საქართველოს სომეხთა ეპარქიამ ეკუმენურ ლოცვაში მიიღო მონაწილეობა
კორონავირუსული პანდემიის გამო საქართველოში მოქმედ შეზღუდვებს ხელი არ შეუშლია ქვეყნის 4 ქრისტიანული ეკლესიის მონაწილეობით საერთო ლოცვის აღვლენაში. ეკუმენური ლოცვა წლების განმავლობაში აღევლინებოდა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოში რომაულ- კათოლიკური ეკლესიის, საქართველოში ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიისა და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიერ. წლევანდელი ეკუმენური ლოცვის ორგანიზატორი საქართველოში ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიაა.
2021 წლის 22 იანვარს, ეკუმენური ლოცვა აღევლინა თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს ლუთერანულ ეკლესიაში.
ეკუმენურ ლოცვას ესწრებოდნენ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, საქართველოში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვრები ეპისკოპოსები მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ილია ოსეფაშვილი და მისი ყოვლადუსამღვდელოესობა რუსუდან გოცირიძე, საქართველოში ევნაგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი მარკუს შოხი, სხვადასხვა ეკლესიის სასულიერო პირები.
ღვთის სიტყვის საყოველთაო მსახურებისთვის ერთობლივი ლოცვის მიმდინარე წლის დევიზია: "ქრისტესგან მომდინარე სინათლე გვათბობს და უფლისკენ მივყავართ".
წმინდა წიგნიდან ნაწყვეტების წაკითხვითა და საგალობლების შესრულებით სხვადასხვა ეროვნებისა და სხვადასხვა ქრისტიანული დენომინაციის წარმომადგენლებმა ერთობლივი ლოცვა აღავლინეს სიყვარულის, სიკეთის, ცოდვების მიტევების, მონანიებისა და ჰუმანიზმის საჭიროებაზე, რომელიც ასევე იყო მოწოდება - ღვთის სიტყვის მოსმენის, ერთად ყოფნისა და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების თხოვნით.
ეკუმენური ლოცვის ყველა მონაწილემ ისაუბრა საერთო ლოცვის მნიშვნელობაზე. ლოცვაზე აღნიშნა, რომ მსგავს ღონისძიებებს შეუძლია ერთმანეთს დააახლოვოს სხვადასხვა ეკლესიის მრევლი, რათა მათ თაყვანი სცენ ერთადერთ უფალსა და მაცხოვარს ჩვენსა იესო ქრისტეს. წინამძღვარმა ეპისკოპოსებმა სიყვარულისა და მშვიდობის სინათლით აანთეს ღვთიური სანთელი ღვთის სიტყვის ერთობლივად მოსასმენად, ერთად ყოფნისა და მსოფლიოში მშვიდობის დასამკვიდრებლად. ერთობლივად ილოცეს პანდემიის და ომის საშინელებისგან კაცობრიობის გადასარჩენად.
ეკუმენური ლოცვა სულიერი მოძღვრების მიერ თავიანთ მშობლიურ ენებზე წარმოთქმული ლოცვა-კურთხევით დასრულდა.
საერთო ლოცვის რიტუალში მონაწილეობდნენ ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი ღირსი მამა მღვდელი ნარეკ ღუშჩიანი და დიაკვანი გიორგი აბრამიანი.
მართალია, ტაძარში მორწმუნეთა დასწრება შეზღუდული იყო, თუმცა ღვთის სიტყვით მცხოვრები მორწმუნეების სულების გათბობა ინტერნეტის საშუალებით ეკუმენური ლოცვის პირდაპირ ეთერში გადაცემამ შეძლო.