ბავშვთა დაცვის დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიის საბავშვო ბაღებში
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სადღესასწაულოდ აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის დაქვემდებარებაში მოქმედ საბავშვო ბაღებში.
2021 წლის პირველ ივნისს, ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევითა და მხარდაჭერით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელთათვის ამაღლებული სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად და მათთვის საინტერესო სიურპრიზების მოწყობის მიზნით გასართობი ღონისძიებები მოეწყო.
ბავშვების გართობის და ერთმანეთთან დაახლოვების მიზნით „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელის ევგენია მარკოსიანის ინიციატივითა და რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის მხარდაჭერით ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღმა რუსთავის „ნაირი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლა, მათ აღმზრდელ ანი მინასიანთან, საქმეთა მწარმოებლ აიდა ფოლადიანსა და მშობლებთან ერთად.
დღესასწაული ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში დაიწყო, სადაც აღსაზრდელთა სიცილ-კისკისი და ჟრიამული იდგა. მხიარულმა მუსიკამ, გასართობმა ცეკვა-სიმღერამ ყველას სადღესასწაულო განწყობა შეუქმნა. პატარებთან ერთად თითქოს ბავშვობაში დაბრუნდნენ უფროსებიც- აღმზრდელები, მშობლები და სასულიერო პირები.
ბავშვები მხიარულობდნენ, მათ გამოცდილი წამყვანები ჰენრიხ პეტროსიანი და მარი პოღოსოვა ართობდნენ. გასართობ თამაშებში ჩაერთო ყველა, მათ საკუთარი ნასწავლი და ცოდნა წარმოაჩინეს, ზოგმა ლექსების მოყოლით, ზოგმა სიმღერით. აღსაზრდელთა ნაწილი კი ასფალტზე ცარცით ხატვაში ჩაერთო. აღმზრდელებმა ბავშვებს სახეები მოუხატეს რამაც დიდი სიხარული მიანიჭა პატარებს.
ევგენია მარკოსიანის მისალოცი სიტყვის მოსმენის და მღვდელი კირაკოს სიმონიანის კურთხევის მიღების შემდეგ, დღესასწაული საჩუქრებმა, ნაყინებმა და უცნობი ქველმოქმედი ძიას მიერ მოწყობილმა სასიამოვნო გამასპინძლებამ შეავსო. სადღესასწაულო სიურპრიზების შემაჯამებელი ღონისძიება გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში საბავშვო წარმოდგენის, „მაუგლის“ ნახვა გახდა.
პირველი ივნისი ლამაზი და მხიარული ღონისძიებებით აღინიშნა ასევე ეპარქიის სხვა ცენტრებში.
დღე საზეიმო იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „ალექსანდრე მანთაშიანცის“ ცენტრში. ცენტრის პასუხისმგებლის სონა ჰოვანისიანის და აღმზრდელთა ძალისხმევით ორგანიზებულმა მხიარულმა სიმღერებმა, ცეკვა-თამაშებმა და საჩუქრების დარიგებამ დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქა პატარებს.
პირველი ივნისი დიდი ბრწყინვალებით აღინიშნა ასევე ჯავახეთში. მთელი დღის განმავლობაში ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის ეზოში სადღესასწაულო განწყობა იყო შექმნილი. აქ შეხვდებოდით ბავშვებს, რომლებიც ცეკვავდნენ, მღეროდნენ, სხვადასხვა თამაშით ერთობოდნენ და მხიარულობდნენ. იქაურობას და სადღესასწაულო ზეიმს კიდევ უფრო ალამაზებდა ფერად-ფერადი ბუშტები. ბავშვთა კურთხევის წესის შემდეგ ბავშვებს უამრავი სიურპრიზი დახვდათ: ითამაშეს, შეჯიბრებებში ჩაერთნენ და საყვარელი მულტფილმების გმირებს შეხვდნენ. საწინამძღვროს დაქვემდებარებაში მოქმედი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით ჩატარდა ასევე საკონცერტო პროგრამაც.
ჟრიამული იყო ასევე ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში, სადაც ბავშვთა კურთხევის წესის შემდეგ პატარებმა ცეკვა-სიმღერა და ლექსების მოყოლა დაიწყეს. ამის შემდეგ მათ ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ და ლამაზი საჩუქრები გადაეცათ. ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი გასართობი ღონისძიებები ჩატარდა ასევე ნინოწმინდაში.
სომეხი ეროვნების მოსახლეობით დასახლებულ სხვადასხვა ქალაქში, სოფელსა და თემში დღის ბოლომდე ბავშვთა კურთხევის წესი ჩატარდა, რასაც მოჰყვა ბავშვების მხიარული ცეკვა-სიმღერა, მათი ნაყინებით და სხვადასხვა ტკბილეულით გამასპინძლება, ისევე როგორც მათთის საინტერესო საჩუქრების გადაცემა.