ჯვართამაღლების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ხუთ ძირითად დღესასწაულთაგან უკანასკნელი- ჯვართამაღლება, რომელიც მოძრავი დღესასწაულია, 2020 წელს, 13 სექტემბერს აღინიშნა.
დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში წმინდა წირვა აღევლინა.
თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში მწირველი მღვდელი გახლდათ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი.
სომეხთა ეკლესიის წმიდა დღესასწაულს ესწრებოდნენ, საპატიო სტუმრები, საქართველოს პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, საქართველოს პრემიერის მრჩეველი კახი კახიშვილი, თბილისის ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, წინამძღვრის ნაცვლის მრჩეველი არმენ გევორგიანი, თბილისელი სომეხი საზოგადოების წარმომადგენლები, ინტელიგენცია, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, მრავალრიცხოვანი მრევლი.
წმინდა ლიტურგიის მსვლელობისას, ეპარქიის წინამძღვარმა დღის საიდუმლოზე იქადაგა, მორწმუნეებს ესაუბრა ტყვეობიდან უფლისათვის ჯვრის დაბრუნებასა და გოლგოთაზე მის ამაღლებაზე, საიდანაც დღესასწაულს „ჯვართამაღლება“-ს (სომხ. „ხაჩვერაც“) ან „სბხეჩ“-ს უწოდებენ. წინამძღვარმა ასევე ისაუბრა ჯვრის მნიშვნელობასა და მის ძალაზე. მან მრევლს რწმენაში განმტკიცების, ქრისტიანული მცნებების დაცვის, საეკლესიო და საერო დღესასწაულების თაობებისათვის გადაცემის, უფლის სახლთან მყარი კავშირის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
წმიდა წირვის დასასრულს ტაძრის ეზოში გამასპინძლება გაიმართა.
იმავე დღეს ეპარქიის ეკლესიებში, საღამოს ღვთისმსახურების დასასრულს, ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ჯვართამაღლების (ხაჩვერაცის) მსვლელობის წესი შესრულდა, იკურთხა დღის სიმბოლო- რეჰანი და ხალხს დაურიგდა.
ჯვართამაღლების (ხაჩვერაცის) დღესასწაული საღმრთო ლიტურგიითა და საზეიმოდ აღინიშნა სამცხე-ჯავახეთის რაიონის ახალქალაქის, ნინოწმინდის, ახალციხის, ბათუმის, ქვემო ქართლის რაიონის მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის რაიონებისა და სოფლების სომხურ ეკლესიებსა და რუსთავის სასულიერო ცენტრში.