ტოლმის ტრადიციული ფესტივალი თბილისში
2022 წლის 9 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, სომხურ თემში ტრადიციად ქცეული ტოლმის ფესტივალი ჩატარდა.
ფესტივალი ჩატარდა საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის ინიციატივით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საწინამძღვროს მფარველობით და სურბ გევორგ ეკლესიის მოყვარე ქალთა და ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის და ქვემო ქართლის რეგიონის სოფელ შაუმიანის, წითელსოფლისა და ახკერპის სულიერი მწყემსის, არქიმანდრიტ ზავენ იაზიჩიანის საპატიო წინამძღოლობით, ასევე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონი აშოტ სმბატიანის საპატიო დასწრებით, საკვირაო წმინდა წირვა აღავლინა ღირსმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა.
წმინდა წირვის დასასრულს, არქიმანდრიტმა ზავენ იაზიჩიანმა წაიკითხა ყოველთა სომეხთა კათალიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის კონდაკი - რომლითაც სომეხთა პატრიარქი დიდად აფასებს ვან ბაიბურთიანის საქმიანობას და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის თხოვნის საფუძველზე, საქართველოს სომხურენოვანი გაზეთ „ვრასტან“-ის რედაქტორს, ღვაწლმოსილ საზოგადო, პოლიტიკურ და სათემო მოღვაწეს, სომხური ეკლესიის ერთგულ მიმდევარს, საქართველოს და სომხეთის სახელმწიფო უწყებების, უმაღლესი სასულიერო ინსტიტუტების მრავალგზის წევრს, ქართულ-სომხური მეგობრობის უდიდეს აპოლოგეტს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, ვან ბაიბურთიანს, აჯილდოებს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - „სურბ საჰაკ და სურბ მესროპ“ ღირსების ორდენით.
ეპარქიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა მიულოცა ვან ბაიბურთიანს მიღებული ჯილდო, დალოცა სომეხი ერის ღირსეული შვილი, რომლის მკერდიც სომხური ეკლესიის უმაღლესმა ჯილდომ დაამშვენა.
დღის სადღესასწაულო განწყობა გაგრძელდა ეკლესიის ეზოში, სადაც ერთმანეთის გვერდით ეწყო საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის, სურბ გევორგ ეკლესიის მოყვარე ქალთა, ეპარქიის „ჰაიარტუნ“ და „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრების და ქალაქში მოქმედი სხვა შემოქმედებითი ანსამბლებისა და უამრავი მორწმუნის მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის დაახლ. სამი ათეული ქვაბი სურნელოვანი ტოლმა.
წმინდა მამის მიერ სუფრის კურთხევის და დედა სამშობლოს სახელმწიფო წარმომადგენლის მილოცვის შემდეგ, მოხდა დამსწრე საზოგადოების ეროვნული კერძით გამასპინძლება. დამსწრე საზოგადოება დატკბა დღის სიხარულით.
საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირი მადლობას უხდის ფესტივალის ყველა მხარდამჭერს და მონაწილეს.