სომეხთა გენოციდის წმინდა მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი - „როდესაც ჩემი სული მღერის“
2023 წლის 22 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში, გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი სახელწოდებით - „როდესაც ჩემი სული მღერის“.
კონცერტი სომხეთის რესპუბლიკის ნიჭიერი მუსიკოსების შუშან მოვსისიანის (სოპრანო) და წარმოშობით თბილისელი ილონა ამბარცუმიანის (ფორტეპიანო) სადებიუტო გამოსვლა იყო თბილისში. აღსანიშნავია, რომ მათი დუეტი ევროპის ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალაქში მრავალ კონცერტზე გამოდიოდა ერთად.
„ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანლის, ევგენია მარკოსიანის მიერ დამსწრე საზოგადოებისათვის კონცერტის მონაწილეთა წარდგენის შემდეგ, დარბაზში უბადლო შესრულებით აჟღერდა კლასიკური მუსიკის ჰანგები. კონცერტი გახდა სომეხთა გენოციდის 108-ე წლისთავის სიმბოლური გახსენება და დამსწრეებს შეახსენა, რომ დანაშაული დასაგმობია, მილიონნახევარი სომეხის ტანჯვა-წამება მარად სახსოვარი.
კონცერტი - „როდესაც ჩემი სული მღერის“ - გახლდათ ღონისძიება, რომელიც საქართველოს სომხურ თემში წინ უძღოდა სომეხთა გენოციდის ხსოვნის ცერემონიას. იგი მიეძღვნა წმინდა მოწამეთა უფალთან შუამდგომლობის ლოცვას,რაც სამშობლოს და მსოფლიოს მსგავსი დანაშაულებისა და გენოციდის უბედურებისგან დაცვის იდეას ატარებდა.
კონცერტის დასასრულს კურთხევის სიტყვით გამოვიდა ღირსი მღვდელი კირაკოს სიმონიანი. მან დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კეთილი სურვილები გადასცა და საუბრისას, ხაზი გაუსვა ბრწყინვალე პროფესიონალური განათლების მქონე და უცხოეთის ქვეყნებში მცხოვრები და მოღვაწე მუსიკოსების რეპერტუარს, რომელიც მოიცავდა ოჯახისათვის თავდადებული, მსოფლიოს აღმშენებლობის და სიყვარულის ოცნებებით მცხოვრები სომეხი კაცის სასტიკ ბედს, მილიონნახევარი დედა-შვილის, მოხუცებულისა და ახალგაზრდის ტრაგედიას, რომლებიც გადასახლების გზას დაადგნენ. ერის, რომლის ერთადერთი დანაშაული თურქული იატაგანის წინააღმდეგ საკუთარი ეთნიკური წარმომავლობა გახლდათ. ხოლო მათთვის, ვინც სასწაულებრივად გადარჩნენ სიცოცხლის იმედი რწმენის ერთგულება და დაკარგული სამშობლოს მონატრება იყო - წეროს მეშვეობით სამშობლოდან „ცნობის“ მიღების მოლოდინი.
ფეხზე წამომდგარი აუდიტორია თითოეულ სიმღერას მხურვალე აპლოდისმენტებით და დიდი ოვაციებით ხვდებოდა. გენოციდს გადარჩენილი სომხების მადლიერება დედაქალაქის მიმართ, ქართულ ენაზე შესრულებული, რევაზ ლაღიძის სიმღერის - „თბილისო“-ს მეშვეობით გამოიხატა.