Материалы

ვიქტორ ჰოვსეფიანის წიგნის- „დიალოგი ლირიკის ენით“ პრეზენტაცია

2020 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურულ ცენტრში ვიქტორ ჰოვსეფიანის წიგნის- „დიალოგი ლირიკის ენით“ ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ორენოვანია, რომელშიც შესულია ვიქტორ ჰოვსეფიანის შემოქმედებიდან ცნობილი პოეტ-მთარგმნელების, მაყვალა გონაშვილისა და გივი შაჰნაზარის მიერ ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანები. ნაადრევად გარდაცვლილი პოეტის შემოქმედებით სულისათვის დამახასიათებელი იყო ღრმა ფილოსოფიური თხრობა. მასვე ეკუთვნის სომეხი მკითხველისათვის ნაკლებად ცნობილი ქართველი პოეტის, ტერენტი გრანელის ნამუშევრების სომხურენოვანი თარგმანები, რომელიც სიცოცხლეშივე დიდი ოსტატობით შეასრულა. ამდენად, მისასალმებელია ახალ წიგნში ამ თარგმანების შეტანა.

წიგნის გამოცემა მოხდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული კულტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სომხურ-ქართული ლიტერატურული კავშირების გაღრმავების მიზანმიმართული პროექტის საფუძველზე.

ღონისძიებას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა. წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ასევე ვიკტორ ჰოვსეფიანის ქვრივი- ქალბატონი თერეზა ჰოვსეფიანი და ტერენტი გრანელის შვილიშვილი- მამანტი როგავა.

მიუხედავად ბოლო დღეებში არცახისა და აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ მიმდინარე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებებისა, ამ წიგნის პრეზენტაცია ახალშობილის დაბადების მსგავსად მშვიდობიანი ცხოვრების შეუქცევადობის იდეას ატარებდა.

პრეზენტაცია გახდა ცოცხალი დამაკავშირებელი ხიდი ნიჭიერი პოეტის მშობლიური სოფლის, ეშტიის ვიქტორ ჰოვსეფიანის სახელობის N1 სკოლასთან. სკოლის დირექტორის ნანე ჰოვსეფიანის ხელმძღვანელობით, უფროსი კლასის მოსწავლეებმა სკაიპის საშუალებით წაიკითხეს ნაწყვეტები წიგნიდან, კვლავ დაუბრუნდნენ ვიქტორ ჰოვსეფიანის შემოქმედებით სამყაროს და ასევე გაეცნენ მათთვის ნაკლებად ცნობილი ქართველი პოეტის, ტერენტი გრანელის შემოქმედებითი სამყაროს მშვენიერებას.

საქართველოს კულტურის სამინისტროს ეროვნული პროექტების კოორდინატორმა ალექსანდრე გრიგალაშვილმა, ვისი ინიციატივითაც მოხდა ამ წიგნის გამოცემა, საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ვიქტორ ჰოვსეფიანის და ტერენტი გრანელის ასევე სხვათა შემოქმედებაში სომხური და ქართული ლიტერატურული შინაგანი კავშირის, ღრმა სათქმელის, ორივე ხალხისათვის მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და ახალგაზრდა თაობისათვის გასაცნობად მსგავსი ღონისძიებების ჩატარება უნდა ატარებდეს მრავალჯერად ხასიათის, რადგან წარმოუდგენელია საქართველო ცხოვრება სომხური კულტურის წვლილის გარეშე, სომხური კულტურა კი- ქართული კვალის გარეშე.

თავიანთ გამოსვლებში, საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა, ბაღათერ არაბულმა, თბილისის დიდუბის პანთეონის დირექტორმა ბადრი ქუთათელაძემ, საქართველოს მწერალთა კავშირის პრეს მდივანმა მანანა გორგიშვილმა, ისაუბრეს იმ გარემოებაზე, რომ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა დიდი სომეხი კლასიკოსის, ჰოვანეს თუმანიანის სახლში, ხაზი გაუსვეს სომეხი და ქართველი ხალხის საუკუნოვან მეგობრობას, რომელსაც ანალოგი არ აქვს, და აღნიშნეს ამ მეგობრობის განვითარებასა და გაღრმავებაში სომეხი და ქართველი მწერლების დიდი როლი. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ასევე სახელგანთქმული პოეტების შემოქმედებითი სამყაროს ფართო გონებრივ თვალსაწიერს.

ვიქტორ ჰოვსეფიანის შემოქმედებიდან სომხურ და ქართულ ენებზე ნაწყვეტები წაიკითხეს პროფესორმა ემა ახტიანმა და ღვაწლმოსილმა პედაგოგმა როზა ზორაბიანმა. ღონისძიება მიჰყავდათ „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის დირექტორს, გისანე ჰოვსეფიანს და ცენტრის გიდს- გოჰარ მაზმანიანს.

ცენტრის დარბაზში, ახალგაზრდა მხატვრის ივანე კეზუას ინიციატივით, გამოფენილი იყო ექსპონატები ვიქტორ ჰოვსეფიანის სახლ-მუზეუმიდან და ტერენტი გრანელის ქართველ პატივსაცემ პიროვნებებთან გადაღებული ფოტოები.

თუმანიანის სახლი

  • Created on .
  • Hits: 47

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
+995322754111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.