Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის "სურბ მოვსეს ხორენაცის" სახელობის საბავშვო ბაღში გამართული საახალწლო ზეიმი, თოვლის ბაბუასთან შეხვედრის მხიარულება და საჩუქრების მიღებით გამოწვეული სიხარული

2023 წლის 22 დეკემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გულბენკიანის სახელობის დარბაზში „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა საახალწლო და საშობაო ზეიმი ჩატარდა.

დარბაზში მედიდურად იდგა ბავშვების მიერ ნაირ-ნაირი სათამაშოებით მორთული ნაძვის ხე. ნაძვის ხის გარშემო კი შეკრებილები იყვნენ ულამაზესი პატარები, ვისთვისაც აღნიშნული საახალწლო ზეიმი იყო სიახლე და დიდი მხიარულება, განსაკუთრებით ის, რომ, მასწავლებელთა მდიდარი ფანტაზიით და მშობელთა ჩართულობით, პატარები ტყის ბინადრების და ზღაპრების გმირების კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილები.

აღელვებული პატარები მოუთმენლად ელოდნენ თოვლის ბაბუას, რომელიც აუცილებლად მოვიდოდა, თუმცა მხოლოდ მათი კარგი გამოსვლების შემდეგ. ამიტომ ისინი ზეიმისათვის კარგად იყვნენ მომზადებულნი და სურდათ, რომ მასწავლებლებს, დარბაზში მყოფ სტუმრებს და რაც ყველაზე მთავარია, თოვლის ბაბუას მოსწონებოდათ მათი გამოსვლები.

2

ბავშვების საახალწლო ზეიმს თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა. საზეიმო კარნავალი დაიწყო საღმრთო ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით.

საზეიმო კარნავალი მისასალმებელი სიტყვით და საახალწლო, საშობაო მილოცვით გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ევგენია მარკოსიანმა და შემდეგ ასპარეზი პატარებს დაუთმო. ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს, წარმოაჩინეს ის ყველაფერი, რაც მასწავლებლებმა - აიდა ბაზოიანმა, ტათევიკ სააკიანმა და ნანე ოგანესიანმა, წინასაახალწლოდ და წინასაშობაოდ შეასწავლეს.

პატარებმა წარმოადგინეს პინოკიოს ზღაპარი, რომელიც ევგენია მარკოსიანმა ოსტატურად მოარგო ზამთრის ამინდს, საახალწლო ზეიმს და ბავშვების სურვილებსა და მოლოდინებს.

დარბაზში ნამდვილი ზღაპრული სამყარო იყო შექმნილი. ბავშვები, ლამაზად გაფორმებული თეატრის პატარა მსახიობები, განასახიერებდნენ ტყეს, ხეებს, ზღაპრის გმირებს: ცელქი პინოკიოს, მარიშკას, არლეკინოს, კარაბას-ბარაბასსა და სხვებს. სასიამოვნო სანახავი იყო ბავშვების მოძრაობები, პერსონაჟებისათვის დამახასიათებელი სამოსი, მეტყველება და თამაში.

და ბოლოს დარბაზში საჩუქრების მძიმე ხურჯინით შემოვიდა თოვლის ბაბუა. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს დამდეგი მიულოცა და სიკეთე უსურვა; ჭკვიანად მოქცევის, კარგად სწავლისა და ზეიმზე ლამაზი გამოსვლებისათვის შეაქო და ყველას საახალწლო საჩუქრები დაურიგა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღის საახალწლო ზეიმი წელსაც, სხვა წლების მსგავსად, ძველი წლის გამორჩეულ გაცილებად იქცა, იყო სანახაობრივი და დასამახსოვრებელი.

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են