Материалы

თბილისში, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსთან მშვიდობიანი აქცია გაიმართა

2024 წლის 24 აპრილს ა/ო „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ ინიციატივით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის მხარდაჭერით, თბილისში, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. მშვიდობიან საპროტესტო აქციას წინ უძღოდა გენოციდის უმძიმესი დანაშაულების ამსახველი შემზარავი ფოტომასალის გამოფენა.

აქციის გახსნისას ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არტურ მირზოიანმა 24 აპრილს სომეხთა ერთიანობის დღე უწოდა და აქციის მონაწილეებს მოუწოდა თავგამოდებით დაიცვან სომეხთა სამართლიანი მოთხოვნები.

მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე ლოცვა წაიკითხა და წმინდა მოწამეებს შუამდგომლობა შესთხოვა ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა.

თურქეთის საელჩოს წინ გამართული აქციის მონაწილეებმა, 1915-23 წწ. სომეხი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის უარყოფის პოლიტიკის წინააღმდეგ საკუთარი პროტესტი სომხურ, ქართულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე გამოხატეს. მათ მოითხოვეს, რომ თურქეთი საერთაშორისო ნორმების შესაბამისად პასუხისგებაში მიეცეს ჩადენილი სისასტიკისათვის.

აქციაზე ისმოდა დაგმობის, აღიარებისა და კომპენსაციის მოწოდებები, რომელსაც ჰარმონიზებულად ერწყმოდა ერის ერთიანობისა და უძლეველობის გამომხატველი პატრიოტული ლექსები და სიმღერები. აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს აგრეთვე დედა სამშობლოს რთულ და უკიდურესად მძიმე აწმყოზე, დაგმეს აზერბაიჯანისა და თურქეთის უკანონო ხელყოფა, არცახის დაცლა სომხებისაგან და მოითხოვეს ბაქოში დატყვევებული სომეხი პოლიტიკოსების გათავისუფლება.

აქციამ მშვიდ ვითარებაში, საზოგადოებრივი წესრიგის ნორმების სრული დაცვით ჩაიარა. აქციის ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სამსახურს, რომელიც პატივისცემით და გაგებით მიუდგა და უზრუნველყო თბილისელი სომხების მიერ მშვიდობიანი აქციის ჩატარება.

24 აპრილს საპროტესტო აქციები, მსვლელობები და მშვიდობიანი შეკრებები გაიმართა საქართველოს სომხებით დასახლებულ ქალაქებსა და რეგიონებში.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են