ერევნის ჰოვანეს თუმანიანის მუზეუმში აღინიშნა ოლგა თუმანიანის - დიდი დედის 150- წლის იუბილე
2021 წლის 22 დეკემბერს, ერევნის ჰოვანეს თუმანიანის მუზეუმში გაიმართა „ოლგა თუმანიანი - 150“ საიუბილეო ღონისძიება, რომელშიც მუზეუმის მიწვევით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევითა და მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურული ცენტრის დელეგაციამ - გისანე ჰოვსეფიანის, გოჰარ მაზმანიანისა და ელა თადევოსიანის შემადგენლობით. საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის კონცეპტუალურ საკითხთა ოფისის დირექტორი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი - მისი ლოცვა-კურთხევითა და თბილი სურვილებით.
ღონისძიება მუზეუმის დირექტორის, ანი ეღიაზარიანის მიერ „მაირიკ“ („დედა“) წიგნის პრეზენტაციით დაიწყო, რომელიც მთლიანად თუმანიანის მეუღლეს - ოლგა მაჭკალიანს ეძღვნება.
დამსწრეებმა ნახეს მუზეუმის მომზადებული ოლგა თუმანიანისადმი მიძღვნილი „მაირიკ“ („დედა“) ფილმი, სადაც წარმოდგენილი იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორების ავიკ ისააკიანის და აზატ ეღიაზარიანის აზრები და შეხედულებები, ხაზგასმული იყო ქალბატონი ოლგას როლი თუმანიანის ლიტერატურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში. წარმოდგენილ იქნა თუმანიანის შვილიშვილების - სურმა თუმანიანის (სანქტ-პეტერბურგი) და ირმა საფრაზბეკიანის (გერმანია, ქალაქი ჰაიდელბერგი) მემორიალური მიმართვები საკუთარ ბებიაზე. ირმა საფრაზბეკიანის თხოვნით ოლგა ბებიას სიგარეტის ყუთი მუზეუმს გადასცა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სერგო ერიციანმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თუმანიანის ძმების შვილიშვილები - ჰანრინი და ლაურა, რომლებმაც ასევე დიდი სიყვარულით გაუზიარეს დამსწრეებს მოგონებები ოლგა ბებიაზე.
თბილისის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურული ცენტრის ხელმძღვანელმა გისანე ჰოვსეფიანმა საკუთარ მისასალმებელ სიტყვაში დამსწრეებს აცნობა, რომ თუმანიანის ოჯახის თბილისის სახლში უკვე სათანადოდ აღინიშნა მათი დიდი თანამემამულის 150-წლის იუბილე. გისანე ჰოვსეფიანმა მუზეუმს საქართველოში მცხოვრები სომეხი ეროვნების მინიატურისტის მერუჟან შაჰუმიანის ნამუშევარი სახელწოდებით - „ავეტუმ“ (ხარება) გადასცა.
დამსწრეებმა დაათვალიერეს ოლგა თუმანიანისადმი მიძღვნილი და მასთან დაკავშირებული ნივთების გამოფენა, მიირთვეს ტორტი, სასმელი და მურაბები, რომელიც ქალბატონი ოლგას რეცეპტებით იყო მომზადებული.
თბილისის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის თანამშრომლები ეწვივნენ ასევე ერევნის ალექსანდრე სპენდიარიანის სახლ-მუზეუმს, სადაც შეხვედრა ჰქონდათ სახლ-მუზეუმის თანამშრომლებთან. სახლ-მუზეუმის დირექტორმა მარინე ოთარიანმა სტუმრებს სთხოვა, რომ სპენდიარიანის სახელობის მემორიალური მედალი გადაეცათ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრისათვის - როგორც „სპენდიარიანი - 150“ საიუბილეო ღონისძიებათა ლამაზი მოგონება.
„თუმანიანის სახლი“ ცენტრისათვის წლის ბოლო ღონისძიება, ნამდვილადაც რომ ცენტრის ქრონიკაში ამიერიდან ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ნათელ გვერდად დარჩება.