საქართველოს მთავრობის დამატებითი კომპენსაცია საქართველოს სომეხთა ეპარქიას
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიური გაერთიანებების ქონებრივ და ფინანსურ საკითხთა შემსწავლელი კომისიის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი, ეპარქიის ადმინისტრაციულ-ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელ, კარენ ერიციანთან ერთად. კომისიამ განიხილა რელიგიური ორგანიზაციების წინადადებები ქონებრივ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს სომეხთა ეპარქიამ წარადგინა თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში, ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიასა და თეთრიწყაროს სომხურ ეკლესიაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით ფინანსური მხარდაჭერის მიღების სამი განცხადება.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამივე განცხადება დაკმაყოფილდა.
საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან „რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით“ გამოიყო 4,5 მლნ ლარი, საიდანაც 3,5 მლნ ლარი გაუნაწილდა საქართველოს ისლამურ თემს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიას, საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა თემსა და საქართველოს იუდეურ თემს.
საქართველოს სომეხთა ეპარქიამ საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღო 600 000 ლარი.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დარჩენილი 1 მლნ ლარი ასევე პროპორციულად გადანაწილდა ზემოთ აღნიშნულ რელიგიურ გაერთიანებებს შორის, ამდენად საქართველოს სომეხთა ეპარქიამ დამატებით მიიღო 200 ათასი ლარი.