თბილისის და მიმდებარე რეგიონების სომეხმა ბავშვებმა სომხეთის რესპუბლიკის ჰანქავანის „არაგაწ“ ბანაკში დაისვენეს
უკვე რამდენიმე წელია, რაც სომხეთის რეპუბლიკის რეგიონალური მმართველობის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სომეხთა თემის სამცხე-ჯავახეთის და წალკის საერთო ეპარქიის 100 მოზარდი საზაფხულო არდადეგებს სომხეთის რესპუბლიკის ჰანქავანის „არაგაწ“ ბანაკში ატარებს. წელს, უკვე მეორედ მათ რიცხვს დაემატა დედაქალაქ თბილისის და მიმდებარე რეგიონებში მცხოვრები 19 სომეხი ბავშვი. ისინი შერჩეულ იქნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ და რუსთავის სურბ გრიგორ ნარეკაცი ცენტრებიდან, თბილისის N103 და N104 საჯარო სკოლებიდან, მარნეულის და ბოლნისის რაიონებიდან.
ულამაზესი ბუნების მყუდრო კუთხეში მდებარე ბანაკმა, 19 ივნისს, დიდი სიყვარულით და სითბოთი უმასპინძლა და გააერთიანა სხვადასხვა ადგილებიდან ჩამოსული 300 ბავშვი. აქ მათ საზეიმოდ დახვდნენ ბანაკის დირექტორი ანდრანიკ ბაბაიანი, მასწავლებლები და ლიდერები.
მათი მიერ ერთობრივად გაწეული სამსახურის დამსახურებით, ბავშვების დღე სავსე იყო პატრიოტული, ესთეტიკური, ქრისტიანული აღზრდითი გაკვეთილებით, ინტელექტუალური, სპორტული, კულტურული ღონისძიებებით, სახალისო თამაშებით და შეჯიბრებით.
ბანაკში ყოფნის დროს, ბავშვებს ესტუმრა „ჰაიარტუნ“ ცენტრის სასულიერო მსახური, მღვდელი ტათევ მარუქიანი, რომელმაც აკურთხა ბანაკის ბავშვები და მათ სიხარული მიანიჭა.
ბავშვებმა ბანაკში 20 დღე გაატარეს, 8 ივლისამდე. ბანაკის მონაწილეების დამშვიდობება გულის ამაჩუყებელი იყო. რთული იყო ახლო მეგობრებისგან და „არაგაწისგან“ განშორება, რომელმაც მათ განუმეორებელი არდადეგები, დაუვიწყარი ემოციები და ახალი ცოდნა აჩუქა.
შეგახსენებთ, რომ თბილისიდან და მიმდებარე რეგიონებიდან ბავშვების ბანაკში დასვენების პროცესს ორგანიზება უწევდა „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელი, ევგენია მარკოსიანი, იგი პირადად უძღვებოდა ბავშვებს გამგზავრებისას და დაბრუნებისას.
საქართველოს სომეხთა ეპარქია მადლობას უხდის სომხეთის რესპუბლიკის რეგიონალური მმართველობის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ჰანქავანის „არაგაწ“ ბანაკის დირექციას, ბავშვების საზაფხულო არდადეგების უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის და საბანაკო ცხოვრების მხიარულად და საინტერესოდ ჩატარებისთვის.