ჯვრის განდიდების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში
2022 წლის 11 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიამ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ხუთი ძირითადი დღესასწაულიდან ბოლო - ჯვართამაღლება (სომხ. „ხაჩვერაც“) ან ჯვრის განდიდების დღესასწაული იზეიმა. დღესასწაული ეკლესიებში აღვლენილი საღმრთო ლიტურგიით აღინიშნა.
თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა. ღვთისმსახურებას საელჩოს თანამშრომლებთან ერთად დაესწრო სომხეთის რესპუბლიკის ახალად დანიშნული ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი.
საღმრთო ლიტურგიის მსვლელობისას მწირველმა მღვდელმა სათანადოდ იქადაგა დღის მნიშვნელობაზე, მორწმუნეებს ესაუბრა ტყვეობიდან მაცხოვრის ჯვრის გათავისუფლების და გოლგოთაზე მისი ამაღლების, რწმენის აუცილებლობის და ჯვრის მნიშვნელობის შესახებ, და დამსწრეებს რწმენითა და ქრისტიანული მცნებებით ცხოვრებისკენ მოუწოდა.
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს ჯვართამაღლების დღესასწაული მიულოცა და მათ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალი ელჩი აშოტ სმბატიანი წარუდგინა․ ეპარქიის წინამძღვარი მიესალმა ელჩს და ნაყოფიერი დიპლომატიური მოღვაწეობა უსურვა მას - ორი ქრისტიანული ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარებისათვის.
ცერემონიის დასრულების შემდეგ არქიმანდრიტ კირაკოსს კერძო საუბარი ჰქონდა ელჩ სმბატიანთან.
იმავე დღეს ეპარქიის ეკლესიებში გაიმართა წმიდა ჯვრის ამაღლების დიდებული ცერემონია. საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ შესრულდა წმიდა ჯვრის მსვლელობა. სასულიერო დასის წინამძღოლობით ჯვრის ეკლესიის გარშემო შემოტარების და ვარდის წყლით ხალხის კურთხევის შემდეგ, საგალობლების ფონზე იკურთხა რეჰანი, რომელიც ჯვრის ყვავილად არის მიჩნეული, და იგი მორწმუნეებს დაურიგდა.
ცერემონია ეკლესიის ეზოში გამართული გამასპინძლებით დასრულდა.
ორშაბათს დილით საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელი წირვა აღევლინება და აღესრულება პანაშვიდი.