განძაში ტერიანობის დღე 58-ედ აღინიშნა
21 ივლისს ნინოწმინდის რაიონის სოფელ განძაში ვაჰან ტერიანის პოეზიის დღე აღინიშნა. განძაში მეზობელი რეგიონებიდან, თბილისიდან, სომხეთიდან და საზღვარგარეთიდან ჩამოსული ასეულობით სტუმარი, დღის წესრიგის თანახმად, ეწვია ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმთან არსებულ საგამოფენო დარბაზს და განძაში სურბ კარაპეტის ეკლესიაში სომეხთა ეპარქიის სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის გევორგ ასატრიანის მიერ აღვლენილ წმინდა წირვას დაესწრო. წმინდა წირვის შემდეგ ღია ცის ქვეშ გაიმართა კონცერტი, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსმა ლევონ ვარდანიანმა გახსნა. დღესასწაული დამსწრეებს მიულოცა სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ – დავით ვარდიაშვილმა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ეროვნული კულტურული ღონისძიებების მნიშვნელობას მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებასა და განვითარებაში.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის მდივანმა გისანე ჰოვსეფიანმა დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის მილოცვა და კურთხევა გადასცა და ეროვნული სულიერი მემკვიდრეობის ღირსად დარჩენა უსურვა.
ღონისძიების საზეიმო ნაწილის მსვლელობისას სიტყვით გამოვიდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, გაზეთ „ვრასტან“-ის მთავარი რედაქტორი ვან ბაიბურტიანი, სახელმწიფოს, კულტურის და საზოგადო მოღვაწეები საქართველოდან და სომხეთიდან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებისა და საკრებულოების, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლები. სადღესასწაულო სიხარული განძელებსა და ტერიანის პოეზიის მოყვარულებთან ერთად გაიზიარეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ევგენია მარკოსიანმა და “სურბ ეღია მარგარე” საკვირაო სკოლის მასწავლებელმა და ღვაწლმოსილმა პედაგოგმა როზა ზოჰრაბიანმა.