სომეხთა გენოციდის 108-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართული ხსოვნის საღამო
2023 წლის 24 აპრილს, საღამოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, აშოტ სმბატიანის ინიციატივითა და მხარდაჭერით, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, სომეხთა გენოციდის 108-ე წლისთავთან დაკავშირებით ხსოვნის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების საპატიო სტუმრებს შორის გახლდნენ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, წმ. საყდრის დესპანი საქართველოსა და სომხეთში მისმა უსამღვდელოესობამ ხოსე აველინო ბეტენკური, უცხოელი დიპლომატიური კორპუსის, დობილი ეკლესიების წარმომადგენლები და საქართველოში მცხოვრები სომეხი საზოგადოების წევრები.
საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, აშოტ სმბატიანმა საკუთარ მისასალმებელ სიტყვაში 108 წლის წინ სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე, მილიონ ნახევარი სომეხის წინააღმდეგ განხორციელებულ გენოციდზე ისაუბრა. ბატონმა ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიძულვილი და დაპირისპირება უნდა უარვყოთ, თუმცა უნდა გვახსოვდეს მომხდარი რათა არსად, არავის მიმართ აღარ მოხდეს ანალოგიური დანაშაულის განზრახვა, და აღარ განმეორდეს მსგავსი სისასტიკე.
თბილისის გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ადამიანობის უზენაეს მიზანს: არ დაივიწყოს წარსული, შეინარჩუნოს მეხსიერება, უარყოს სიძულვილი და აშენოს მომავალი. მხატვარმა ირენ ოჰანჯანოვამ კი საკუთარი ბაბუის ცხოვრებაზე საუბრის მეშვეობით წარმოადგინა გენოციდს გადარჩენილი და საქართველოს შეფარებული საკუთარი ოჯახის ისტორია - ადამიანად ყოფნის უზენაესი კანონის ხაზგასმით.
ღონისძიების პროგრამა გაჯერებული იყო ასევე მუსიკალური ნომრებით, რაც მეხსიერების, რწმენისა და იმედის ატმოსფეროს ქმნიდა. საღამო ნაწარმოებების უმშვენიერესი, ემოციური და ოსტატური შესრულებით გაალამაზეს მომღერალმა (სოპრანო) ჰასმიკ ბაღდასარიანმა, პიანისტებმა ანაჰიტ სტელმაშოვამ და არსენ კარაპეტიანმა.
საღამოს დასასრულს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, წმ. საყდრის დესპანმა საქართველოსა და სომხეთში მისმა უსამღვდელოესობამ ხოსე აველინო ბეტენკურიმ უფალს რწმენისა და სამშობლოსათვის წმინდა წამებულთა შუამდგომლობა შეავედრეს.