იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში
2024 წლის 31 მარტს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში თბილისის, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის, მარნეულის, წალკისა და თეთრიწყაროს რაიონებსა და სოფლებში მდებარე მოქმედ სომხურ ეკლესიებში სათანადოდ აღინიშნა - სომხური ეკლესიის წესების დაცვით ჩატარდა წმინდა ცერემონიები, რომელშიც ამაღლებული სადღესასწაულო განწყობით მონაწილეობდა მრავალრიცხოვანი მრევლი.
მრევლით იყო სავსე თბილისის სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძარი, ტაძრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია. არ წყდებოდა ტაძარში მომსვლელი ხალხის ნაკადი. ეკლესიაში შესრულდა დილის ღვთისმსახურება - „ანდასტანის“ ცერემონია (მსოფლიოს ოთხი მხარის კურთხევა), ამის შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა, იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინა.
ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სოზარ სუბარი, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე, სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლები კობა ჩოფლიანი და ბელა ოსიპოვა, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე დავით ჯანაზიანი, კონსული ევა აჰარონიანი, დიპლომატები ავეტიქ ჰარუთუნიანი, ჰრანტ ვოსკანიანი, საქართველოში დანიის სამეფოს ელჩის მრჩეველი ანა სარგსიანი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველო - IRI Georgia-ს წარმომადგენელი ნათია კაციაშვილი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, სათემო ხელმძღვანელები, განათლებისა და კულტურის მოღვაწეები, აგრეთვე უამრავი სომეხი მამულიშვილი.
საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას, სულიერმა მოძღვარმა უმაღლესი პატრიარქისა და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხა.
მრევლისადმი გაკეთებულ მიმართვაში ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს მოუწოდა არ დაითრგუნონ და სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნენ დედა სამშობლოში შექმნილი რთული მდგომარეობის და განგაშის მაუწყებელი მუქარების გამო. ისტორიულად ჩვენს ხალხს ხშირად უხდებოდა ბრძოლა და აწყდებოდა სხვადასხვა კატასტროფას. ამიტომ, ახლაც, დიდი სიბრძნით, ღრმა პატრიოტული პათოსით ვემსახუროთ სამშობლოს დაცვას, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას, სომხური ეკლესიის გაძლიერებას. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოსმა მიულოცა მორწმუნეებს ბრწყინვალე აღდგომა, როგორც სიკეთის ბოროტებაზე, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაული.
საქართველოში მცხოვრებ სომხებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეებმა, ქვეყნის მოქალაქეებმა. სომხური ეკლესიის სადღესასწაულო ცერემონია გაშუქდა სხვადასხვა ქართული მედიასაშუალებით.