Материалы

სურბ სარგისის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში

2021 წლის 30 იანვარს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმინდა ეკლესიამ სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის- მარტიროსისა და 14 ჯარისკაცის ხსენების დღე აღნიშნა. ამჟამინდელი პანდემიის, გეოპოლიტიკური და სოციალური პრობლემების შედეგად მართალია იცვლება სასულიერო და სახალხო დღესასწაულების აღნიშვნის ფორმატი, მაგრამ ნარჩუნდება დღესასწაულის არსი და ზეიმის მნიშვნელობა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში, კერძოდ, თბილისში, სურბ სარგისის დღესასწაული სათანადოდ აღინიშნა. მიუხედავად საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობისა, მორწმუნეებმა თავიანთი გულის წადილი აიხდინეს და დღესასწაული 1883 წელს აშენებული წმინდანის სახელობის სამლოცველოსკენ ტრადიციული მსვლელობით აღნიშნეს.

დღესასწაულის წინა დღეს, 2021 წლის 29 იანვარს, ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში შეკრებილი მრევლი, სასულიერო დასის ლოცვა-კურთხევით ღირს მღვდელ, ჰუსიკ ჰარუთუნიანთან, ღირს მღვდლის ტათევ მარუქიანთან, სასულიერო მსახურებსა და დიაკვნებთან ერთად სურბ სარგისის ხატებითა და ბაირაღებით, გალობებითა და ლოცვით გაემართა ხარფუხის რაიონში მდებარე „სურბ სარგის“ სამლოცველოსკენ. მსვლელობის მონაწილეები შეჩერდნენ და ილოცეს ავლაბრის ცენტრში მდებარე „შამქორეცოც კარმირ ავეტარან“ უმოქმედო ეკლესიის ნანგრევებთან.

ყველა მომლოცველი რიგრიგობით მივიდა სურბ სარგის სამლოცველსთან, სანთელი დაანთო და აღთქმის დიდი სურვილით ილოცა. ამ დროს სასულიერო მსახურთა მონაწილეობით სრულდებოდა გალობები, რომელსაც შემდეგ აყვნენ მსვლელობის მონაწილეებიც. აღთქმის შესრულების შემდეგ, მომლოცველები მივიდნენ „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში და შეუერთდნენ იქ მყოფ მორწმუნეებს.

144461061 3736927906423994 1329335793291779502 O

ხალხმრავალი იყო „სურბ გევორგ“ ეკლესია და ეკლესიის ეზო. წინასადღესასწაულო საღამოს ღვთისმსახურება აღევლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის და საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქვემო ქართლის რეგიონის სომხური თემის სულიერი ინსპექტორის, არქიმანდრიტ ზავენ იაზიჩიანის წინამძღოლობით და სასულიერო და დიაკვანთა დასის მონაწილეობით.

ღირსი მამამ, არქიმანდრიტმა კირაკოსმა დალოცა დამსწრეები, იქადაგა დღის მნიშვნელობაზე- სურბ სარგის მხედართმთავრის ქრისტიანობისთვის თავგანწირვაზე. წმინდა მამამ ისაუბრა ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს მიერ სურბ სარგის მხედართმთავრის დღესასწაულის ახალგაზრდების კურთხევის დღედ გამოცხადების შესახებ, შეასრულა ახალგაზრდების კურთხევის წესი და მათ სურვილების ასრულება უსურვა.

სურბ სარგისის დღესასწაულის აღნიშვნა მიღებულია არა მხოლოდ საეკლესიო წესითა და ლოცვებით არამედ ხალხური წეს-ჩვეულებებითაც. წინასადღესასწაულო ცერემონიალის დასასრულს ახალგაზრდებმა მიიღეს ნაკურთხი მარილიანი კვერები, რომელსაც თავიანთი სიზმრების ასრულებას უკავშირებენ.

30 იანვარს, დღესასწაულის დღეს, თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტ ზავენ იაზიჩიანის მიერ აღევლინა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია.

საღმრთო ლიტურგიის მიმდონარეობისას მწირველმა მღვდელმა იქადაგა დღის მნიშვნელობაზე- ქრისტიანული რწმენისათვის მოწამეობრივად დაღუპულებზე. მღვდელმა ქედი მოიხარა ასევე არცახის ომში დაღუპული ათასობით გმირი ახალგაზრდის ხსოვნის წინაშე. არქიმანდრიტმა ზავენმა დამსწრეებს მოუწოდა იყვნენ თავდადებულნი, უყვარდეთ სამშობლო, უერთგულონ რწმენას და იცხოვრონ სიყვარულით. მან თავისი სიტყვა დაასრულა მილოცვით, რომლითაც ყველა სარგისს მათი სახელობის დღესასწაული მიულოცა და სურბ სარგის მფარველის კურთხევით ახალგაზრდებს ბედნიერება და სურვილების ასრულება უსურვა.

სურბ სარგისის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში აღინიშნა სადღესასწაულო წირვა-ლოცვით, წმინდანის სახელობის სამლოცველოებში მომლოცველობით, ახალგაზრდების კურთხევის წესითა და ხალხური წეს-ჩვეულებების დაცვით- ახალგაზრდული ცენტრების აღსაზრდელთა მიერ მომზადებული მარილიანი კვერების დარიგებით.

143598736 3736927933090658 7147969065226984698 O

სურბ გევორგ, სურბ ეჯმიაწინ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են