მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი
გავიდა 33 წელი, მაგრამ მთელს მსოფლიოში მცხოვრები სომხური დიასპორა განაგრძობს სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ სპიტაკში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგებას. 2021 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ტაძრებში, ბუნებრივი კატასტროფის დამანგრეველ და საზარელ წუთებს შეწირული - დაკარგული ოჯახებისა და უდანაშაულო ადამიანების მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდა.
თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით შესრულდა პანაშვიდი. ხსოვნის ცერემონიალს ესწრებოდნენ თბილისის სომხური საზოგადოების წარმომადგენლები.
რიტუალის დასასრულს, დამსწრეებს ეპარქიის წინამძღვარმა მიმართა. მან ისაუბრა დამანგრეველი ბუნებრივი კატასტროფის დღეებზე და აღნიშნა, რომ მართალია სამ ათეულ წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა სომხეთის რესპუბლიკაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები დღესაც შესამჩნევია. სამწუხაროდ ჯერ კიდევ არიან ოჯახები, რომლებიც ხის სახლებში განაგრძობენ ცხოვრებას, გაჭირვებასა და სიცივეში. წმინდა მამამ დამსწრეებს ერთიანობის და ერთმანეთის შემწეობით სამშობლოს გაძლიერებისათვის მოუწოდა. „ეს არის უამრავ გასაჭირ გამოვლილი, სასტიკი ბედის მქონე ჩვენი ხალხის ცხოვრებისა და დღეგრძელობის ერთადერთი გზა,“ - ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა.
მართალია, დრო აშუშებს იარებს, თუმცა სომეხმა კაცმა დღესაც გაიხსენა მიწისძვრის შედეგად დაღუპულები, მათი ხსოვნისადმი სანთლების დანთებით ილოცა უდანაშაულო მსხვერპლთა სულების სიმშვიდისათვის.
1988 წ. 7 დეკემბერს, სომხეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ რეგიონებში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. რომლის სიმძლავრეც ეპიცენტრში 10 ბალით შეფასდა. მიწისძვრამ მოიცვა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის დაახლ. 40%, სადაც 1 მლნ. ადამიანი ცხოვრობდა. დაზარალდა 21 ქალაქი და რეგიონი, 342 სოფელი. უსახლკაროდ დარჩა 514 ათასი ადამიანი. სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო დაახლ. 20 000 ადამიანმა. განადგურდა სომხეთის რესპუბლიკის საცხოვრებელი ფონდის 17%, მუშაობა შეაჩერა 170 სამრეწველო საწარმომ, დიდი ზიანი მიადგა სოფლებსა და აგროსამრეწველო სფეროს, არქიტექტურულ, ისტორიულ, ხელოვნების ძეგლებს, დაზარალდა სახალხო განათლების 917 კერა.