Материалы

სომხეთის ისტორიის შემზარავი გვერდი - მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნისადმი აღვლენილი პანაშვიდი

2022 წლის 7 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, ქვემო ქართლის სოფლების შაუმიანის, წითელსოფლისა და ახკერპის სულიერი მოძღვრის, არქიმანდრიტ ზავენ იაზიჩიანის საპატიო წინამძღოლობით, სასულიერო და დიაკვანთა დასის მონაწილეობით, აღესრულა პანაშვიდი, რომელიც მიეძღვნა 1988 წელს სომხეთის რესპუბლიკაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში  სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები,    საქართველოს სომხური სათემო სტრუქტურების ხელმძღვანელები და წევრები,  ეპარქიის დაქვემდებარებაში არსებული ცენტრებისა და სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლები, საზოგადოების წარმომადგენლები.

ტაძარში სამგლოვიარო მუსიკა გაჟღერდა, 11 სთ-სა და 41 წთ-ზე მთელს მსოფლიოში არსებული სომხური ეკლესიების ზარების ხმას შეუერთდა ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ზარის ხმაც, რომელმაც შეგვახსენა წამებში ბუნების ხელით ცხოვრების  მსვლელობის შემაჩერებელი, სიკვდილისა და ნგრევის გამომწვევი ბუნებრივი კატასტროფის შესახებ.

მართალია, დრო აშუშებს იარებს, თუმცა სომეხი კაცი კვლავაც განაგრძობს თავის ლოცვაში უდანაშაულო მსხვერპლთა მოხსენიებას და სანთლებს დანთებას მათი სულების სიმშვიდისათვის.

2293379548 N

ცერემონიის დასასრულს, არქიმანდრიტმა ზავენ იაზიჩიანმა სომხეთის ჩრდილოეთ რეგიონებში მომხდარი კატასტროფული მიწისძვრის დამანგრეველ ძალაზე ისაუბრა. ხალხი, რომელმაც იმ დღეს მშვიდობიანი დილის ლოცვით გაიღვიძა და ცხოვრების ყოველდღიურ პროცესებში ჩაება, უეცრად დამანგრეველი კატასტროფის წინაშე დადგა –  სრულიად უსუსური და დაუცველი. წმინდა მამამ დააფასა მსოფლიოს ქვეყნების რეაგირება და დახმარება უბედურებაში ჩავარდნილი სომეხი ხალხის მიმართ, რომელიც მადლიერებით იხსენებს აღმოჩენილი მხარდაჭერას. არქიმანდრიტმა ზავენ იაზიჩიანმა ქვეყნის თავს დამტყდარ მიწისძვრას ღვთის გამოცდა უწოდა და დამსწრეებს ქრისტიანული სიყვარულით და რწმენით ცხოვრებისკენ მოუწოდა და ყოვლისშემძლე უფალს მსგავსი განსაცდელებისგან მფარველობა შესთხოვა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ტაძრებში,  მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნის პანაშვიდი აღესრულა და სანთლები დაინთო მათი სულების სიმშვიდისათვის.

1988 წ. 7 დეკემბერს, მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის სიმძლავრე ეპიცენტრში 10 ბალით შეფასდა. მიწისძვრამ მოიცვა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის  დაახლ. 40%, სადაც 1 მლნ. ადამიანი ცხოვრობდა. დაზარალდა 21 ქალაქი და რეგიონი, 342 სოფელი. უსახლკაროდ დარჩა 514 ათასი ადამიანი. სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო დაახლ. 20 000 ადამიანმა. განადგურდა სომხეთის რესპუბლიკის საცხოვრებელი ფონდის 17%, მუშაობა შეაჩერა 170 სამრეწველო საწარმომ, დიდი ზიანი მიადგა სოფლებსა და აგროსამრეწველო სფეროს, არქიტექტურულ, ისტორიულ, ხელოვნების ძეგლებს, დაზარალდა სახალხო განათლების 917 კერა.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են