ახალი წლის დადგომამდე აღვლენილი წმინდა წირვა და ბროწეულის კურთხევის რიტუალი საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სომხურ ეკლესიებში
2023 წლის 31 დეკემბერს, წინასადღესასწაულო დღეს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში საკვირაო წმინდა წირვა აღევლინა.
თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის, საპატიო წინამძღოლობით წმინდა წირვა აღავლინა მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინიდან თბილისში ჩამოსულმა ღირსმა მღვდელმა არარატ პეტროსიანმა.
წმინდა წირვის დასასრულს ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს წინასაახალწლო მისალოცი სიტყვით მიმართა და მთელს მსოფლიოს და ხალხს მშვიდობა და ჯანმრთელობა უსურვა.
ახალი წლის ღამეს ყველა სომხურ ეკლესიაში სრულდება სიმბოლური რიტუალი - ბროწეულის კურთხევა. წესის შესრულების უმაღლესი განკარგულება უწმინდესმა და უნეტარესმა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ 2015 წელს გასცა. ბროწეული გამოხატავს წელიწადს და მის თითოეულ დღეს. ბროწეულის კურთხევით სრულდება ძველი წელი და იწყება ახალი.
წინასადღესასწაულოდ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში ბროწეულის კურთხევის რიტუალი შესრულდა.
თბილისის სომხურ ეკლესიებში მორწმუნეები საღამოს ღვთისმსახურებაზე დასასწრებად ბროწეულით მორთული ულამაზესი კალათებითა და ლანგრებით მოდიოდნენ.
თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, სასულიერო დასის მონაწილეობით და მორწმუნე სამწყსოს თანდასწრებით აღევლინა ღვთისმსახურება და ჩატარდა მადლიერების ცერემონია. ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობით იკურთხა ბროწეული, როგორც ეროვნულ სიმბოლო, რომელიც მოიცავს წელიწადის თითოეულ დღეს და სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების წარმომადგენელ ხალხს.
ხოლო ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, საღამოს ღვთისმსახურების დასასრულს, ღირსმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა დამსწრეებს ეპარქიის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევა გადასცა და ისაუბრა ბროწეულის კურთხევის რიტუალურ დატვირთვაზე, მოუწოდა, რომ მომავალი წლის თითოეული დღე ღვთის კურთხევით - ღვთის მცნებების თანახმად ეცხოვროთ.
ორივე ეკლესიაში დამსწრეებს ნაკურთხი ბროწეული დაურიგდა.
არმენ პეტროსიანის, კარენ სარქისიანის, როლანდ სააკიანის, ალა ჩობანიანის, არმენ დეგოიანის, არტურ დერზიანის, ისევე როგორც ეკლესიის მოყვარული ოჯახების შვილების, დები ქრისტინე და ჟანა არუთინოვების შემწეობით ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, 40 ოჯახს საახალწლო ნობათი გადაეცა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში მადლიერების ლოცვითა და ბროწეულის კურთხევით დასრულდა 2023 წელი.