„ბედისწერის შუბი“ - რელიგიური დეტექტივის ავტორმა საქართველოში მცხოვრებ სომეხ მკითხველს საკუთარი წიგნი წარუდგინა
2024 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ, სამეცნიერო ცენტრში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და კეთილი სურვილებით, გაიმართა წიგნის სახელწოდებით „ბედისწერის შუბი“ პრეზენტაცია. წიგნი, რომელსაც საფუძვლად უდევს ჯადოსნური შუბის გაუჩინარების და მისი ძებნის სახიფათო ისტორიულ-სათავგადასავლო მოვლენები.
პრეზენტაციას პირადად ესწრებოდა წიგნის ავტორი, იურისტი, რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი, რუსეთისა და ნახიჩევანის ეპარქიის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, იურიდიულ სფეროში ეროვნული კონკურსის 2021 წლის გამარჯვებული ნომინაციაში „ოქროს კალამი“, რუბენ მარგარიანი.
პრეზენტაციის გახსნის და საუფლო ლოცვის შემდეგ, წიგნის ავტორმა რელიგიური დეტექტივის ჟანრში რომანის დაწერის მოტივსა და შუბის ძებნის ისტორიული ამბის წარმოჩენის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მისმა კალამმა მხატვრულად წარმოაჩინა ის ფენომენი და მოვლენები, რომელიც ფაქტებად წერია სომეხი ხალხის სულიერი ცხოვრების ისტორიაში.
ნამდვილად დიდი იყო ღონისძიების მიმართ დამსწრეთა ინტერესი, რაც ნათლად გამოიხატა აგრეთვე ავტორისადმი მიმართულ შეკითხვებში, რომელიც შეეხებოდა ტრილერის ელემენტებით დაწერილი რომანის - „ბედისწერის შუბი“ მთავარი გმირების მღვდლის, დიაკვნისა და ადვოკატის გერმანიასა და საფრანგეთში საქმიანობას, აგრეთვე მათ თავგადასავლებს სომხეთის ეკლესია-მონასტრებში.
წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდა პარიზის „სურბ ჰოვჰანნეს“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი ნარეკ კუშჩიანი. ღირსმა მღვდელმა საუბრისას ხაზი გაუსვა ავტორის ინიციატივას, რომ რელიგიური დეტექტივი უთუოდ უნდა წარდგენოდა აგრეთვე საქართველოში მცხოვრებ სომეხ მკითხველს. გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა კი ავტორს მადლობა გადაუხადა რიგით მესამე წიგნის პრეზენტაციისთვის, რომელიც მრავალ სხვა ქალაქში პრეზენტაციის შემდეგ თბილისშიც წარედგინა მკითხველს.
ღონისძიების დასასრულს დამსწრეებმა რუბენ მარგარიანისგან საჩუქრად წიგნები მიიღეს. ავტორმა დამსწრეებს რელიგიური დეტექტივი - „ბედისწერის შუბი“ საკუთარი ავტოგრაფით უსახსოვრა.