Материалы

თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში ეკუმენური ლოცვა აღევლინა

2022 წლის 21 იანვარს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში მორიგი ეკუმენური ლოცვა აღევლინა. ტრადიციულად ლოცვაში მონაწილეობდა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია.

ეკუმენური ლოცვის ტრადიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, არსებულ რელიგიურ სოლიდარობას. მონაწილე ეკლესიები რიგრიგობით მასპინძლობენ ყოველწლიურ ეკუმენურ ლოცვას.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში მოქმედ შეზღუდვებს ხელი არ შეუშლია ქვეყნის ოთხი ქრისტიანული დენომინაციის ეკლესიისათვის ერთობლივი ლოცვის აღვლენაში. წლევანდელი ეკუმენური ლოცვის მასპინძელი გახლდათ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია - ეკუმენური ლოცვა წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევით, ღირსი მღვდლის ნარეკ კუშჩიანის ორგანიზებითა და სასულიერო და დიაკვანთა დასის მონაწილეობით აღევლინა.

ეკუმენურ ლოცვას ესწრებოდნენ ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის წინამძღვარი ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის პასტორი ირინა სოლეი, სასულიერო მსახურები, მორწმუნეები.

ეკუმენური ლოცვის ცერემონია გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა. ქრისტიანული დენომინაციების ეკლესიების წინამძღვრების მისალმებისა და დამსწრეთა დალოცვის შემდეგ წმინდა მამამ წარმოთქვა მიმდინარე წლის ეკუმენური ლოცვის დევიზი: მათე 2.2. „ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას“.

272299208 4836803979769709 4161925727067801178 Nეკუმენური ლოცვის ყველა მონაწილემ ერთობლივი ლოცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, და აღნიშნა, რომ მსგავსი ხასიათის ღონისძიებებს შეუძლიათ დააახლოვონ სხვადასხვა ეკლესიის მორწმუნეები - ერთი უფლისა და მაცხოვრის - იესო ქრისტეს სადიდებლად. წინამძღვარი სასულიერო პირები შეიკრიბნენ სიყვარულისა და მშვიდობის ნათელით ანთებული სიმბოლური „ბეთლემის ვარსკვლავის“ გარშემო, ერთობლივად ილოცეს ღვთის სიტყვის მოსასმენად, ერთიანობისა და მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად, პანდემიისგან კაცობრიობის გადასარჩენად, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის დახმარების ხელის გაწვდის თხოვნით.

ეკუმენური ლოცვა დასრულდა  მონაწილე ეკლესიების წინამძღვართა მიერ მათ მშობლიურ ენაზე  წარმოთქმული საუფლო ლოცვით. ეკუმენურ ლოცვაში სასულიერო მუსიკის ულამაზესი და მომაჯადოებელი შესრულებით მიიღო მონაწილეობა „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა - სვეტლანა ტატოევას ხელმძღვანელობით. 

ეკუმენური ლოცვის საერთაშორისო ტრადიციას საფუძველი  ჩაეყარა ევროპაში.   1910 წელს  ედინბურგის შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ქრისტიანთა შორის ერთიანობას გაამყარებს მისიონერული მოღვაწეობა და უშუალოდ ეკლესიები.   საქართველოში ეკუმენური ლოცვის  ერთ-ერთი ინიციატორი ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიაა, და იგი უკვე 30 წელია რაც იმართება. ეკუმენური ლოცვა ყოველწლიურად 18 იანვრიდან 25 იანვრის პერიოდში აღევლინება.

269602215 4836804366436337 4695324873001504286 N

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են