ფილმის - „ფრუნზიკ მკრტჩიანი - ინდოეთს ვახსოვვარ“ ჩვენება ერევანში
კინოსა და თეატრის სახელგანთქმული მსახიობის, სსრკ სახალხო არტისტის მჰერ მკრტჩიანის დაბადების დღე ერევანში, კინოთეატრ „მოსკვა“-ში „ფრუნზიკ მკრტჩიანი - ინდოეთს ვახსოვვარ“ დოკუმენტური ფილმის ჩვენებით აღინიშნა. ფილმის ჩვენებას ავტორი და პროდიუსერი დავით ბეჟიტაშვილი, რეჟისორი ოთარ მიქელაძე და ფოტოგრაფი იური მეჩითოვი ესწრებოდნენ.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით, ფილმის ჩვენებას დაესწრო ასევე ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის დელეგაცია - ევგენია მარკოსიანის ხელმძღვანელობით, ეპარქიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანლის სურენ აბრამიანის და დუდუკის კლასის პედაგოგის ივანე მკრტჩიანის შემადგენლობით.
ფილმის ჩვენებას ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე არა ხზმალიანი, სომხეთის რესპუბლიკაში ინდოეთის საელჩოს, საქართველოს საკონსულოს, არასამთავრობო ორგანიზაციის - „სომეხ-ინდოეთის მეგობრობა“, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ხელოვანები.
თბილისელი სტუმრები ერევანში კომიტასის პანთეონს ეწვივნენ, სადაც დიდი არტისტი განისვენებს და ფრუნზიკ მკრტჩიანის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
მართლაც, კულტურული ურთიერთობები ხელოვნების ენაზე ხალხთა შორის მეგობრობის გამოვლინებაა. ამის დასტურია ფილმის ჩვენებამდე საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ტარონ“ ცეკვის ანსამბლის მიერ სომხური ეროვნული ცეკვების შესრულება და სომხური მომაჯადოებელი მელოდიების გავრცელება დუდუკის დაკვრით, რომელიც დიდი არტისტის ხსოვნას მიეძღვნა.
ფილმის ჩვენება, განსაკუთრებით არტისტის დაბადების დღეზე, ხაზგასმა იყო დიდი მსახიობის, ეროვნული კულტურის უცვლელი ფიგურის - ფრუნზიკ მკრტჩიანის მსახიობური ოსტატობის, მსახიობის საყოველთაო ცნობადობის და მის მიმართ ხალხის დიდი სიყვარულის არა მხოლოდ დედა სამშობლოში, არამედ საქართველოში, რუსეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ფილმი მოგვითხრობს ცნობილი სომეხი მსახიობის მჰერ (ფრუნზიკ) მკრტჩიანის მიერ ინდურ ფილმებში - „ალი ბაბა და 40 ყაჩაღი“ და „ლეგენდა სიყვარულზე“ შესრულებულ განუმეორებელ როლებზე და ხაზს უსვამს იმ დაფასებას და სიყვარულს, რაც არტისტს დაუვიწყარს ხდის ინდოეთში.
ასე აღინიშნა კინოსა და თეატრის გამორჩეული სამსახიობო სახის მქონე მხიარული-სევდიანი არტისტის ხსოვნა.