საქართველოს სომეხთა ეპარქიაში წმინდა ვარდანანც დღესასწაული წმ. წირვით აღინიშნა
2022 წლის 24 თებერვალს, თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით წმინდა წირვა აღევლინა, რომელიც წმინდა ვარდანანც მხედართმთავარების და 1036 მოწამის ხსოვნას მიეძღვნა.
წმინდა რიტუალს ესწრებოდა სასულიერო და დიაკვანთა დასი, თბილისელი სომეხი ინტელიგენცია და მრევლი. დღის მწირველი გახლდათ ღირსი მღვდელი ვირაპ ღაზარიანი.
მწირველმა მღვდელმა და სასულიერო მსახურებმა ლოცვა აღავლინეს მთავარი საკათედრო ტაძრის წმინდა ვარდანანცის სახელობის საკურთხეველში. წმინდა წირვის დროს წმინდა მამის თავმჯდომარეობით შესრულდა პანაშვიდის წესი - „სომეხი ერის მიცვალებულთა მოსახსენიებლად“.
მღვდელმა მამა ვირაპმა სათანადოდ იქადაგა გმირ მხედართმთავართა და მათ თანამებრძოლთა შესახებ, რომლებიც მთელს ერთან ერთად იბრძოდნენ რწმენისა და სამშობლოსათვის. სულიერმა მამამ ქადაგებაში ხაზი გაუსვა პატრიოტიზმის, სულის სიმამაცის და რწმენისათვის თავდადების კეთილშობილურ ქმედებებს, რასაც წმინდა ვარდან მხედართმთავარი და მისი თანამებრძოლები განასახიერებენ, და მოუწოდა მორწმუნეებს ჭეშმარიტად დაიცვან წმინდა ღევონდიანც და წმინდა ვარდანანც ხსოვნა და მემკვიდრეობა.
წმიდა ვარდანანცის დღესასწაული ასევე სრულიად სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესის და უნეტარესის, გარეგინ მეორის სახელობითი დღეა. ამასთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიის დასასრულს საპატრიარქო ლოცვა შესრულდა. ერთობლივი ლოცვა აღევლინა სრულიად სომეხთა საკათოლიკოსოს სიმტკიცისა და გაბრწყინებისთვის, უწმინდესისა და უნეტარესის დღეგრძელობისა და ნაყოფიერი კათოლიკოსობისთვის.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა დალოცა დამსწრეები და სასულიერო დასი, შემდეგ იქადაგა - ქადაგებაში აღნიშნა, რომ წმინდა ვარდანანცის დღესასწაული იმ გმირი მებრძოლების ხსოვნის დღეა, ვინც დაეცა სამშობლოს დაცვის და რწმენისათვის თავდადებულ ბრძოლებში. ამ გმირებს შორისაა ასევე 44-დღიანი არცახის ომის დროს დაღუპული ის 5 ათასზე მეტი მებრძოლი, რომელთა ხსოვნაც სომეხი ერისა და ხალხის გულში ინახება.
ეპარქიის წინამძღვარმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რომელიც სიკვდილს და ნგრევას იწვევს ირგვლივ ყველგან. წმინდა მამამ დამსწრეებს უფალთან სიახლოვის, ეკლესიაში ჩატარებულ წირვებში მონაწილეობის მიღების და ყველა რიტუალზე დასწრებისკენ მოუწოდა, რადგან წმიდა ეკლესიებში ქადაგებენ, იცავენ და ავრცელებენ სამშობლოს დაცვის, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნების და რწმენისადმი ერთგულების იდეებს.
არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა ყველა ვარდანს მიულოცა მათი სახელობის დღესასწაული, მოუწოდა მათ რომ ყოფილიყვნენ ვარდანანცის პატიოსანი და მამაცი მამულიშვილები და მათი მიმდევრები.
წმინდა ვარდანანც დღესასწაული საღმრთო ლიტურგიით აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში.