ბათუმის „ალექსანდრ მანთაშიანც“ ცენტრი გაფართოვდა
2019 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, დელეგაცია ბათუმში თემის „ალექსანდრ მანთაშიანც“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის გაფართოებული დარბაზის საზეიმო ცერემონიას დაესწრო, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ეღიშე სარგსიანი, ნინოწმინდაში სურბ სარგის ეკლესიის სასულიერო მსახური, მღვდელი არმაშ პოღოსიანი, სტუმრები, საზოგადო მოღვაწეები.
საზეიმოდ მორთულ ცენტრთან სტუმრები დირექტორ სონა ჰოვანისიანმა მიიღო. მან აღნიშნა ცენტრის საქმიანობის ფართო წრე, მადლობა გადაუხადა „ვარდან ჯინიშიან ხსოვნის ფონდს“ დარბაზის მოპოვებისა და ცენტრის პროგრამების მხარდაჭერისთვის.
გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა „ჯინიშიან ხსოვნის ფონდის“ ერევნის ოფისის დირექტორი არმენ ჰაკობიანი. თავის გამოსვლაში მან მიმოიხილა საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან ერთად წლების მანძილზე განხორციელებული თანამშრომლობა, ფონდის დირექტორმა ხაზი გაუსვა ეკლესიისადმი იმ ერთგულ და ეროვნების შენარჩუნებისთვის გაწეულ სამსახურს, რომელიც ყოფილი წინამძღვრის ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანის ინიციატივით და ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში შესრულდა. არმენ ჰაკობიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ცენტრის გაფართოებაც ამ თანამშრომლობის შედეგია.
შეფასებითი სიტყვით გამოვიდა დიასპორის ურთიერთობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტარონ შაგოიანი. უკანასკნელმა მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას, ცენტრის შეძენის მიზნით გამოყოფილი მატერიალური საშუალებებისთვის, თემს და არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანს, რომელიც აგრძელებს დიასპორის სათაო ოფისთან მუშაობას.
ცენტრის ახალ დარბაზს „ჯინიშიანის ხსოვნას“ ეწოდა. დარბაზის გახსნის ლენტები გაჭრეს არმენ ჰაკობიანმა და ტარონ შაგოიანმა.ახლადგახსნილი დარბაზი აკურთხა წინამძღვრის ნაცვალმა.
საზეიმო გახსნის შემდეგ, ცენტრის მოსწავლეების მონაწილეობით სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა, რომლის დასასრულს სასულიერო მსახურმა, მღვდელ არარატ გუმბალიანმა, თემისა და ცენტრის სახელით მიესალმა წინამძღვრის ნაცვალს და დელეგაციის წევრებს, მადლობა გადაუხადა ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის, შეაქო საზოგადო მოღვაწეები, რომლებმაც დახმარების ხელი გაუწოდეს ცენტრის გაფართოებული დარბაზის რესტავრაციის საქმეში.
მამაომ მადლობა გადაუხადა თემის ყოფილ წინამძღვარ ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს, ცენტრის დაფუძნების და გაფართოების საქმეში ჩადებული წვლილისთვის.