საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის მორიგი ვიზიტი ჯავახეთში
2020 წლის 23-24 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი წინამძღვრული ვიზიტით სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატში იმყოფებოდა.
ახალქალაქის ეპარქიალური ვიკარიატის რეზიდენციაში ეპარქიის წინამძღვარს შეხვედრები ჰქონდა ადგილობრივ სასულიერო დასთან, რომლის დროსაც განიხილეს ადგილზე არსებული პრობლემები.
არქიმანდრიტი კირაკოსი დაინტერესდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ეკლესიებისა და ტაძრების აღდგენისა და მშენებლობის საკითხებით, გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობას და გასცა საჭირო მითითებები.
ამის შემდეგ წინამძღვრის ნაცვალი, ღირს მღვდელ ნარეკ ტიგრანიანთან ერთად ეწვია სოფ. გომანს, გაეცნო მე-19 საუკუნის „სურბ გრიგორ ლუსავორჩ“ ეკლესიის ამჟამინდელ მდგომარეობას და საჭირო მითითებები გასცა შემდგომი სამუშაოების ეკლესიის წესების შესაბამისად განსახორციელებლად.
ჯავახეთში ვიზიტის მეორე დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საკუთარ რეზიდენციაში მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი. შეხვედრისას სულიერმა წინამძღვრებმა განიხილეს ორი ქრისტიანული ეკლესიის თანამშრომლობის საკითხები, რომელსაც საფუძვლად უნდა დაედოს ერთმანეთის ღირებულებების დაფასება და ურთიერთპატივისცემა, ორი ეკლესიის წინსვლა და განვითარება. ორივე სულიერი წინამძღვარი შეეხო ხალხის რწმენასთან დაახლოვების, რეგიონის ეკლესიების აღდგენა- რესტავრაციის, განახლებისა და ახალი ეკლესიების აშენებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა არქიმანდრიტი კირაკოსი მიიწვია მის მიერ დაარსებულ წმინდანთა მუზეუმში, წარუდგინა მუზეუმში დაბრძანებული წმინდანთა ხატები, სხვადასხვა ხელნაწერი, მოუყვა მათ შესახებ ჩატარებულ საკუთარ კვლევებზე. არქიმანდრიტმა კირაკოსმა ქრისტიანული სარწმუნოებისათვის გაწეული საქმიანობის გამო მიტროპოლიტს მადლობა გადაუხადა.
24 სექტემბერს, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი დაბრუნდა თბილისში.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალს ჯავახეთში ვიზიტისას თან ახლდა ეპარქიის ადმინისტრაციულ-ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი კარენ ერიციანი.