საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში „ხაჩვერაცის“ (ჯვართამაღლების) დღესასწაული აღინიშნა
საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სათანადოდ აღინიშნა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ხუთი ძირითადი დღესასწაულიდან ბოლო- „ხაჩვერაცი“ (ჯვართამაღლება), იგივე ჯვრის განდიდების დღესასწაული. დღესასწაული მოძრავია და სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის 2021 წლის კალენდრით იგი 12 სექტემბერს აღინიშნა.
კორონავირუსული პანდემიის გამო ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობისა მიუხედავად, მორწმუნეთა რაოდენობამ თბილისში მოქმედ ორ- „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის „სურბ ეჯმიაინ“ ეკლესიაში დღესასწაულის საზეიმოდ აღნიშვნის შესაძლებლობა მაინც შექმნა.
თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში სადღესასწაულო დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობითა და ვიკარიუს, არქიმანდრიტ ნშან ჰმაიაკიანის თანდასწრებით აღვლენილი საღმრთო ლიტურგიით დაიწყო.
საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას მწირველმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა სათანადოდ იქადაგა დღის საიდუმლოზე. მან ხაზი გაუსვა ჯვრის განდიდებისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს, ტყვეობიდან მაცხოვრის ჯვრის დაბრუნებას და გოლგოთაზე მის დადგმას-ამაღლებას, საიდანაც დღესასწაულს „ხაჩვერაცი“ (ჯვართამაღლება) ეწოდა, ან როგორც ხალხშია ცნობილი- „სრბხეჩი“.
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა მიმართა მორწმუნე საზოგადოებას, განმარტა ჯვრის მნიშვნელობა და ძალა, მორწმუნეებს საკუთარი რწმენისადმი ერთგულებისაკენ მოუწოდა, ისაუბრა იმაზე, რომ დაიმსახურონ ჯვრის ტარების პატივი, დააფასონ, დაიცვან, თაობებს გადასცენ საეკლესიო და ეროვნული დღესასწაულები და ურღვევად შეინარჩუნონ კავშირი უფლის სახლთან.
სომხური ეკლესიის ძირითად დღესასწაულს- „ხაჩვერაცს“ თავისი დასწრებით პატივი დასდო თბილისის ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ ლაბუჩიძემ. ის თვითმმართველობის ორგანოების წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ, უკვე „ხაჩვერაცის“ დღესასწაულზე ეწვია ასევე ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას. საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ის დიდი ხნის განმავლობაში დარჩა ეკლესიის ეზოში, რა დროსაც დამსწრეებს შესაძლებლობა მიეცათ მიახლოებოდნენ და მათი პრობლემები გაეცნოთ დეპუტატობის კანდიდატისთვის.
იმავე დღეს ეპარქიის ყველა ეკლესიაში წმიდა ჯვრის განდიდების უდიდესი ცერემონია ჩატარდა. საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ სასულიერო დასის წინამძღოლობით, დიაკვანების და მორწმუნეებისაგან შემდგარმა მსვლელობამ ჯვარი ეკლესიების გარშემო შემოატარა და წმინდა ვარდის წყლით იკურთხა ხალხი. ფსალმუნების შესრულებისა და ეკლესიის გარშემო ჯვრის შემოტარების შემდეგ, იკურთხა რეჰანი, რომელიც ჯვრის ყვავილად მიიჩნევა. ნაკურთხი რეჰანი მორწმუნეებს დაურიგდა.
„ხაჩვერაცის“ დღესასწაული საღმრთო ლიტურგიით აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში.
ორშაბათი, 13 სექტემბერი, მიცვალებულთა მოხსენიების დღეა. ამ დღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში მიცვალებულთა სულების სიმშვიდისათვის პანაშვიდი გადაიხდება.