ჰოვანეს თუმანიანი - 150: სამი წიგნის პრეზენტაცია თბილისში
2019 წლის 11 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ჰოვანეს თუმანიანის სამი ახალი წიგნის პრეზენტაციას და ორი გენიოსის – თუმანიანისა და კომიტას არქიმანდრიტის 150 წლის იუბილეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა შეჯამებას წარმოადგენდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სომხური ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, სხვა ეკლესიების წინამძღვრები, საქართველოს სომხური ეპარქიის სასულიერო დასი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ბადრი მაისურაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სამინისტროსა და აფხაზეთის კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნები, საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატები, საზოგადო მოღვაწეები, საზოგადოების წევრები.
ერევნიდან ჩამოვიდა საპატიო დელეგაცია თუმანიანის მუზეუმის დირექტორის, ანი ეღიაზარიანის ხელმძღვანელობით. დარბაზს ამშვენებდა სააგენტო „არმენპრესის“ „რეტროსპექტული“ გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სააგენტოს მიერ 1969 წელს, თუმანიანის 100 წლის იუბილის ფარგლებში მომზადებული ფოტო-მასალა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კულტურის დეპარტამენტის თანამშრომელი ნანა დოლიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს წარმომადგენელი თინათინ ღოღელიანი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ვარდან დევრიკიანი, ერევნის თუმანიანის მუზეუმის დირექტორი ანი ეღიაზარიანი, სააგენტო „არმენპრესის“ დირექტორი არამ ანანიანი. მათ თავიანთ გამოსვლებში მიმოიხილეს ლორეს მაზრის სოფელ დსეღში დაბადებული და წლების შემდეგ თბილისში დამკვიდრებული ჰოვანეს თუმანიანის ცხოვრება და მოღვაწეობა, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ხალხთა მეგობრობას ღაღადებდა. ჰოვანეს თუმანიანი განისვენებს ხოჯივანქში – თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რუბენ სადოიანმა ყურადღება გაამახვილა თბილისში ყოველთა სომეხთა პოეტის ძეგლის დადგმაზე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საელჩო ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს.
დარბაზში გაიმართა ჰოვანეს თუმანიანის დაბადების 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სამი ახალი წიგნის პრეზენტაცია. კრებული „ათი ზღაპარი“, რომელშიც შესულია ქართველი პოეტის, იოსებ გრიშაშვილის მიერ თარგმნილი თუმანიანის ოთხი ზღაპარი, ამას დაემატა კიდევ ექვსი ზღაპარი, რომლებით თარგმნა პოეტმა და მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა. ამ უკანასკნელმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ჰოვანეს თუმანიანის სიდიადეზე, აღნიშნა, რომ მისი ზღაპრები მარტივი და გასაგები, დიდაქტიკური, ფილოსოფიური და თანამედროვეა, რომლებიც მშობლიურია საზოგადოების ყველა თაობისათვის – დიდიდან პატარამდე და პატარიდან დიდამდე. ილუსტრაციები შეასრულეს ივანე კეზუამ და შორენა ჩაჩანიძემ. ზღაპრების წიგნის თარგმნა, საგამომცემლოდ მომზადება და დაბეჭდვა განახორციელა ერევნის თუმანიანის მუზეუმმა.
საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, მაყვალა გონაშვილმა დეტალურად ისაუბრა წიგნზე – „თუმანიანი - 150“, რომელიც გამოიცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამა „მრავალეროვანი საქართველოს“ ფარგლებში. „თუმანიანი - 150“-ში შესულია თუმანიანის ლექსები ორიგინალურ ენაზე, უფრო ადრე თარგმნილი რამდენიმე ლექსი და წერილი. „ჰოვანეს ნათელი“ შეადგინა ქართველოლოგმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ჰრაჩია ბაირამიანმა. წიგნი შეიცავს თუმანიანის საქართველოსა და ქართველი მეგობრებისადმი მიძღვნილ ლექსებს, სტატიებსა და წერილებს, ასევე ქართველი კოლეგების მიერ თუმანიანისადმი მიძღვნილ წერილებს, ლექსებსა და შეფასებებს. წიგნი დაიბეჭდა სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, საქართველოს სომხური ეპარქიისა და ქველმოქმედის, სერგეი სიმონიანის ფინანსური მხარდაჭერით.
