Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული აღინიშნა

2021 წლის 15 აგვისტოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის  მიძინების დღესასწაული   აღნიშნა, რომელიც  სომეხთა ეკლესიის ხუთ ძირითად დღესასწაულთაგან მეოთხეა. ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიითა და  ყურძნის კურთხევის წესით აღინიშნა.

დილიდან ეპარქიის ეკლესიების საკურთხევლები მორთული იყო დღის სიმბოლოთი - ყურძნის სხვადასხვა სახეობით და ხილით. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დაწესებული შეზღუდვების და საქალაქო ტრანსპორტის არარსებობის მიუხედავად, მთელი დღის მანძილზე არ წყდებოდა ხალხის ნაკადი ეკლესიაში: მორწმუნეები მოდიოდნენ მორთული კალათებით, ლანგრებით, წლის ნობათისა და ჭირნახულის საკურთხად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კურთხევის მისაღებად.

დილის ღვთისმსახურების შემდეგ ეკლესიებში შესრულდა ანდასტანის წესი- იკურთხა სამყაროს ოთხი მხარე და ხალხები. შემდეგ ყველგან საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიები ეპარქიის ახალქალაქისა და ნინოწმინდის მთელი რიგი  სოფლების ეკლესიებში ჯერ კიდევ შაბათ დღეს დაიწყო.  თემებში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურება აღავლინეს წმინდა მამებმა. მათ დილით ადრე დაიწყეს ღვთისმსახურება და ადგილზევე ჩაატარეს ყურძნისა და მთელი წლის ჭირნახულის ტრადიციული კურთხევის წესი.

თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში, ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, წმინდა წირვა აღავლინა ღირსმა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთიუნიანმა, ხოლო ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში ვიკარიუს არქიმანდრიტ ნშან ჰმაიაკიანის საპატიო წინამძღოლობით აღვლენილი წმინდა წირვის მწირველი გახლდათ ღირსი მღვდელი ტათევ მარუქიანი.

საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას მწირველმა მღვდლებმა სათანადოდ იქადაგეს დღის საიდუმლოზე - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უდიდეს  მისიაზე, მის მიძინებასა და აღდგომაზე, ამაღლებაზე, ხაზი გაესვეს სომეხთა ეკლესიის სიყვარულს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი, ისაუბრეს დედისა და შვილის ურთიერთობაზე, მღვდლებმა მორწმუნეებს ღვთისმშობლის და იესო ქრისტეს მაგალითით- ამაღლების სინათლით და წმინდა აღდგომის რწმენით ცხოვრებისკენ მოუწოდეს. მღვდლებმა მშვიდობა და წინსვლა უსურვეს სომხეთს და საქართველოს და დამსწრეებს- განსაკუთრებით დედებს და მარიამებს მიულოცეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, არქიმანდრიტ კირაკოსისა და არქიმანდრიტ ნშანის მიერ წაკითხულ იქნა დღის საიდუმლოს შემცველი სახარებისეული ნაწილი, ამის შემდეგ აღევლინა წმ. ნერსეს შნორალის „ყურძნის კურთხევის“ ლოცვა. წინამძღვრის და ვიკარიუსის საპატიო წინამძღოლობითა და სასულიერო დასის მონაწილეობით ჩატარდა ყურძნის და მთელი წლის მოსავლისა და ჭირნახულის კურთხევის წესი.

წმინდა წირვა აღევლინა და ყურძნის კურთხევის წესი შესრულდა ასევე ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“, ნინოწმინდის „სურბ სარგის“ განძის „სურბ კარაპეტ“, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“, ქვემო ქართლის რეგიონის შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიებსა და რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო ცენტრში, ასევე სომხებით დასახლებული სხვადასხვა სოფლის და ქალაქის ეკლესიებსა და სამლოცველოებში.

ამის შემდეგ ადგილზე ეკლესიების ჯვრის ნათლიების და ქველმოქმედი მამულიშვილების მიერ გაიმართა ყურძნით გამასპინძლება.

ორშაბათს, 16 აგვისტოს, მიცვალებულთა მოხსენების დღეა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში შესრულდება მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელი წირვა. წირვის დასასრულს მიცვალებულთა სულების სიმშვიდისათვის პარაკლისი აღევლინება.

230515208 962477440975624 1301483197388007925 N

Img

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են