივთების საცავი სწორკუთხაა, აბსიდების (სამწირველოების) გარეშე. დასავლეთ ფასადზე ორფრთიან სახურავზე ამაღლებულია მსუბუქი, სვეტებიანი სამრეკლო [10]. ეკლესიის ფრესკები ჰოვნათანიების ნამუშევარია.
ეკონომიკური მდგომარეობა: ნორაშენის ეკლესიის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ცნობებს გადმოგვცემენ მთელი რიგი საარქივო დოკუმენტები. აღნიშვნის ღირსია 1795-1807 წლების ეკლესიის გასავალისა და შემოსავლის ანგარიშების მატიანე [11]. 1837 წ. შეიქმნა ნორაშენის ეკლესიის მოძრავი და უძრავი ქონების ნუსხა, რომელშიც შესულია მრავალი ძვირფასი მოსართავი, ჭურჭელი, ნაბეჭდი სახარებები და ა.შ. [12]. უნდა აღინიშნოს ასევე 1899 წ. ქონების დავთარში აღნიშნული ორი ხელნაწერი – სახარება და საგალობელთა კრებული [13].
სასულიერო დასი: რაც შეეხება ნორაშენის სასულიერო დასს, მათ შესახებ მრავალრიცხოვანი ცნობები მოგვეპოვება. 18-ე საუკუნის ბოლოს თბილისში ერთ-ერთი ცნობილი მღვდელი იყო ეკლესიის საძმოს წევრი უფალი ჰაკობი [14]. 19-ე საუკუნის 20-იანი წლების ეკლესიის საძმოს წევრებიდან იყვნენ გევორგ ტერ-აჰარონიანი, ჰარუთიუნ ტერ-საჰაკიანი [15]. მე-20 საუკუნის დასაწყისში ეკლესიაში მსახურობდა დეკანოზი გევორგ ტერტერიანცი, მღვდლები – დავით გირგიდიანცი, თადეოს ერვანდიანცი და სარგის შიოიანცი [16].
საეკლესიო-სამრველო სკოლები: ნორაშენის ვაჟთა სამრევლო სკოლა, სავარაუდოდ, 1858 წ. გაიხსნა. 1873 წელს სკოლას ჰყავდა 4 მასწავლებელი და 38 მოსწავლე [17].
სომეხი გოგონებისთვის არსებული ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი სკოლაა ნორაშენის წმ. მარიამის ქალთა სასწავლებელი. იგი დაარსდა 1866 წელს გამოჩენილი სომეხი პედაგოგის ხორენ სტეფანეს მიერ [18]. 1917 წ. ნორაშენის ეკლესიის სკოლა საშუალო განათლების საფეხურის მქონე სკოლას წარმოადგენდა.
საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდი: ნორაშენის წმ. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია თბილისის სხვა სომხური ეკლესიების მსგავსად, საბჭოთა პერიოდის პირველ წლებში, ანტირელიგიური პოლიტიკის წყალობით დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ამის გამო, 1925 წლის 24 ივნისს, ნორაშენის საეკლესიო საბჭოს წევრებმა განცხადებით მიმართეს საქართველოს სომხური ეპარქიის საეკლესიო საბჭოს: „ნორაშენის ეკლესიას საფრთხე ემუქრება. პოლსაქკომს ქუჩის გასაფართოებლად სურს ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის მთლიანად დანგრევა, რითაც ანადგურებენ სამწირველოებს, საკურთხეველს...“ [19]. იმავე წლის 8 ივლისს ნორაშენის საეკლესიო საბჭომ კვლავ მიმართა საქართველოს სომხური ეპარქიის საეკლესიო საბჭოს ეკლესიის დანგრევის საშიშროებისაგან დაცვის თხოვნით [20]. შედეგად, 1933 წლის 22 დეკემბერს ეკლესია დაიკეტა [21]. 1972 წ. ეკლესიაში განთავსებული იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ბიბლიოთეკა [22].
