ქრისტეშობისა და ნათლისღების საღმრთო ლიტურგია საქართველოს სომეხთა ეპარქიაში
2021 წლის 6 იანვარს, სომხურმა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ ჩვენი იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულები იზეიმა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში პირველი ძირითადი საუფლო დღესასწაული სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიით აღინიშნა.
თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარს ეწვივნენ და საშობაო ღვთისმსახურებას დაესწრნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, იზაბელა ოსიპოვა და კობა ჩოფლიანი, ყოფილი პარლამენტარები, დავით ჭიჭინაძე და რუსლან პოღოსიანი, „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები, საზოგადოების წევრები და მორწმუნეები.
საქართველოს სომეხი ეროვნების მორწმუნეებს იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულები მიულოცეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, მოძმე ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, უამრავმა მაღალი თანამდებობის პირმა და საზოგადო მოღვაწემ.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა. მწირველმა მღვდელმა ლიტურგიაზე დამსწრეებს ქრისტეშობა ახარა.
ღვთისმსახურებისას, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა წაიკითხა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის საშობაო და ნათლისღების დღესასწაულებთან დაკავშირებული ეპისტოლე. ტაძარში ქრისტეშობისა და უფლის განცხადების- ნათლისღების ხარების ამბავი გავრცელდა.
ღვთისმსახურების დასასრულს, წმინდა მამამ ისაუბრა ისტორიულად ერთმორწმუნე ხალხების ურთიერთობაზე- სომხური და ქართული ეკლესიების მეგობრობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ 6 იანვრის ღამეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ჩატარდება საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურება, მღვდელმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის მრევლისა და სასულიერო დასის სახელით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლსა და მღვდელმთავრებს ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული მიულოცა.
არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის მიერ საღმრთო ლიტურგიის დასასრულს წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის წესისამებრ, „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარსა და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში ჯვრის ნათლიები გახდნენ იური ერემიანი და გრიგორ ნალბანდიანი.
იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინა და წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“, ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“, ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ტაძრებში, მათი მიმდებარე სოფლების ეკლესიებში, ასევე ქვემო ქართლის, რუსთავისა და მარნეულის რეგიონებში.
სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ყველგან გამასპინძლება გაიმართა.