საიათნოვას "ვარდატონის" ზეიმის სული სუფევდა თბილისში
მსოფლიოში გავრცელებულმა კორონავირუსულმა პანდემიამ ცვლილებები შეიტანა თბილისში ტრადიციად დამკვიდრებულ, საიათნოვას „ვარდატონის“ დღესასწაულის აღნიშვნის ფორმატში, რომელსაც სადღესასწაულო ხიბლი და სილამაზე უწინდებულად აქვს შენარჩუნებული. საიათნოვას სომხური აშუღური ხელოვნების პატივისცემის ლამაზი ტრადიციებით დამკვიდრებულმა ზეიმმა მულტიეთნიკური, კოლორიტული თბილისის მოსახლეობასა და ქალაქის ჟამთაღწერაში მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი, და უკვე 100 წელზე მეტია მაისის თვის ბოლო კვირა დღეს აერთიანებს აშუღული სიმღერის მოყვარულებს, საიათნოვას ხელოვნების თაყვანისმცემლებს, რომლებიც „სურბ გევორგ“ მთავარი საკათედრო ტაძრის ეზოში წითელი ვარდებით ამკობენ დიდებული სომეხი აშუღისა და ხალხთა მეგობრობის აპოლოგეტის- საიათნოვას საფლავს, თაობებს ახსენებენ და გადასცემენ მის სიდიადეს, მისი სამუსიკო ხელოვნების და აშუღური სიტყვის განუმეორებელ აქტუალობას და უკვდავებას.
2021 წლის 30 მაისს, საიათნოვას „ვარდატონ“-ის ზეიმი საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევითა და „ოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურული ცენტრის ინიციატივით (ხელმძღვანელი- გისანე ჰოვსეფიან) ამაღლების ქუჩის 18 ნომერში მდებარე, ყოველთა სომეხთა პოეტის ყოფილი საცხოვრებელი ბინიდან დაიწყო, სადაც სომეხი საზოგადოების წარმომადგენლები წითელი ვარდებით ხელდამშვენებულნი იყვნენ შეკრებილნი. ყოველთა სომეხთა პოეტის ყოფილი საცხოვრებელი ბინიდან ფეხით მსვლელობა მოეწყო „სურბ გევორგ“ მთავარი საკათედრო ტაძრისკენ, რათა თბილისის მოსახლეობისათვის გაეხსენებინა ამ ქალაქში დაბადებული ხალხთა მეგობრობის აპოლოგეტის- საიათნოვას ხსოვნა.
მსვლელობის მონაწილეებმა, რომელთა შორის იყვნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები ჰარუთიუნ ჰაირაპეტიანი და ლევონ ზარგარიანი, პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სომხური დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არმენ ბაიანდურიანი, „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, მწერლები, პოეტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და საზოგადოების წარმომადგენლები, ყვავილებით შეამკეს მეიდნის საიათნოვას სიმბოლური ძეგლი და მონაწილეობა მიიღეს თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით ქვემო ქართლის რეგიონის სულიერი მწყემსის, არქიმანდრიტ ზავენ იაზიჩიანის მიერ აღვლენილ საკვირაო ღვთისმსახურებაში.
მწირველმა წმინდა მამამ თავის ქადაგებაში ხაზი გაუსვა დღის მნიშვნელობას, ისაუბრა ეღია წინასწარმეტყველის დღესასწაულზე, ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გევორგ V ტიფლისელსა და ღირსეული თბილისელის-საიათნოვას ფასდაუდებელ სიდიადეზე, ხაზი გაუსვა ასევე ოვანეს თუმანიანის, გევორგ ბაშინჯაღიანის და იოსებ გრიშაშვილის ინიციატივით დაარსებული „ვარდატონის“ დღესასწაულის საუკუნოვან ტრადიციას, რომელიც დღემდე გრძელდება და რომელიც მუდამ დარჩება მულტიეთნიკურ და მულტირელიგიურ ქალაქში მეგობრობის, სიყვარულისა და რწმენის სიმბოლოდ.
წმინდა რიტუალის დასასრულს, დამსწრეებმა ეკლესიის ეზოში მდებარე საიათნოვას საფლავთან გადაინაცვლეს, სადაც ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის საპატიო წინამძღოლობითა და სასულიერო დასის მონაწილეობით პანაშვიდის წესი შესრულდა. საიათნოვას ხელოვნების უკვდავებასა და შეუდარებელი აშუღის წარუშლელ ხსოვნაზე გაამახვილა ყურადღება ყველა სიტყვით გამომსვლელმა.
ამის შემდეგ დამსწრეებმა სიყვარულის ამაღლებული გრძნობით ყვავილებით და ვარდებით შეამკეს უკვდავი საიათნოვას საფლავი. აი ასე აღინიშნა კიდევ ერთი შეცვლილი, თუმცა უწყვეტი „ვარდატონი“ ნიშნად აშუღ საიათნოვას მიმართ ხალხის სიყვარულის და მისი შემოქმედების უკვდავებისა.