Материалы

არქიეპისკოპოსი გევორგ სერაიდარიანი

19

არქიეპისკოპოსი გევორგ სერაიდარიანი (საერო სახელი - კარპის (კარაპეტ). დაიბადა ბუქარესტში (რუმინეთი), 1938 წლის 29 აგვისტოს. მამას ჰქვია სტეფან სერაიდარიანი, დედას - მაქრუჰი ჰალაჩიანი. დაწყებითი განათლება მიიღო ბუქარესტის სომხურ სკოლაში. 1948 წელს ოჯახი გადმოსახლდა სომხეთში, შემდეგ სწავლობდა ლენინაკანის საშუალო სკოლაში, ამავდროულად მედავითნედ მსახურობდა ადგილობრივ სურბ ასტვაწაწინ ეკლესიაში. 1952 წლიდან სწავლა გააგრძელა ერევანში.

1956 წელს ჩააბარა წმინდა ეჯმიაწინის სასულიერო სემინარიაში, რომლის სრული კურსი წარმატებით დაასრულა 1962 წელს, დაიცვა გამოსაშვები ნაშრომი თემაზე: „წმინდა გრიგორ ნარეკაცის აპარანის ჯვრის ისტორია“.

1962 წლის 23 სექტემბერს ხელდასხმულიქნა დიაკვნად და იყო საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში. 1964 წლის 12 აპრილს ხელდასხმულიქნა მღვდელმონაზვნად, 1965 წელს კი მიიღო არქიმანდრიტის წოდება.

1966-1967 წწ. იყო ახალი ნახიჩევანისა და რუსეთის ეპარქიის ეპარქიალური ვიკარიუსი, შემდეგ დაბრუნდა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში, იყო წმინდა ტაძრის მუზეუმის გამგე, მთავარი კანდელაკის თანაშემწე, შემდეგ უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის კვერთს ატარებდა.

1970-1972 წწ . წმიდა ეჯმიაწინის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა რელიგიასა და ისტორიულ საგნებს.

1972 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის წმინდა განკარგულებით დაინიშნა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად. 1973 წელს არქიმანდრიტმა გევორგმა დაიცვა დისერტაცია თემაზე: „წელთაღრიცხვის კურსი“ , რომელმაც დაიმსახურა საგამოცდო კომისიის შესანიშნავი შეფასება. ამ ნაშრომისთვის უწმინდესმა და უნეტარესმა მას მიანიჭა უმაღლესი საარქიმანდრიტო წოდება, იმავე წლის 30 ოქტომბერს იგი ხელდასხმულიქნა ეპისკოპოსად და დაინიშნა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარად.

1977 წელს უწმინდესისა და უნეტარესის ბრძანებით 15 სექტემბრიდან ეპისკოპოსი გევორგი იყო აგრეთვე წმინდა გეღარდის მონასტრის ბერი, ახალი ბერის მოსვლამდე.

1995 წელს არქიეპისკოპოსის წოდება მიენიჭა. უზენაესი სასულიერო საბჭოს წევრი იყო.

1998 წელს ქართველი და სომეხი ხალხების მრავალსაუკუნოვანი ძმური ურთიერთობების განმტკიცების და განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

როგორც საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში, არქიეპისკოპოსმა სერაიდარიანმა ეპარქიაში ჩაატარა მნიშვნელოვანი სამუშაოები. მისი წინამძღვარობის წლებში გაიხსნა ეკლესიები ჯავახეთში, გარემონტდა ეპარქიის მოქმედი ეკლესიები. 1974 წელს მარმარილოთი მოპირკეთდა სურბ გევორგ ეკლესიის საკურთხევლის იატაკი. 1977-1978 წწ. თბილისის სურბ გევორგ ეკლესიის გაჯით ნალესი კედლების ექვსფენა ზეთის საღებავიანი ფენის ქვეშ აღმოჩენილიქნა და აღდგა XVIII საუკუნის ცნობილი მხატვრის ნაღაშ ჰოვნათანიანის შესრულებული 16 დიდი ფრესკა, რომლებიც 1795 წლის შემოსევის შემდეგ შეკეთებული იყო მხატვრის შვილისა და ნიჭიერი მოწაფის - მკრტუმ ჰოვნათანიანის მიერ. 1977 წელს თბილისის ჰაიოც (სომეხთა) მონასტრის ეზოდან სურბ გევორგ ეკლესიის ეზოში გადაასვენეს არქიეპისკოპოსი გაბრიელ აივაზიანის - პეიზაჟისტ-მარინისტი მხატვრის ჰოვანეს აივაზოვსკის ძმის (1812-1880 წწ., ეპისკოპოს ხორენ სტეფანეს (1840-1900 წწ.), რედაქტორების აბგარ ჰოვანისიანის (1849-1904 წწ.) და პეტროს სიმონიანის (1830-1911 წწ.) ნეშტები.

1979-1980 წწ. გარემონტდა და გაფართოვდა საქართველოში სომეხთა ეპარქიის რეზიდენცია. 1988 წელს აკურთხეს სოფელ დაღეთის სამლოცველო სურბ ხაჩ, 1989 წელს - დაბა შაუმიანის (მარნეულის რაიონი) ეკლესია სურბ ასტვაწაწინ, შესრულებულია ასევე სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ეკლესიას ორი გუმბათი გაუკეთდა.

1990 წელს ეპარქიას გადასცეს ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესია, რომელიც გარემონტდა.

1991 წელს გაიხსნა და აკურთხეს სომხური სოფელ მეწარას სამლოცველო (გუდაუთა).

იმავე წელს მთავარეპისკოპოსი გევორგი არჩეულიქნა საქართველოს სომხური საქველმოქმედო საზოგადოების უხუცესთა საბჭოს წევრად.

1992 წელს აკურთხეს სუხუმის სომხური სურბ ჰარუთიუნ სამლოცველო. იმავე, 1992 წელს დაასრულეს თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის მიწისძვრით დაზარალებული საძირკვლისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები.

1971 წლიდან არქიეპისკოპოსი გევორგი განუწყვეტლივ ადგენდა და აქვეყნებდა მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის ოფიციალურ კალენდრებს სომხურ ენაზე და 1978 წელს, ასევე რუსულზე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია სომხურ და რუსულ გაზეთებსა და ჟურნალებში, გადათარგმნილი აქვს ნაშრომი „წელთაღრიცხვის კურსი“, რომელიც სომხურ საწელთაღრიცხვო ნაშრომებიდან პირველია რუსული თარგმანით, საწელთაღრიცხვო და რელიგიური რამოდენიმე წიგნის ავტორია.

1996 წელს დააარსა ეპარქიის წმინდა ეღიას საკვირაო სკოლა.

არქიეპისკოპოსი გევორგ სერაიდარიანი გარდაიცვალა 2002 წლის 11 სექტემბერს, მისი ნეშტი დაასვენეს თბილისის წმინდა გევორგ საკათედრო ეკლესიის ეზოში.

როგორც საქართველოში სომეხთა ეპარქიის სულიერმა წინამძღვარმა, მისი 30 წლის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, არქიეპისკოპოსმა გევორგ სერაიდარიანმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სომეხთა სულიერ ცხოვრებაში.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են