Материалы

საახალწლო ზღაპარი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში

2022 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში (დირექტორი ევგენია მარკოსიანი) საახალწლო ჟრიამული იყო. ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ძველი წლის გასაცილებლად და ახალი წლის დასახვედრად ემზადებოდნენ, რომელიც ზღაპრის ცოცხალ გმირებთან ერთად უნდა შემობრძანებულიყო.

ხოლო გმირებს განასახიერებდნენ თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები. ესენი გახლდნენ: თოვლის პაპა, ფიფქია, ვეფხვი, მგელი, თაგუნა და კურდღელი.

სადღესასწაულოდ მორთული დარბაზი ეხამებოდა აღსაზრდელთა ჩაცმულობასა და მათ მომხიბვლელობას, რისთვისაც დიდი ძალისხმევა გაწიეს მათმა მშობლებმა. ბავშვები განასახიერებდნენ ფიფქიას, წითელქუდას, კონკიას, მეფესა და დედოფალს, მელიას, მამალს, სპილოს, მარტორქას, ლომს, მგელსა და დათუნიას.   

პატარები ელოდებოდნენ ზღაპრის გმირებს, დიდი სურვილი ჰქონდათ კარგად წარმოეჩინათ საბავშვო ბაღის აღმზრდელთა აიდა ბაზოიანისა და ტათევიკ სააკიანის მიერ მათთვის ნასწავლი საახალწლო ლექსები და სიმღერები, თამაშები და გამოცანების პასუხები და რა თქმა უნდა მიეღოთ შექება.  

და აჰა, შემობრძანდა თოვლის პაპა თავის თანმხლებ ზღაპრის გმირებთან ერთად და დაიწყო ზეიმი. მუსიკისა და სიმღერების ფონზე პატარების მიერ მოყოლილმა ლექსებმა, მხიარულმა თამაშებმა და გუნდურად შესრულებულმა სიმღერებმა განსაკუთრებული განწყობა შექმნა დარბაზში.  

საახალწლო განწყობა დასრულდა სურვილით: „კეთილი იყოს შენი მობრძანება, წელო ახალო“. რა თქმა უნდა თოვლის პაპა ხელცარიელი არ იყო მობრძანებული და საჩუქრები მოეტანა ყველასათვის, რომელიც მათ მაღაზია „არმენია“-მ გადასცა (დირექტორი ედუარდ მურადიანი). ბავშვებმა ზღაპრის გმირებთან ფოტოების გადაღებით და ულამაზესი საჩუქრებით გახარებულებმა, ამაღლებული განწყობით დაასრულეს საბავშვო ბაღის საახალწლო ზეიმი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორმა ევგენია მარკოსიანმა  მადლობა გადაუხადა თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებს და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს - არმენ ბაიანდურიანს, საბავშვო ბაღის აღსაზრდელთათვის ნაძვის ხის და საახალწლო ზეიმის ორგანიზებისათვის.
32120

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են