ლიტერატურული საუბრები - „ყოველ სიტყვას დასაბამში ერთი ღმერთი უდგას...“
2021 წლის 5 დეკემბერს, ვიქტორ ჰოვსეფიანის სახლს-მუზეუმის (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფ. ეშტია), საქართველოს სომეხთა ეპარქიის “ჰოვანეს თუმანიანის სახლი” სამეცნიერო, კულტურული ცენტრის (ხელმძღვანელი - გისანე ჰოვსეფიანი) ინიციატივით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევით, გაიმართა ონლაინ შეხვედრა სახელწოდებით „ლიტერატურული საუბრები“, რომელიც უდროოდ გარდაცვლილი ნიჭიერი პოეტის, ფერმწერის ვიქტორ ჰოვსეფიანის ხსოვნას მიეძღვნა. შეხვედრა გახდა ჰოვსეფიანის პოეზიის ტრადიციული დღესასწაულის მორიგი ღონისძიება, რომელიც ამჯერად Messenger-ის პლატფორმაზე ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ვიქტორ ჰოვსეფიანის პოეზიის მოყვარულები საქართველოდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ინგლისსა და ირლანდიიდან, ჰოვსეფიანის ოჯახის წევრები და ახლობლები...
ღონისძიებაზე მადლიერების და დაფასების სიტყვები გამოითქვა ნინოწმინდის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელების და ასევე პოეტის, მთარგმნელის და საქართველოს სომეხ მწერალთა - „ვერნატუნ“ - კავშირის თავმჯდომარის, ჟორა სნხჩიანის მისამართით - ნიჭიერი პოეტის ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვისა და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით გაწეული საქმიანობისათვის.
შეხვედრის წამყვანმა, გისანე ჰოვსეფიანმა დამსწრეებს გადასცა ნინოწმინდის მერის ანი მოსოიანის და ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის ვაჰან აროიანის გულთბილი მოკითხვა და კეთილი სურვილები.
ონლაინ ღონისძიებას დაესწრო საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი, მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის კონცეპტუალურ საკითხთა ოფისის დირექტორი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, რომელმაც დამსწრეები დალოცა და ხაზი გაუსვა ლიტერატურის როლს სულიერი ღირებულებების შენარჩუნებისა და განვითარების საკითხში.
გ. ჰოვსეფიანმა წარმოადგინა საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით გამოცემული ორენოვანი ლექსების კრებული, სახელწოდებით - „დიალოგი ლირიკის ენით“, რომელიც აერთიანებს ქართველი კლასიკოსის - ტერენტი გრანელის და ვიქტორ ჰოვსეფიანის ლექსებს. წიგნში ტ. გრანელის ნაწარმოებები სომხურ ენაზე წარმოდგენილია ვიქტორ ჰოვსეფიანის მიერ შესრულებული თარგმანების, ხოლო ვიქტორ ჰოვსეფიანის ნაწარმოებები ქართულ ენაზე გივი შაჰნაზარის და მაყვალა გონაშვილის მიერ შესრულებული თარგმანების სახით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჰოვსეფიანების ოჯახს დაწყებული აქვს ვ. ჰოვსეფიანის ფერწერული ნამუშევრების ერთ კრებულად გამოცემის სამუშაოები.
ვიქტორ ჰოვსეფიანის ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე ისაუბრეს ლიტერატურათმცოდნეებმა აბგარ აფინიანმა და ემა ახტიანმა, ასევე თბილისის პეტროს ადმიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა არმენ ბაიანდურიანმა და სხვებმა.
ვ. ჰოვსეფიანის ნაწარმოებების რუსულენოვანი თარგმანების ჟღერადობაზე ისაუბრეს სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის მწერალთა კავშირის წევრმა ნაირა სიმონიანმა, მწერალმა და მთარგმნელმა პაველ ჩერკაშინმა.
ღონისძიებაზე ვიქტორ ჰოვსეფიანის ნაწარმოებები წაიკითხა პოეტის დამ - ლიდა ჰოვსეფიანმა, პოეტის ძმის შვილიშვილმა - მარია ჰოვსეფიანმა, და ღონისძიების ბევრმა სხვა მონაწილემ.
იმავე დღეს სოფ. ეშტიის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში სოფლის სულიერმა მწყემსმა, ღირსმა მღვდელმა ანტონ ანტონიანმა, ვიქტორ ჰოვსეფიანის სახელზე ლოცვა აღავლინა.