Материалы

თბილისში სურბ სარგისის დღესასწაული ჯვრის მსვლელობით დაიწყო

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით და სიყვარულით აღინიშნება სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის - მარტიროსისა და 14 ჯარისკაცის ხსენების დღე. დღესასწაული მოძრავია: სომხურმა ეკლესიამ 2024 წლის კალენდრით იგი 27 იანვარს აღნიშნა. ჯერ კიდევ წინასადღესასწაულოდ იგრძნობოდა დღესასწაულისთვის დიდი ენთუზიაზმით მზადება. სურბ სარგისი ერთ-ერთი გამორჩეული საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც ასობით სომეხ და აგრეთვე უცხოელ ახალგაზრდას სომხური ეკლესიის გარშემო აერთიანებს.

თბილისელი სომეხი მორწმუნეები სურბ სარგისის დღესასწაულს ტრადიციულად წმინდანის სახელობის სამლოცველოსკენ (რომელიც 1883 წელს არის აგებული) ჯვრის მსვლელობით აღნიშნავენ. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა.

დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, 26 იანვარს, ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში შეკრებილი მრავალრიცხოვანი მრევლი, ღირსი მღვდლის ჰოვსეფ ჰარუთუნიანის წინამძღოლობით, სასულიერო დასის კურთხევით, დიაკვანთა დასთან ერთად, სურბ სარგისის ხატებითა და ბაირაღებით, საგალობლების შესრულებითა და ლოცვით გაემართა ხარფუხის რაიონში  მდებარე სურბ სარგისის სახელობის სამლოცველოსკენ. მსვლელობის მონაწილეები გზად შეჩერდნენ და ლოცვა აღავლინეს შამქორეცოც კარმირ ავეტარან ეკლესიის ნანგრევებთან.

სურბ სარგისის სამლოცველოში მისვლისთანავე, მსვლელობის მონაწილეებმა სანუკვარი სურვილის შესრულებისათვის სანთლები დაანთეს და წმინდანისადმი ლოცვა აღავლინეს. სამლოცველოს გარეთ სასულიერო პირების მონაწილეობით საგალობელები შესრულდა, რომელსაც მსვლელობის მონაწილეებიც შეუერთდნენ. აღთქმის შესრულების შემდეგ მომლოცველები სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში მივიდნენ და ადგილზე მყოფ ასობით მორწმუნეს შეუერთდნენ, რომელთა დიდი ნაწილიც ახალგაზრდები იყვნენ.

421855361

ხალხმრავლობა იყო სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარსა და ტაძრის ეზოში. წინასადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით და სასულიერო დასის მონაწილეობით.

კირაკოს ეპისკოპოსმა, დალოცა დამსწრეები, იქადაგა დღის მნიშვნელობაზე - სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟისა და ჯარისკაცების ქრისტიანობისთვის თავგანწირვაზე. ეპისკოპოსმა კირაკოსმა ისაუბრა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის უმაღლესი განკარგულებით სურბ სარგის მხედართმთავრის დღესასწაულის ახალგაზრდების კურთხევის დღედ გამოცხადების შესახებ, შეასრულა ახალგაზრდების კურთხევის წესი და მათ მიზნების განხორციელება უსურვა.

სურბ სარგისის დღესასწაულის აღნიშვნა მიღებულია არა მხოლოდ საეკლესიო წესით, ლოცვით, არამედ ხალხური წეს-ჩვეულებებით. ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების ინიციატივით წინასადღესასწაულოდ მომზადდა ტრადიციული მარილიანი კვერები, ხოლო მეორე დღეს „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის თანამშრომლები დღესასწაულზე დამსწრეებს ტკბილი ფოხინდით (ქუმელა) და სურნელოვანი ხაშილით (ფქვილის ფაფა) გაუმასპინძლდნენ.

420102

სურბ სარგისი აგრეთვე სიყვარულის მფარველია. ხალხური ტრადიციის სრული დაცვით, წინასადღესასწაულო ცერემონიის დასასრულს, ახალგაზრდებს მარილიანი კვერები დაურიგდათ. სწორედ წინასადღესასწაულოდ მირთმეულ კვერს უკავშირებენ ისინი საბედოს დასიზმრებას.

27 იანვარს, სურბ სარგისის დღესასწაულზე, თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წმინდა წირვა აღავლინა ღირსმა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა.

საქართველოს სომეხთა ეპარქია მადლობას უხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის სამსახურს, თბილისში მრევლის მსვლელობის გაძღოლის და სატრანსპორტო გზით მათი მშვიდობიანი მსვლელობის უზრუნველყოფისათვის.

4219205

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են