2008 წლის მაისში საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ გადაწყვიტა წმ. ნორაშენის სომხური ეკლესიისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის შემოღობის მიზნით აეგოთ ლითონის გალავანი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის დამახასიათებელი რელიგიური ელემენტების დართვით. ამასთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გამოთქვამს საქართველოს სომხური ეპარქია, თუმცა უშედეგოდ [23]. 2014 წ. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გასცემს ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად ნებართვის დოკუმენტს. სარესტავრაციო სამუშაოები ხორციელდება საქართველოს ისტორიული ძეგლების დაცვის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. 2015-2016 წწ. ნორაშენის ეკლესიის გამაგრების მიზნით ჩატარდა გადაუდებელი საინჟინრო და კონსტუქციული სარესტავრაციო სამუშაოები. ტაძრის გუმბათი, ფასადი, საყრდენი კედელი დამუშავდა მაღალწნევიანი ქვიშის ჭავლის მეთოდით. ჩასვეს ახალი კარები და ფანჯრები, ეკლესიის ტერიტორიას დაუბრუნდა საფლავის ქვები.
[1] იხ. П. Мурадян, Армянская Эпиграфика Грузии, Ереван, 1988, с. 76; [„ძველი თბილისის სომხური ეკლესიები“, გვ. 39]
[2] [პ მურადიანი, ძველი თბილისის სომხური ეკლესიები, წმ. ეჩმიაძინი, 2009, გვ. 45]
[3] [„არარატი“, 1850, №4, 23 სექტემბერი, გვ. 53]
[4] Պ. [პ. ჩობანიანი, სომხურ-რუსულ-ქართული ურთიერთობები მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში, წმ. ეჩმიაძინი, 2006, გვ. 111]
[5] [სეა], ֆ. 53, ց. 1, գ. 2637, թ. 15-իշրջ.-16:
[6] [ლ. მელიქსეთ-ბეგი, ქართული წყაროები სომხეთისა და სომხების შესახებ, ტ. 3, ერევანი, 1955, გვ. 266]
[7] [სეა], ֆ. 53, ց. 1, գ. 3399, թ. 2, [იხ. ასევე „ეჩმიაძინი“, 2010/7, გვ. 76-77]
[8] [პ. მურადიანი, დასახელებული ნაშრომი, გვ. 312]
[9] [სეა], ֆ. 469, ց. 14, գ. 329, թ. 11:
[10] Մ. [მ. ჰასრათიანი, თბილისის სომხური ეკლესიების არქიტექტურა, „ეჩმიაძინი“, 2009/6, გვ. 74]
[11] [მატ.], Կ/դ, թղթ. 6, վավ. 72:
[12] [სეა], ֆ. 56, ց. 6, գ. 39, թ. 36-40:
[13] [სეა], ֆ. 53, ց. 1, գ. 1219, թ. 186-189:
[14] [მატ. ა. ერიციანის არქივი, 159, დოკ. 112ა. იხ. ასევე მატ. ნ. აშტარაკეცის არქივი, დავთარი 164ბ, დოკ. 945]
[15] [სეა], ֆ. 35, ց. 1, գ. 745, թ. 11-իշրջ.:
[16] [სეა], ֆ. 53, ց. 1, գ. 335, թ. 115-116:
[17] [ს. ხუდოიანი, აღმოსავლურ სომხური სკოლები 1830-1920 წლებში, ერევანი, 1987, გვ. 592-593]
[18] [ს. ხუდოიანი, იქვე, გვ. 591]
[19] [სეა], ֆ. 148, ց. 1, գ. 12, թ. 2 և շրջ.:
[20] [სეა], ֆ. 148, ց. 1, գ. 12, թ. 3 և շրջ., [იხ. ასევე „ეჩმიაძინი“, 2010/7, გვ. 83-84]
[21] [სეა], ֆ. 148, ց. 1, գ. 24, թ. 1:
[22] [სეა], ֆ. 469, ց. 14, գ. 329, թ. 2:
[23] [„ეჩმიაძინი“, 2008/10, გვ. 138-13