იუბილეების მნიშვნელობა, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება დედა სამშობლოს მიღმა ყოველივე ეროვნულის დაცვის, წარმოდგენისა და გავრცელების ერთ-ერთი საშუალებაა მთელს მსოფლიოში მიმოფანტული სომხობისათვის. იუბილის აღსანიშნავად შეიქმნა კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ თბილისისა და სომხებით დასახლებული რაიონების სომხური სტრუქტურების წარმომადგენელნი, იმ დროის საქართველოს სომხური ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსის, ვაზგენ მირზახანიანის ხელმძღვანელობით. თუმანიანისა და კომიტას არქიმანდრიტის იუბილეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მაღალ დონეზე ჩატარდა თბილისში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ახალციხეში, ბათუმში, მარნეულსა და სომხებით დასახლებულ სხვა რაიონებში, თითქმის ყოველ კვირას იმართებოდა ღონისძიებები „ჰოვანეს თუმანიანის სახლში“, „ჰაიარტუნისა“ და „რაფაელ ჯავახის“ ცენტრებში.
საიუბილეო კომისიის სახელით სამადლობელი სიტყვით მიმართეს მის უწმინდესობა ვაზგენს, ღონისძიებათა დაგეგმვის, ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობით პროგრამის ნაწილობრივ განხორციელებისათვის.
საიუბილეო ღონისძიებების განხორციელებაში საწინამძღვროს ლოცვა-კურთხევისა და ხელშეწყობისათვის საქართველოს სომხური ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალს, ღირსი მამა არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანს გადაეცა საქართველოს სომხური ეპარქიის მედალი „ჰოვანეს თუმანიანი - 150“. ერევნის თუმანიანის მუზეუმმა „ჰოვანეს თუმანიანი -150“ მედლით დააჯილდოვა პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი და „ჰოვანეს თუმანიანის სახლის“ სამეცნიერო კულტურული ცენტრის ხელმძღვანელი გისანე ჰოვსეფიანი. თუმანიანის შვილიშვილმა, ალიონა კოლესნიკოვამ „ჰოვანეს თუმანიანის სახლს“ საჩუქრად გადასცა საოჯახო რელიკვიები.
ღონისძიება შეაჯამა საწინამძღვროს ნაცვალმა ღირსმი მამამ, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა. მან დალოცა ორგანიზატორები, წმინდა მამამ მადლობა გადაუხადა მის ყოვლადუსამღვდელოესობას, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს, საქართველოსა და სომხეთის კულტურის სამინისტროებს, ერევნის ჰოვანეს თუმანიანის მუზეუმს, საქართველოს მწერალთა კავშირს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქციას, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივ, სახალხო სტრუქტურას, საქართველოს სომხურ სკოლებს – ჰოვანეს თუმანიანისა და კომიტას არქიმანდრიტისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონიძიებების სათანადოდ განხორციელებისათვის.
ლექსების წაკითხვით, სიმღერითა და მუსიკალური გაფორმებით ღონისძიება გაალამაზეს 104-ე სკოლის მოწაფეებმა ალისა უმურშატიანმა, დავით მაღალოვმა, მუსიკოსმა ესაი აბოვიანმა, „მაკარ ეკლამლიანის“ საეკლესიო გუნდის ხელმძღვანელმა სვეტლანა ტატოევამ და მისმა მოწაფემ ელენ რეიჰანოვამ. საიუბილეო საღამო დასრულდა კომიტასის მუსიკით, რომელიც შეასრულა კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანმა კვარტეტმა პროფესორ ერნესტ არაქელოვის ხელმძღვანელობით.
პრეზენტაციას უძღვებოდნენ „ჰოვანეს თუმანიანის სახლის“ სამეცნიერო-კულტურული ცენტრის ხელმძღვანელი გისანე ჰოვსეფიანი და საქართველოს სომხური ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი სურენ აბრამიანი.