Материалы

თბილისში აღინიშნა ალექსანდრე სპენდიარიანის დაბადებიდან 150 წლის იუბილე

წლევანდელი წელი საიუბილეოა, ხელოვნების მოყვარული სომეხი საზოგადოება აღნიშნავს სომხური კლასიკური სიმფონიური მუსიკის ფუძემდებლის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, დირიჟორის, კომპოზიტორის და სომხეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტის- ალექსანდრე სპენდიარიანის დაბადების 150 წლის იუბილეს. აღნიშნული ღირსშესანიშნავი თარიღი სამი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოთხოვნით, UNESCO-მ სადღესასწაულო პროგრამაში დაამტკიცა, რამაც საერთაშორისო ჯღერადობა  გამოიწვია.

247492551

უნდა აღინიშნოს, რომ წელს ალ. სპენდიარიანის თბილისში განხორციელებული პირველი ვიზიტიდან 105 წელი შესრულდა, ამრიგად იუბილე ორმაგად საზეიმო აღმოჩნდა. სახელგანთქმული კომპოზიტორის ვიზიტი, ნაცნობობა, მეგობრობა ქართული კლასიკური მუსიკის გამოჩენილ მოღვაწეებთან, მათ შორის ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებელ ზაქარია ფალიაშვილთან, წლების მანძილზე გაღრმავდა და შემოქმედებითი თანამშრომლობის სახე მიიღო. აქედან გამომდინარე ერევნის ალექსანდრე სპენდიარიანის სახლ-მუზეუმის და ერევნის ჰოვანეს თუმანიანის მუზეუმის ინიციატივით, დიდი კომპოზიტორის საიუბილეო ღონისძიებათა პროგრამის თბილისურმა ფურცელმა „მეორე შემოქმედებითი სიცოცხლე: თბილისი“ სახელწოდება მიიღო.

საიუბილეო ღონისძიებები 2021 წლის 23-24 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კეთილი ნებით და ლოცვა-კურთხევით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მხარდაჭერით და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ხელშეწყობით ჩატარდა. „მეორე შემოქმედებითი სიცოცხლე: თბილისი“ სახელწოდებით ღონისძიებებში მონაწილეობდა დელეგაცია, რომელსაც ერევნის ალ. სპენდიარიანის სახლ-მუზეუმის დირექტორი მარინე ოთარიანი ხელმძღვანელობდა.

24836698საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში სადღესასწაულო განწყობის პრელუდია ცენტრის დუდუკის კლასის მოსწავლის ართურ პაპიკიანის მიერ შესრულებულმა „ენზელმა“ შექმნა, რომელსაც აკომპანირებას უწევდა ანრი აკოპიანი, დუდუკის პედაგოგი ივანე მკრტჩიანი და დოლის პედაგოგი სერგეი მალხასიანი. ღონისძიების წამყვანები გახლდნენ ცენტრის ხელმძღვანელი ევგენია მარკოსიანი და ეპარქიის კულტურის განყოფილების პასუხისმგებელი სურენ აბრამიანი.

დარბაზში იმყოფებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, სასულიერო პირები, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ლექტორები, სტუდენტები, ქალაქის მერიის ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის თანამშრომლები, ხელოვნების მოყვარული საზოგადოების წარმომადგენლები.

ალექსანდრე სპენდიარიანის ცხოვრების საინტერესო და უცნობ ფაქტებზე ისაუბრა ერევნის ალ. სპენდიარიანის სახლ-მუზეუმის დირექტორმა მარინე ოთარიანმა, რომელმაც თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა კომპოზიტორის თბილისში ვიზიტს, მის მეგობრობას სომეხ და ქართველ ინტელიგენციასთან, ერთმანეთთან თანამშრომლობის პირობებს და შემოქმედებითი  ცხოვრების ფურცლებს.

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წარმომადგენელმა თინათინ ბარკალაიამ სიტყვით გამოსვლისას ძირითადი აქცენტი ზაქარია ფალიაშვილის და ალექსანდრე სპენდიარიანის ვიზიტებზე გააკეთა, რომლის დროსაც ხიდი გაიბა კლასიკური მუსიკის ასპარეზზე, რაც გახდა შემოქმედებითი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და რამაც გაამდიდრა იგი ხელოვნების სამყაროდან შეტანილი სიახლეებით.

