„ბარეკენდანიდან ბრწყინვალე აღდგომამდე“ - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება საქართველოს სომეხთა ეპარქიაში
2024 წლის 30 აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება სახელწოდებით „ბარეკენდანიდან ბრწყინვალე აღდგომამდე“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ცენტრის სიმღერის, ცეკვის, მუსიკალურ საკრავებზე დაკვრის შემსწავლელი ჯგუფები და „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღი.
ცენტრის მხატვრულმა ჯგუფებმა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის წესების მიხედვით ისაუბრეს ბარეკენდანიდან (დიდი მარხვის დაწყებიდან) აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე პერიოდში არსებულ თითოეულ კალენდარულ კვირაზე და განმარტეს მათი მნიშვნელობა, რასაც ჰარმონიულად შეერწყო ღონისძიების შინაარსის შესაფერისი მუსიკა და სიმღერები, დადგმული მცირე წარმოდგენები და წარმოდგენილი ხალხური ტრადიციები.
დარბაზი ნამდვილ სცენად იყო გადაქცეული, სადაც პატარა მსახიობებმა იმღერეს, იცეკვეს, შეასრულეს სხვადასხვა როლები და მაყურებლის მხრიდან თბილი აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
„ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ევგენია მარკოსიანმა საკუთარ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ცენტრების საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებაზე: ეროვნული კულტურის და ტრადიციების თაობებისათვის გადაცემასა და, აგრეთვე, თაობების ეკლესიის წესების დაცვის სულისკვეთებით აღზრდაზე, ასევე, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიების - „ბარეკენდანიდან ბრწყინვალე აღდგომამდე“ მიზანს, რომელიც თავის მხრივ ეხმიანება ცენტრის საქმიანობას.
მან მადლობა გადაუხადა სამხატვრო ჯგუფის ხელმძღვანელებს აიდა ბაზოიან-სურმალიანს, სურენ აბრამიანს, ვანო მკრტჩიანს, საბავშვო ბაღის მასწავლებლებს ტათევიკ საჰაკიანს, ნანე ოგანესიანს, ძიძა ერინაზ ბაღდასარიანს და ყველა მშობელს, ვინც დიდი თავდადებითა და პასუხისმგებლობით დაუჭირა მხარი ღონისძიებას.
ღირსმა მღვდელმა ჰოვსეფ ჰარუთუნიანმა დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის მამობრივი კურთხევა და კეთილი სურვილები გადასცა, და დასძინა, რომ ცენტრის ღონისძიებები ყოველთვის მაღალ დონეზეა ორგანიზებული და დიდ მოწონებას იმსახურებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ყველაფერს საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ენამოჩლექილი მეტყველება, მხიარული სიმღერები და ცეკვები ერთვის თან - ბავშვები წარმოაჩენენ იმ მნიშვნელოვანს და შეუცვლელს, რასაც თაობები ითვისებენ საკუთარ მშობლიურთან ურთიერთობით, სომხური სულისკვეთებით აღზრდით და სომხური ეკლესიის მიმდევრებად გაზრდით.
შინაარსიანი და ლამაზი სადღესასწაულო ღონისძიების დასასრულს გაიმართა კვერცხებით შეჯიბრი და ტრადიციული სომხური სააღდგომო კერძების გამოფენა.