საქართველოს სომეხთა ეპარქიის ოფიციალურმა პირებმა ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალი
ათწლეულები გავიდა, თუმცა საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობა ყოველი წლის 9 აპრილს პატივს მიაგებს 1989 წლის დღევანდელ დღეს თბილისში საბჭოთა ჯარის მიერ მრავალათასიანი მშვიდობიანი მომიტინგის დაშლისას დაცემული მამულიშვილების ხსოვნას. მიტინგის დაშლას 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან უმრავლესობა ქალი.
საქართველოში 9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, საზოგადოებრივი თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის დღედ აღინიშნება.
2021 წლის 9 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და ღირსი მღვდლის ნარეკ ღუშჩიანის წინამძღოლობით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლებმა, კერძოდ, „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორმა ევგენია მარკოსიანმა, ადმინისტრაციულ-ეკონომიკური განყოფილების დირექტორმა კარენ ერიციანმა და სხვებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნას. ეპარქიის ოფიციალურმა პირებმა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მდებარე 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალთან დაღუპულთა სულების სიმშვიდისთვის ილოცეს და ეპარქიის სახელით გვირგვინით შეამკეს მემორიალი.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლების- ღირსი მღვდლის სამველ თოროსიანისა და ღირსი მღვდლის ნარეკ ღუშჩიანის ხელმძღვანელობით და დიაკვანთა დასის მონაწილეობით ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალურ „ხაჩქართან“ დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. სასულიერო დასმა აღავლინა „ჰოგვოც“ ლოცვა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის დაღუპულთა ხსოვნისათვის.