მშობლიური ენის არმცოდნე, თუმცა მისი კულტურისათვის თავდადებული ალ . სპენდიარიანის ახლობლობა ჰოვანეს თუმანიანთან გახდა ნიჭიერი კომპოზიტორის სომხური ეროვნული კულტურისათვის თავდაუზოგავი შრომის ახალი იმპულსი. ერევანის ჰოვანეს თუმანიანის მუზეუმის დირექტორმა ანი ეღიაზარიანმა თავის სიტყვაში წინ წამოწია დიდი ლორელის პოემის- „თმოგვის ციხის აღება“ მოტივებზე შექმნილი „ალმასტ“ ოპერის შემოქმედებითი გეზი, ხაზი გაუსვა იმას, რომ მოსკოვის შემდეგ, „ალმასტ“ ოპერა დაიდგა თბილისში, რამაც გარდაცვალების შემდეგ საყოველთაო ცნობადობა და აღიარება მოუტანა ნიჭიერ სომეხ კომპოზიტორს.

სადღესასწაულო განწყობა 24 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურულ ცენტრში გაგრძელდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი, „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არმენ ბაიანდურიანი, ხელოვნების მოყვარული საზოგადოების წარმომადგენლები.

შინაარსობრივ, მაღალ დონეზე ორგანიზებულ და კულტურული თემატიკით დატვირთულ ორდღიან ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის სულიერმა ინსპექტორმა, ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ატაშემ ავეტიქ ჰარუთუნიანმა, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის წარმომადგენელმა თამარ მარმა. ამ უკანასკნელმა ერევნის ალ. სპენდიარიანის სახლ-მუზეუმს „ზაქარია ფალიაშვილის“ ალბომი უსახსოვრა, ხოლო მას საპასუხოდ ალ. სპენდიარიანის „ალმასტ“ ოპერის საიუბილეო გამოცემა გადაეცა.

247845480

ეპარქიის ორივე ცენტრში გამართული ღონისძიებები თავიანთი გამოსვლებით გაალამაზეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის „სურბ ნერსეს შნორალი“ ყმაწვილთა გუნდმა (ხელმძღვანელი- მარია აბულიანი), სოლო შემსრულებელმა აიდა ბაზოიანმა და პიანისტმა ესაი აბოვიანმა. დღის სადღესასწაულო განწყობის შესაფერისად „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის ხელმძღვანლის გისანე ოვსეფიანის წარდგენის შემდეგ ღონისძიებაზე ერთმანეთის მიყოლებით გამოვიდნენ ერევნის ალ. სპენდიარიანის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლო შემსრულებლები დიანა ჰარუთუნიანი და ანდრანიკ მალხასიანი, პიანისტი მარგარიტა სარგსიანი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის სოლო შემსრულებელი სვეტლანა ტატოევა და პროფესორ ერნსტ არაქელოვის ვიოლინოს კლასის მოსწავლე დავით აკოპოვი, რომლებმაც ბრწყინვალედ შეასრულეს კლასიკური მუსიკის მარგალიტები და თავიანთი ულამაზესი გამოსვლებით დაუვიწყარი კონცერტი აჩუქეს მაყურებელს.

ნამდვილადაც, საიუბილეო ღონისძიებები თბილისში გახდა ერის ნიჭიერი შვილის 150 წლის იუბილეს პატივისცემის გამოხატულება, ვის სახელსაც სიამაყით ატარებს ერევნის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი. ერევნის მუზეუმის მიერ ელჩი რუბენ სადოიანი დაჯილდოვდა „ალ. სპენდიარიანი 150“ სამახსოვრო მედლით.

24849340

დღე ყოველთა სომეხთა პოეტის ჰოვანეს თუმანიანის თბილისის საცხოვრებელ სახლში, მის  სამუშაო ოთახში, ოთხ ორგანიზაციულ ერთეულს,  ერევნის ალ. სპენდიარიანის სახლ-მუზეუმი- წარმოდგენილი დირექტორის მარინე ოთარიანის სახით, ერევნის ჰოვანეს თუმანიანის მუზეუმი- წარმოდგენილი დირექტორის ანი ეღიაზარიანის სახით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურული ცენტრი- წარმოდგენილი ხელმძღვანლის გისანე ოვსეფიანის სახით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი- წარმოდგენილი ხელმძღვანლის ევგენია მარკოსიანის სახით, შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით დაგვირგვინდა.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის შედეგად მოქმედი შეზღუდვების გამო, უზრუნველყოფილი იყო საიუბილეო ღონისძიებების ორდღიანი პროგრამის პირდაპირი ეთერის საშუალებით გადაცემა, რომლის ჩანაწერიც სოციალურ ქსელშია განთავსებული.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են