Материалы

საქართველოს სომხურ ეპარქიაში შობისა და ნათლისღების დღესასწაული აღინიშნა

2020 წლის 6 იანვარს სომხურმა სამოციქულო წმინდა ეკლესიამ აღნიშნა შობა და ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. საქართველოს სომხური ეპარქიის ყველა ეკლესიაში პირველი საუფლო დღესასწაული წმინდა წირვით აღინიშნა. მორწმუნეები ოჯახებით, მაღალი სადღესასწაულო განწყობით სომხურ ეკლესიაში წირვაზე დასასწრებად დილიდანვე მიიჩქაროდნენ.

1სომხური ეკლესიის დღესასწაულის მიმართ თავიანთი ვიზიტით პატივისცემა გამოხატეს და თბილისის სურბ გევორგის (წმინდა გიორგის) საკათედრო ტაძარს ეწვიენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები რუსლან პოღოსიანი, დავით ჭიჭინაძე, სერგო რატიანი, ხატია დეკანოიძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს რელიგიური საკითხებით სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე, სახალხო დამცველის კაბინეტის წარმომადგენელი იზაბელა ოსიპოვა, პარტია „ერთიანი ეროვნული მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი, პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, სახალხო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, საზოგადოების წევრები, მორწმუნეები. საქართველოს სომეხ მორწმუნეებს ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაული მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

2შობისა და ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის სურბ გევორგის (წმინდა გიორგის) საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა საქართველოს სომხური ეპარქიის საწინამძღვროს ნაცვალმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა. წირვის დროს წმინდა მამამ დამსწრე საზოგადოებას ქრისტეშობა მიულოცა.

წირვისას საქართველოს სომხური ეპარქიის საწინამძღვროს ნაცვალმა წაიკითხა ყოველთა სომეხთა კათალიკოსის, მისი ყოვლად უწმიდესობის გარეგინ მეორის ეპისტოლე შობისა და ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით. ეკლესია ყრმა იესოს შობისა და ნათლისღების სიხარულმა მოიცვა.

წირვის დასასრულს წმინდა მამამ ისაუბრა ისტორიულად ერთმორწმუნე ხალხთა ურთიერთობებზე, სომხური და ქართული ეკლესიების მეგობრობაზე, გაითვალისწინა, რომ ამ ღამით ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ქრისტეშობის დღესასწაულს, საქართველოს სომეხი მორწმუნეებისა და სასულიერო დასის სახელით მიულოცა ქართული ეკლესიის მორწმუნეებსა და სასულიერო პირებს ეს დიდი ქრისტიანული დღესასწაული. სომეხ მორწმუნეებს წმინდა დღესასწაული მიულოცა ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და მიიწვია ისინი ქართული ეკლესიის ქრისტეშობის დღესასწაულზე მონაწილეობის მისაღებად.

შობისა და ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა აღავლინეს და წყლის კურთხევის რიტუალი ჩაატარეს თბილისის წმინდა ეჩმიაძინის, ახალციხის წმ. გრიგოლ განმანათლებლის, ახლაქალაქის წმინდა ჯვრის, ნინოწმინდის წმინდა სარგისის სახელობის ეკლესიებსა და მიმდებარე სოფლებში, ქვემო ქართლის, რუსთავის, მარნეულის რაიონების სხვადასხვა სოფლის ტაძრებში.

3ბათუმის წმინდა მაცხოვრის ეკლესიას ესტუმრნენ და მორწმუნეებს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველობის თავმჯომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და სხვებმა.

მისი ყოვლადუსამღვდელოესობა კირაკოს არქიმანდრიტის მიერ სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში წირვის ბოლოს ჩატარდა წყლის კურთხევის წესი და ეკლესიის ჯვრის ნათლია გახდა იური ერემიანი. წყალი ყველგან წმინდათაწმინდა მირონით აკურთხეს, თბილისის წმინდა ეჩმიაძინის ეკლესიის ჯვრის ნათლია გახდა ხაჩიკ ფაფახჩიანი, ბათუმის წმ. მაცხოვრის ეკლესიის ნათლია კი – მინას საფრიჩიანი.

წირვის დასრულების შემდეგ ყველა ტაძარში გაუმასპინძლდნენ სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას.

საქართველოს სომხურ ეპარქიაში ქრისტეშობის დღესასწაულის აღნიშვნა ფართოდ გაშუქდა სხვადასხვა ქართული საინფორმაციო საშუალებების მიერ.

4

სურბ გევორგ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են