მთავარეპისკოპოსი ნერსეს აშტარაკეცი
1814-1828 (წინამძღვარობის წლები). მთავარეპისკოპოსი ნერსეს აშტარაკეცი. რელიგიური, კულტურული თვალსაჩინო მოღვაწე და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პიონერი. საერო სახელი - თოროს. ძე ჰარუთიუნ შაჰაზიზიანისა. დედა - ბიურაკანელი სომეხი, სახელად სუსამბარ. დაიბადა 1770 წლის 13 თებერვალს, აშტარაკში. 1791 წელს ხელდასხმულიქნა დიაკვნად, 1794 წელს - არქიმანდრიტად, 1808 წელს - ეპისკოპოსად და არქიეპისკოპოსად. 1814 წლის 7 მარტს ინიშნება საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად. 1822 წლის 7 თებერვალს წმინდა ღევონდიანთა მღვდელმსახურთა დღესასწაულზე, მეფის ნაცვალ ერმოლოვის თანდასწრებით ასრულებს თბილისის ნერსისიან სკოლის საძირკვლის ჩაყრის კურთხევას (სტ. მალხასიანი, თბილისის ნერსისიან სასულიერო სასწავლებლის მოკლე ისტორია, თბილისი 1900, გვ.17). ნერსისიან სკოლის მშენებლობა დასრულდა 1824 წელს და იმავე წლის 1 დეკემბერს გაიხსნა მღვდელ ჰარუთიუნ ალამდარიანის ხელით. 1828 წელს პასკევიჩის განკარგულებით აშტარაკეცი იგზავნება ბესარაბიაში, ბესარაბიის სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად. ეს იყო ერთგვარი თავისუფალი გადასახლება. 1828-1829 წწ. ნერსეს აშტარაკეციმ ორგანიზება გაუწია სომხების ემიგრაციას თურქეთსა და სპარსეთიდან. კარნის გუბერნიიდან დაახლოებით 90.000 სომეხი ჩამოსახლდა ახალციხისა და ახალქალაქის რაიონებში.
1843 წელს აკურთხეს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსად, სახელად ნერსეს მეხუთე.
დროდადრო ცხოვრობდა ეჯმიაწინსა და თბილისში. აშტარაკეცისაგან სახსოვრად დაგვრჩა: თბილისის ნერსისიან სკოლის შენობა, ეჯმიაწინში - ტბა ნერსისიანი და ტყე ნერსისიანი. კათოლიკოსი ნერსეს მეხუთე გარდაიცვალა 1857 წლის 13 თებერვალს, 87 წლის ასაკში, თბილისის სომხური ეპარქიალური რეზიდენციის საწერ მაგიდასთან. მოგვიანებით მისი ცხედარი გადაასვენეს წმინდა ეჯმიაწინში.