თბილისში ჰარისას ფესტივალი ჩატარდა
თბილისელ სომეხ მოსახლეობაში ტრადიციად ქცეული „ჰარისას ფესტივალი“, რომელიც ძირითადი ბარეკენდანის დღესასწაულზე აღინიშნება, წელს ერთი კვირით ადრე - 2023 წლის 12 თებერვალს გაიმართა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, საკვირაო წმინდა წირვის შემდეგ, რომელიც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობითა და სტუმრად მყოფ ვარდაპეტთა თანდასწრებით ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა აღავლინა, მორწმუნეებმა ფესტივალში - „ჰარისა-2023“ მონაწილეობის მისაღებად „ჰაიარტუნ“ ცენტრში გადაინაცვლეს. ფესტივალი საქართველოს სომეხთა ეპარქიის მხარდაჭერით საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის, „სურბ გევორგ“ ტაძრის ეკლესიის მოყვარულ ქალთა გაერთიანებისა და ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
ჰარისას ფესტივალს, უკვე ათწლეულზე მეტი ისტორია აქვს. ფესტივალმა წლიდან წლამდე მასობრივი სახე მიიღო და იგი სახალხო ზეიმად ჩამოყალიბდა, რა დროსაც სომეხი ქალბატონების მიერ ფესტივალზე მობრძანებული სტუმრების ეროვნული კერძით გამასპინძლება იმართება.
ფესტივალში თბილისის სომხური თემის თითქმის ყველა სტრუქტურა მონაწილეობდა: ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში განთავსებულ მაგიდებზე ოცდაათამდე ქვაბი ცხიმიანი ჰარისა იყო წარმოდგენილი. აღნიშნული კერძი მომზადდა სურბ გევორგ ტაძრის ეკლესიის მოყვარულ ქალთა, „ანი“ ცეკვის ანსამბლის, „ჰაიარტუნ“ ცენტრის „სურბ ნერსეს შნორჰალი“ გუნდის, „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის, საქართველოს სომეხთა სათვისტომოს, საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის წევრებისა და უამრავი მოხალისე მორწმუნის მიერ.
ღონისძიებას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ნშან ჰმაიაკიანმა, ქვემო ქართლის სომხური ეკლესიების სულიერმა მოძღვარმა არქიმანდრიტმა ზავენ იაზიჩიანმა, საპატიო სტუმრებს შორის გახლდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები.
ხალხმრავლობა იყო გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში. მაგიდებზე ერთმანეთის მიყოლებით დალაგებულ ქვაბებს კიდევ უფრო ამშვენებდნენ დღის შესაბამისად გამოწყობილი სომეხი ქალბატონები. საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარემ, სუსანა ხაჩატრიანმა მადლობა გადაუხადა ფესტივალის თითოეულ მონაწილეს ტრადიციად ქცეული ჰარისას ფესტივალის კვლავ გაცოცხლებისათვის.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა დიდად დააფასა ქალთა და სათემო ორგანიზაციების ღონისძიებაში ჩართულობა, ხაზი გაუსვა სომხური კულტურის ნაწილად ქცეული ეროვნული ტრადიციული კერძების დაცვისა და თაობებისათვის გადაცემის მიზნით საქართველოში მცხოვრებ სომეხ მოსახლეობაში დამკვიდრებულ ტრადიციას. ჰარისას ქვაბების კურთხევის შემდეგ ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეები გემრიელი კერძის დასაგემოვნებლად მიიწვია.
ამის შემდეგ „ჰაიარტუნ“ ცენტრში მხიარული სიმღერა და მუსიკა გაჟღერდა, დაიწყო ჰარისათი გამასპინძლება და ეროვნული კერძის დაგემოვნება. გვიანობამდე არომატული ჰარისას ხალისიანი განწყობა ტრიალებდა „ჰაიარტუნ“ ცენტრში. დაახლოებით შვიდასმა ადამიანმა დააგემოვნა აღნიშნული კერძი, ნაკურთხი ჰარისა გაუნაწილდათ ასევე ავადმყოფებსა და ხანდაზმულებს, ვინც ვერ მოახერხა ფესტივალზე დასწრება.
საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირი მადლობას უხდის საქართველოს სომეხთა ეპარქიის საწინამძღვროს, ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრს, სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრის ეკლესიის მოყვარულ ქალთა გაერთიანებას, ისევე როგორც სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრის ჯვრის ნათლია არმენ ხაჩატრიანსა და სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ჯვრის ნათლია არმენ პეტროსიანს, ორივე ტაძრის სულიერ მოძღვრებს ღირს მღვდელ ვირაპ ღაზარიანსა და ღირს მღვდელ სამველ თოროსიანს, მაღაზიათა ქსელ „არმენია“-ს თბილისის ფილიალის დირექტორს, ედუარდ მურადიანსა და სხვა ქველმოქმედებს ჰარისას ფესტივალის ორგანიზებაში მხარდაჭერისათვის.