თბილისში ჰოვანეს თუმანიანის 154 წლის იუბილე აღინიშნა
19მთებერვალს, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიამ ძირითადი ბარკენდანის დღესასწაული იზეიმა. წმინდა წირვა საკურთხევლის დახურული ფარდის ფონზე აღევლინა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა, დამსწრეებს ძირითადი ბარეკენდანის დღესასწაული მიულოცა, და მოუწოდა მათ, რომ ძირითადი ბარეკენდანის დღესასწაულის მომდევნო დღიდან დაწყებული დიდი მარხვის გზას სულიერად მომზადებულნი დაადგნენ, რათა ლოცვითა და სუფთა სულით ვიზეიმოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.
19 თებერვალს ასევე დიდი სომეხი პოეტის, ჰოვანეს თუმანიანის, დაბადების დღეა, რომელიც თბილისში ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. დედაქალაქში დიდი ლორელის 154-ე წლის იუბილეს აღნიშვნა პოეტის თბილისური სახლიდან დაიწყო, სადაც იგი ცხოვრობდა და ქმნიდა. თუმანიანი მისი შემოქმედებითი საქმიანობით გახდა სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობის სიმბოლო, ორი ქვეყნის ლიტერატურის დამაკავშირებელი ხიდის დამაარსებელი.
დღის სტუმრები გახლდნენ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის „შარლ აზნავურის“ სახელობის კულტურის ცენტრის დელეგაცია - ცენტრის დირექტორის, კარინე დავთიანის ხელმძღვანელობით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი აშოტ სმბატიანი, სტუმრები ერევნიდან და თბილისიდან.
ელჩმა სმბატიანმა თავის გამოსვლაში ისაუბრა მსოფლიო ლიტერატურაში თუმანიანის როლსა და აღიარებაზე, ხაზი გაუსვა სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი დიპლომატიური საქმიანობის პერიოდში თარგმანებისა და გამოცემების მეშვეობით როგორც თუმანიანის შემოქმედების საუკეთესო ნაწარმოებების, ასევე სომხური ლიტერატურისა და კულტურის ადგილობრივი საზოგადოებისათვის მისაწვდომობის მნიშვნელობას.
თუმანიანის შვილთაშვილმა, ალიონა კოლესნიკოვამ, ბაბუის დაბადების დღეზე „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ - ცენტრს საოჯახო ალბომი გადასცა, სადაც ჰოვანეს თუმანიანის მიერ საკუთარი ქალიშვილის - სედასათვის მიწერილი წერილები და ბალადა „პოღოს-პეტროსი“ ინახებოდა.
საკუთარ გამოსვლებში „შარლ აზნავურის“ სახელობის კულტურის ცენტრის დირექტორმა, კარინე დავთიანმა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორმა, კარენ გრიგორიანმა დააფასეს სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის საქმიანობა და ცენტრს თანამშრომლობის ახალი გზები შესთავაზეს.
ჰოვანეს თუმანიანის ყოფილ სამუშაო ოთახში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანსა და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბ-ნ ჰოვანეს ჰოვანისიანს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, ამ უკანასკნელის არყოფნის გამო, მას წარმოადგენდა „შარლ აზნავურის“ კულტურის ცენტრის დირექტორი, კარინე დავთიანი. სტუმრებმა სტრუქტურების წარმომადგენლებს არმენოლოგიის წიგნები გადასცეს.
დღესასწაული „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრში ტრადიციული ჩაის სუფრით დასრულდა.
თბილისში მიმდინარე ღონისძიებები სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში გაგრძელდა, სადაც დიდი პოეტი განისვენებს. პანაშვიდის აღსრულების შემდეგ, სიტყვით გამოვიდა სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი. ბატონი სმბატიანი ღონისძიებაზე ხელცარიელი არ იმყოფებოდა. მას წარმოდგენილი ჰქონდა გერმანიაში, ორ - სომხურ და გერმანულ ენებზე გამოცემული თუმანიანის ნაწარმოებების კრებული. თუმანიანის დღე ბავშვების მიერ პოეტის ნაწარმოებების მხატვრული კითხვით დამშვენდა.
დამსწრეებმა ყვავილებით შეამკეს თუმანიანის საფლავი, ხოლო დღე ცხონებული ლევონ ანანიანის მიერ დაარსებული და თბილისელ სომეხ საზოგადოებაში აწ გარდაცვლილი ანაჰიტ ბოსტანჯიანის მიერ დამკვიდრებული წიგნების ჩუქების ცერემონიით დასრულდა, რომელსაც პოეტის ქალიშვილები, გაიანე და მარინე ბოსტანჯიანები აგრძელებენ.
თუმანიანის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაგრძელდა, რომელიც ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის „შარლ აზნავურის“ სახელობის კულტურის ცენტრისა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების ერთობლივ კონცერტს მასპინძლობდა. კონცერტი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის „შარლ აზნავურის“ სახელობის კულტურის ცენტრისა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მუსიკალური გუნდების მიერ ერთობლივად შესრულებული სიმღერით - „სამშობლო“ (სომხ. „ჰაირენიქ“) დასრულდა. დღესასწაული შეაჯამა და დამსწრეები დალოცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქვემო-ქართლის რეგიონის სომხური ეკლესიების სულიერმა მოძღვარმა, არქიმანდრიტმა ზავენ იაზიჩიანმა. მან დამსწრეებს ეპარქიის წინამძღვრის კურთხევა გადასცა და მათ ძირითადი ბარეკენდანის დღესასწაული და დიდი სომეხი პოეტის დაბადების დღე მიულოცა .
ორი ცენტრის ხელმძღვანელები - კარინე დავთიანი და ევგენია მარკოსიანი - შეთანხმდნენ, რომ სიმღერა „სამშობლო“ (სომხ. „ჰაირენიქ“) მათი თანამშრომლობის ჰიმნად გამოეცხადებინათ.