Материалы

მიჯინქის მხიარული განწყობა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში

სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის კალენდრით ამჟამად დიდი მარხვის პერიოდია. 2023 წლის 15 მარტს შესრულდა მარხვის 24-ე დღე. მოხდა მარხვის განზოგება - გაშუალედება. სომხურ ეკლესიებში მარხვის განზოგება - გაშუალედება საზეიმოდ აღინიშნება და მას „მიჯინქი“ ეწოდება. საქართველოს სომეხთა ეპარქია, სულიერი მსახურების ხელმძღვანელობით, სათანადოდ მოემზადა მიჯინქის დღესასწაულისათვის.

თბილისის სხვადასხვა რაიონში მდებარე სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში ხალხის დიდი რაოდენობა იყო შეკრებილი. საღამოს შესრულდა „სიმშვიდის“ ღვთისმსახურება. სულიერმა მამებმა დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევა გადასცეს, და ისაუბრეს დღის მნიშვნელობაზე - მორწმუნეებს უსურვეს, რომ სიყვარულითა და რწმენით გაიარონ დიდი მარხვის მეორე ნახევარიც.

აღნიშნულ საეკლესიო დღესასწაულს, მრავალი ხალხური წეს-ჩვეულება და ტრადიცია ახლავს თან. საქართველოში მცხოვრები სომეხი მოსახლეობა მიჯინქს ასევე ბაღარჯით ან ქადით აღნიშნავს. დღესასწაულზე საკურთხევლის წინ დაეწყო სპეციალურად მიჯინქის დღესასწაულისათვის გამომცხვარი სხვადასხვაგვარი სამარხვო ქადა, რომელიც იკურთხა და ხალხს გაუნაწილდა. სახალხო დღესასწაულის სათანადოდ აღნიშვნაში საკუთარი წვლილი შეიტანეს ეკლესიების ჯვრის ნათლიებმა. დღესასწაულის ზოგიერთი დამსწრესათვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა ჯვრის ნათლიების მიერ მომზადებული და ქადაში „დამალული“ საჩუქრების - ნაკურთხი ჯვრების მიღება, რაც იმ აზრის სიმბოლურ მნიშვნელობას გამოხატავს, რომ ვისაც შეხვდება ნაკურთხი ჯვარი მას მეტად დალოცვილი წელი ექნება.

დამსწრეებმა ნაკურთხი ქადა მიირთვეს, დადებითი განწყობა შეექმნათ მიღებული საჩუქრების გამო, და რწმენითა და ლოცვით განმტკიცებულები შეუდგნენ აღთქმის გაგრძელებას - დიდმარხვის მეორე ნახევრის დაცვას ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულამდე.

მიჯინქის დღესასწაული განსაკუთრებული პომპეზურობით და ქადის ფესტივალით აღინიშნა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალქალაქის სურბ ხაჩ, ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ, ნინოწმინდის სურბ სარგის ეკლესიებსა და მიმდებარე სოფლებში, ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიაში, წალკისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების სოფლებში, ქვემო ქართლის რეგიონის სომხურ ეკლესიებში, ხოლო რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო, კულტურულ - საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში ქადის ფესტივალით მიჯინქის აღნიშვნა საკვირაო წმინდა წირვის დასრულების შემდეგ მოხდება.

ეკლესიების სასულიერო დასი მადლობას უხდის სომხური ტაძრების წლევანდელი წლის ჯვრის ნათლიებს მიჯინქის დღესასწაულის აღნიშვნაში გაწეული დახმარებისათვის.

33585287

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են