Материалы

ჰოვანეს თუმანიანის 153-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება

2022 წლის 19 თებერვალს, საქართველოს სომხების მიწვევით, თბილისში - ხოჯივანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, თუმანიანის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც მოიცავდა მწერლის ხსოვნისა და მისადმი პატივისცემის გამოხატულების ელემენტებს, როგორც მისი ხსოვნის უკვდავყოფის საშუალებას. პანთეონში იმყოფებოდნენ ბავშვები, ახალგაზრდები და უფროსი თაობის წარმომადგენლები, რომელთა წყალობითაც ადგილზე განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო.

ღონისძიება საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევით „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ (ხელმძღვანელი: გისანე ჰოვსეფიანი) და “ჰაიარტუნ“ (ხელმძღვანელი: ევგენია მარკოსიანი) ცენტრების მიერ მომზადდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სომეხ მწერალთა კავშირი „ვერნატუნი“, თბილისის 103-ე ქართულ-სომხური საჯარო სკოლა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია  „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ (თავმჯდომარე: სამველ მკრტჩიანი).

2

დიდი თუმანიანის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატებმა, სომხური თემის ინტელიგენციამ, საზოგადო და კულტურის მოღვაწეებმა, მთარგმნელებმა, ჟურნალისტებმა და სკოლის მოსწავლეებმა. დამსწრეებმა ყვავილებით შეამკეს ყოველთა სომეხთა პოეტის და ხოჯივანქის პანთეონში დაკრძალული სხვა ღირსეული მამულიშვილების საფლავები.

ღონისძიებაზე საუბარი შეეხო ჰოვანეს თუმანიანის შემოქმედებით სამყაროს და მის საზოგადოებრივი საქმიანობით დატვირთულ ცხოვრების გზას. ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა და დიაკვანმა გევორგ ავეტისიანმა სახალხო მწერლის და პანთეონში დაკრძალული სხვა მამულიშვილების სულების სიმშვიდისათვის პანაშვიდი გადაიხადეს.

თუმანიანის შვილთაშვილმა, ალიონა კოლესნიკოვამ მადლიერება გამოხატა ბაბუის ხსოვნის პატივისცემასა და ტრადიციულ ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, გოჰარ მაზმანიანის წარდგენით ერთმანეთის მიყოლებით სიტყვით გამოვიდნენ „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, ჟურნალისტი სუსანა ხაჩატრიანი და „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურული ცენტრის ხელმძღვანელი, გისანე ჰოვსეფიანი. მათი გამოსვლების  გზავნილი იყო დიდი ლორელის ხსოვნის წმინდად შენახვა და ყოველ წელს თუმანიანის დაბადების დღეზე პანთეონში დაკრძალულთა საფლავებზე საკმევლის კმევა და მათი საფლავების ყვავილებით შემკობა.

და გაიჟღინთა გარემო თუმანიანის ხალხური, პატრიოტული, ფილოსოფიური, დამაფიქრებელი და სომეხი ხალხის ყოფის ამსახველი ნაწარმოებების სულით, რომელიც შეუდარებლად წარმოადგინეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის სომხური ენის შემსწავლელმა (მასწ. თამარა გაბოიანი), საზოგადოებრივი ორგანიზაციის- „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“, ლიტერატურული წრის (მასწ. ლარისა ხაჩატრიანი) და თბილისის 103-ე საჯარო სკოლის (მასწ. გაიანე პეტროსიანი) მოსწავლეებმა. შთამბეჭდავი იყო ლეგენდის „ძაღლი და კატა“ თხრობა „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის (მასწ. აიდა ბაზოიანი)  აღსაზრდელთა მონაწილეობით.

ჰოვანეს თუმანიანის ნაწარმოებებიდან შესრულებული საკუთარი თარგმანები წარმოადგინა პოეტმა მიხაილ ანანოვმა- ქალიშვილთან ერთად, თუმანიანისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსები წაიკითხეს სუსანა ავეტისიანმა და არტემ გრიგორენცმა.

3

დიდი სახალხო მწერლის დაბადების დღის გამორჩეულად აღნიშვნისათვის, ჯერ კიდევ 2008 წელს ცხონებული ლევონ ანანიანის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა წიგნის ჩუქების ულამაზეს ცერემონიას. წიგნის ჩუქების ცერემონია თბილისელ სომეხ საზოგადოებაში  განავრცო უდროოდ გარდაცვლილმა პოეტმა და მთარგმნელმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა. ტრადიციად ქცეული ცერემონია წელსაც პოეტის ქალიშვილებმა - დებმა ბოსტანჯიანებმა გააცოცხლეს, რომლებმაც ღონისძიების დამსწრეებს წიგნები გადასცეს.

ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღეს, პოეტის თბილისის სახლში, ღირსი მღვდლის კირაკოს სიმონიანის მიერ შესრულდა სახლის კურთხევის რიტუალი, რის შემდეგაც სახლმა საიუბილეო დღის პირველი სტუმრები მიიღო.

4

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են