რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცის“ სახელობის ცენტრში წყლის კურთხევის ცერემონია ჩატარდა
სომხურ სამოციქულო მართლმადიდებელ წმიდა ეკლესიაში მიღებული წესის თანახმად ეპარქიებში ახლად ნაკურთხი წმინდა მირონით წყლის კურთხევის ცერემონია ტარდება.
2024 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქვემო ქართლის რეგიონის ქალაქ რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცის“ სახელობის სასულიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში, ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევით, საკვირაო წმიდა წირვა აღავლინა თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სულიერი მოძღვრის დამხმარე მოძღვარმა, ქ. მარნეულისა და ქ. რუსთავის სომეხთა სულიერმა მოძღვარმა და ქ. რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცის“ სახელობის სასულიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ღირსმა მღვდელმა ჰოვსეფ ჰარუთუნიანმა.
წმიდა წირვის მიმდინარეობისას მღვდელმა ჰოვსეფმა იქადაგა წმინდა მირონის მნიშვნელობაზე, ისაუბრა რამდენიმე კვირის წინ წმინდა ეჯმიაწინის მთავარ საკათედრო ტაძარში უმაღლესი პატრიარქის და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის მიერ ნაკურთხი და ეპარქიებისათვის გადაცემული ახლად ნაკურთხი წმინდა მირონის შესახებ.
წმინდა წირვის დასასრულს ახლად ნაკურთხი წმინდა მირონით იკურთხა წყალი და დაურიგდა წმინდა წირვაზე დამსწრე მორწმუნეებს. ქ. რუსთავში მცხოვრებმა მორწმუნეებმა ნაკურთხი წყალი საკუთარ სახლებში წაიღეს.