რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო
2019 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდთან და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრას ესწრებოდა სომხური მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი ღირსი კირაკოს არქიმანდრიტი დავთიანი.
შეკრებილთ მიესალმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ჩატარებული ღონისძიებები და ხაზი გაუსვა, რომ რელიგიის სააგენტო კვლავაც შეასრულებს შუამავლის როლს რელიგიურ ორგანიზაციებსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის, რაც კიდევ უფრო შეიწყობს ხელს საქართველოში ბავშვთა უფლებების მაქსიმალურ დაცვას.
გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა აღნიშნა რელიგიის სააგენტოს წვლილი და ჩართულობა ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის ორგანიზებასა და მასპინძლობაში. მან კმაყოფილებით აღნიშნა ფონდის საკონსულტაციო შეხვედრები საპატრიარქოსა და სამუფტოს წარმომადგენლებთან აჭარაში..
რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებმა გამოთქვეს გაეროს ფონდთან თანამშრომლობის სურვილი და აღნიშნეს ისეთი გამოწვევები, როგორიცაა ბავშვთა სიღარიბე, განათლება, აღზრდა, დევნილი ბავშვები, უხამსობის, ძალადობის პროპაგანდის შემცველი და ბავშვის ფსიქიკისთვის შეუფერებელი პროდუქციის მავნებლობა და მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოს ამ პრობლემის რელიგიათაშორისი ურთიერთობების სიბრტყეში გადმოტანისთვის.
შემაჯამებელ გამოსვლაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და ინტენსიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.